Pages

June 18, 2013

რომ იცოდე, როგორ გამიჭირდა.
ჩუმად გაზიდეს ყველაფერი. არ ვიცი, ბევრნი იყვნენ თუ ერთმა იტვირთა. 
ყველა შემთხვევაში, ვინმემ ოდესმე ჩემ ნაცვლად რომ მოსთხოვოს უკან დაბრუნება, რა უნდა ქნას. როგორ მოითვალოს მთელი ჩემი გაფუჭებული ბიოგრაფია.
ვინ გაისწოროს საყელო და დადგეს ქარში რკინის მხრებით.
უნდა იმღერო, მეგობარო, მაინც უნდა იღიღინო. რამდენიმე სიტყვა ამოათრიე და გადაარჩინე.
შენ რომ ამბობდი, ვეღარ თენდებაო, ჩემი დღეები სადღაც იქ არიან ახლა.
წაიკითხე რა ეს წერილი, რამე მომწერე.
უნდა მომწერო, მეგობარო, უნდა მომწერო!
ახლა შენ სხვა პასუხები მოგეთხოვება. არა ნუგეში, სხვა, უფრო კონკრეტული.
შენ უკეთ იცი.........


June 10, 2013

ისწავლე ჭერი. კედელი ისწავლე. სახელურები დაიმახსოვრე, სანამ მე მოვალ.
ინკასატორმა მოიტანა ქაღალდი, სადაც წერია, რამდენი დღე ვიცხოვრეთ სიბნელეში.
რამდენი წელი.
რამდენი ცხოვრება.
შეკითხვა მაქვს. კითხვა მაქვს.
არაფერი.
რატომ ხუჭავ თვალებს, როცა გელაპარაკები?
რას მეუბენბი, როცა ქარია. როცა ხეები ავად არიან.
აქედან დავიწყოთ.
მე ვდებ პირობას, რომ არასდროს დამავიწყდება სისხლის გემო.
მე გპირდები, რომ ყველაზე შორს წავიღებ წითელ ფერს.
შენ ყოველთვის ახლოს იყავი. შენ მანძილებს მიაქციე ყურადღება.
და ყველა, ვისაც ჩვენი არ ესმის, ჩემი, შენი ვისაც არ ესმის, - 

მოკალი!
მოკალი!
მოკალი!

June 4, 2013

გავხდიო საბამ.
მუცელში მატლები ჩამიძვრა და ვიტანჯებიო.
წყალი დამალევინეო.
გაზაფხულზე წვიმები იცის-მეთქი.
თავზე ბალახი ამომივიდა და საკანცელარიო დანით გადავიფხიკეო ქალა.
მიწას აზანზარებს ჩემი ტკივილები და მეშინია თავზე არ ჩამოგექცესო უსახლკარობა.
მაინც ვერ ვცხოვრობ-მეთქი.
ძვლებში რკინის კაუჭების გაყრა სად ისწავლესო, ეს მართლაც ადამიანებიო!..
ჩემს თავთან რომ გაბზარული ჭიქა დგას, სახლში წაიღეო. ღამით ვიღაც ნამსხვრევებად აქცევს ხოლმე და იმით თვალებს  მისრესსო.
დილით ჭიქა ისევ მთელია და შენ რას მიხვდებიო.
საშიშიაო ღამე აქ ყოფნა. 
მკვდარი ქალები სველ სუდარებს დაათრევენ და სულისშემძვრელად გმინავენო.
ერთს რომ მოვიწვენ გვერდით, მეორე ზურგზე მკბენსო.
ყველანი იკბინებიან, განსაკუთრებით, ვინც დამარხეს და მერე მოკვდაო.
გაღვიძებდი-მეთქი. ჩარაზულ თვალებში ჩაგძახოდი, რომ ჩემი აქ მარტო დატოვება არ შეიძლებოდა.
მერე აღარაფერი უთქვამს.