Pages

April 1, 2011

თვალები დავხუჭე, მაგრად დავხუჭე, როგორც ბავშვმა, რომელიც უნდა აცრან.
მერე კედელში გაჩნდა რბილი ღრუ და...
არ დამილევია აბები. მართლა რბილი იყო ღრუ. გავცურე შენკენ, ანუ მარცხნივ.
ფარდები ეკიდა წყლის. დაწმენდილი ტბის ანათალი.
ჩაი ნაზამთრალი ჟოლოს მარცვლებით. როგორც შემოდგომის მინდვრებზე დარბიან ბავშვები წითელი ბუშტებით, აი, ზუსტად ისე ტივტივებდნენ ჟოლოს მარცვლები ჩაიში.
შენ იცი, როგორ ვერ ვიტან, როცა ფინჯანში კოვზი არ დევს.
სად არის კოვზი?
შენ... ბე, შენ არ იცი, რა გჭირს?
მოდი, ჩაი დალიე და შეხედე პაწაწინა ბურთებს, შიგ რომ ირევიან.
ბროწეულის წვენი? მე რომ მიყვარდა, ოღონდ სქელი და მჟავე.
არ გახსენებს? სულ არაფერს?
მიხვდი, რა გჭირს?
გაწვენ. ყველაფერი კირშია, ყველაფერს რძე სდის. ახლა შენთვის სუნთქვა არ შეიძლება, არც თვალების გახელა.
გივლი. მე ყოველდღე მომაქვს შენთან სურის ფოთლები, ტოტები დაკოჟრილი, ჭუპრიანი... ფითრი მომაქვს, ჰორტენზიების გამხმარი ყუნწი, უყვავილებო.
ზეწარზე მზეებს გიხატავ, უამრავს, თვალებიანს, ლოყებიანს. აი, ამდენი მზე შენ, რომ ეს ჩვენი უზარმაზარი, ერთი და მდუღარე არ შეგეხარბოს.
წვიმას გარიდებ, რას არ გაფარებ, რომ ნესტოებში არ ჩაგიდგეს, ფილტვები არ დაგიტბოროს.
იძინე მშვიდად, ბე.
ახლა შენთვის სიცოცხლე არ შეიძლება.

No comments:

Post a Comment