
_ჩვენ მალე მოვკვდებით?
_არა.
_კარგი... პონი მოკლეს?
_არა.
_სძინავს?
_ჰო.
_ფილმი რომ დამთავრდება, დავიძინებ?
_ჰო.
_შენ დამაძინებ?
_ჰო.
_რას დამასიზმრებ?
_ხეებს.
_მერე?
_ერთად ვიდგებით.
_ქარი არ იქნება?
_იქნება ქარიც...
_რა უნდა ვქნათ?
_მე ტოტებს შენკენ გადმოვხრი.
_ჩიტები სად არიან?
_სამხრეთში.
_ფეხები არ აქვთ?
_სამხრეთელ ჩიტებს არ აქვთ ფეხები.
_ხომ მოვლენ?
_მოვლენ...
_თმას თივის სუნი ექნება?
_არა, ბალახის.
_დარიჩინიან ჩაის ვეღარ დავლევთ?
_კი, როცა გაგეღვიძება.
_საბა არ მოვა?
_მოვა.
_რას მოგვიტანს?
_მუხის მაგიდას და თეთრ ხელთათმანებს მოიტანს შენთვის.
_რატომ?
_რომ დაუკრა.
_თქვენ მომისმენთ?
_მე ვიმღერებ, საბა უკანა კარში გაქრება.
_რომ დარჩეს?
_გაცივდები.
_შენ ცოცხალი ხარ?
_მეც მკვდარი ვარ, უბრალოდ მე უფრო გვიან მოვკვდი.
_შენც წახვალ?
_ხანდახან მოვალ.
_დამპალი იასამნის სუნი აქვთო მკვდრებს.
_ვინ გითხრა?
_მებალზამე ქალმა.
_მოგატყუა.
_არა, თვალები დახუჭა, როცა მითხრა.
_მისუნე.
_საბავშვო საპნის სუნი გაქვს.
_ჰო.
_შენ რომ მოგინდება, მაშინ რომ მოდიხარ, მე რომ მომინდები, ვისთან მივიდე?
_შენ რომ გინდა, მაშინ მოვდივარ, უბრალოდ არ იცი. როცა გინდა და იცი, შენ იცი. როცა გინდა და არ იცი - მე ვხვდები.
_შენი ძაღლი მოკვდა.
_ვიცი.
_შენ ხომ გიყვარდა.
_ახლაც მიყვარს.
_რატომ არ ეწევი?
_ფილტვები არ მაქვს.
_არ გინდა გქონდეს?
_არა, ნისლი ხომ არის...
_ის წითელი ოთახი გახსოვს?
_ფარდა იყო წითელი.
_და დღე შემოდიოდა?
_ჰო, შენ კლავდი დღეებს.
_როგორ?
_წითელ ფარდებს კიდებდი ფანჯრებზე.
_წყალი ხომ იდგა ჭიქით...
_აბებიც ეყარა რაფაზე.
_ვინ ჩააწვინა ლოგინში მკვდარი ბატკნები?
_დღემ.
_როდის?
_როცა დაღამდა.
_მე სად ვიყავი?
_გეძინა.
_ანუ, როცა პონი მოკლეს?
_ პონი არ მომკვდარა.
_სძინავს?
_ჰო.
_როდის გაიღვიძებს?
_როცა შენ...














