Pages

November 30, 2010


ნამგზავრი იყო. ნაფრენი. დაღლილი.
რაღაცას ებრძოდა. შიგნით.
გარეთ წვიმდა. – ცუდად.
სიგარეტი ამოიღო. არ მოწია. ისევ ჯიბეში ჩაიდო.
ადგა.
წყალი მოიტანა, ჭიქით. ტუჩზე მომადო.
ჯერ მე მოვსვი. მერე მან.
ჭიქა იატაკზე დადგა.
ჭერს ახედა.
საფეთქელთან ძარღვი გამოებერა.
ხელი მივადე, შუბლზე.
თავი გადაწია. მაკოცა. წვიმდა.
კეფაში რაღაც თბილი ჩამეღვარა.
_იცი? დობერნში ღამით ბნელა. – თავისთვის თქვა.
_აქაც! – ვუპასუხე.
_არა! – ხმა გამაგრდა, გაცივდა.
ადგა. ფანჯარასთან მივიდა. კედელს გაჰყვა.
სავარძელში ჩაეშვა. მოწყდა. ხელები გადმოკიდა.
_ წვიმს. – ჩემთვის ვთქვი.
_ დილით რადიოში? – იცოდა.
_ ჰო. – ვუპასუხე.
_ რომელზე? – იცოდა.
_ რვაზე. – ისე ვთქვი.
_ მე წაგიყვან. – ვიცოდი.
_ ვიცი. – გავუღიმე.
პირი მიშრებოდა. სიტყვებს ხმელი ნაფოტებივით ვყრიდი. კეფაში ისევ მეღვრებოდა რაღაც თბილი, სქელი.
მივედი. წინ დავუდექი.
ჩაიწია. მივწექი, მასავით. მივეკარი.
_ ბე... – ძალა მელეოდა.
_ ჰო... – დამადევნა.
_ის ლექსი მითხარი. სპარსული. ვიღაცის როა.
გაეღიმა. გავიგონე.
"ოიაა მიზანად ბე ბიროჰე,
აზიიზამ,
ჰოლამ აზ ჰავოე თუ აბრისთ"...
ტყდებოდა ხმა. ახლოს ყურთან. თბილად სუნთქავდა.
"ვალიი ბე დუნე თუ ბოორან,
ხაბ ერანგინ ქემან ნემიფინენდ"...
წვიმდა. აღარ შემეძლო ბედნიერება.
"ნესიმ ინჯო ბე თუ ოდთ დორად,
ნეხოო ქი ბეროია ჰარ ფარვონე"...
თმაზე ხელი ცამომისვა. ვუყვარდი.
მის მუხლებს ვუყურებდი, რელსებივით გრძელდებოდნენ, ბოლო ვერ ვუპოვე სიბნელეში.
შუბლს მისველებდა. მერე თავი გადაწია.
ხელით სახე შემოვუბრუნე. შუბლით პირზე მივეწებე.
მხარზე მიჭერდა. კბილებს აჭერდა ერთმანეთს. უჭირდა.
რაღაც თბილი ეცვა, ოღონდ თხელი. ნაცრისფერი.
მახსოვდა.
ყურთან რაღაცას მიჩურჩულებდა. ვეღარ ვარჩევდი სიტყვებს. თითქოს ქაღალდის კოლოფებს ხსნიდა, ისე ჩურჩულებდა.
ძილის რბილკედლებიან გვირაბებში მივიპარებოდი და ის მარტო მრჩებოდა. მარტო, ჩემს თავთან.
მაინც მენანებოდა.
რაღაცას ებრძოდა. შიგნით.
გარეთ წვიმდა.

November 28, 2010

წუხელ რაღაც აფეთქდა, სამწუხაროდ, შორს ისედაც მგონია, რომ დანაღმულ ქალაქში დავდივარ და სადაცაა მორკალულ მავთულს დავადგამ ფეხს და ჰააპ! და აღარ ვარ! მაგგგარია!
ცუდად ხარ თურმე, ვიცოდი, რაღაცნაირად... უნდა იყო! შენც! მენაღვლები, მოვკვდე! ხვალ რომ ადრე გავალ გარეთ და ცივი ჰაერი ფილტვებს დამიჩხვლიტავს, ისევ ვიგრძნობ იმ რაღაც ჯანდაბას, ყველაზე მარტო და ძალიან უშენო რომ მეგონება თავი და ჩავივლით ასე მე და დღე.
ძალიან ადვილია ბედნიერება, ეს ხანდახან: იღრიჯები, იკრიჭები, ღლიცინებ და ცანცარებ, საღამომდე რადიოში, რადიოდან მეგობართან, მეგობრიდან ქუჩაში, ტრანსპორტშიც, მაგრამ სახლი? ოთახში შესვლისთანავე რაღაც უზარმაზარი დაგაწვება მხრებზე, თითქოს შენს შემოსვლას ელოდებოდა და მოგეკიდა, ჩაგებღაუჭა, მიგეტმასნა ზურგზე.

ტორშერი მუქ წითლად ღებავდეს ოთახს, ნერვიულად ვიხვევდე თმას თითით კეფასთან თუ პერანგის სახელოებს ვიგრძელებდე მუხლამდე, მითხარი, როგორ ვიყო. და ჩვენი ოთახის მეწამული კედლები საკუთარი სხეულების გარდა გვიჩვენებენ დამატებით რკალებს, ციფრებს, სხვადასხვა ზომის შტრიხებს. ჩვენ რომ გავინაწილეთ მარტოობა და მერე ჩვენც ორად გავიყავით და წავედით ქალაქის სხვადასხვე მხარეს. მე მოვაშურე ჩვენს ძველ სახლს, თითქოს შენს ჯერ კიდევ თბილ ტანსაცმელში შევიყუჟე, რომელმაც თანდათან დაკარგა როგორც სითბო, ისე სველი მიწის სუნი. და ჩვენი სახლი უზარმაზარი ფანჯრებით და კირით, რომელიც გამუდმებით სცვივა კედლებს, მაკრავს გარს და პასუხს მთხოვს როგორ გამოვშიგნეთ! როცა შემოდგომით ხეები თავიანთ დაკრუნჩხულ ტოტებს ყოფდნენ ფანჯრებში და ყრიდნენ მკვდარ ჩიტებს.
და მე ნაბიჯიდან ნაბიჯამდე, აბზაციდან აბზაცში ვიცვლები, სხვადასხვა სახის და გამომეტყველების საკუთარ თავებს ენას ვუყოფ რომელიღაც მე და გავრბივარ ისევ ქუჩაში ექვსი წლის
წინ ბექას ნაყიდი შარვლით, ამდენივე წლის წინ ნანატრი ფეხსაცმელებით, რომელიც ახლახან მაჩუქა ნათიამ და რომელსაც ვეღარ ვიტან და ნათიასვე ნაჩუქარი ვისოცკის კრებულით, ზედგამოჭრილი ზომის, ჩემი ცარიელი ჯიბისთვის।მუსიკა  კი ნერვებისმომშლელად შიშინებს: "I want suffer this for you"...

October 15, 2010

http://www.youtube.com/watch?v=i8tVcgxh990
---
ჰოდა შენი დაბადების დღეა დღეს, ოღონდ "იქაური." ჰოდა გაწვიმდა. შენი ძაღლი მოკვდა. მე ფანქრები დამრჩა შენსას. ყველგან სიკვდილია, ლოკოკინებივით ვაბიჯებ ნაწვიმარ გზაზე და ვამტვრევ ნიჟარებს. ჰოდა ძნელია ასე, შენც იცი. და რომ მოვიდე ახლა და სადღაც თავთან გადაგეფარო, წყალი არ ჩამოვა შენამდე? ვერ? ნესტოებში არ ჩაგიგუბდება წვიმა? ისუნთქებ? ჩემთვის. იცი რა, ბე? მჯობიხარ! შენ არ იცი, რომ მკვდარი ხარ, შენ არაფერი იცი, მე კი ვიცი, რომ არ ვარსებობ, მკვდარი, რომელმაც იცის, რომ მკვდარია. ფუ, ვერ გაგებინებ, რისი თქმა მინდა.
ჰოდა დღიური გახდა ეს რძისფერი მონიტორი ჩემთვის. თითქმის არავინ იცის მისი არსებობა. მომწონს ასე! ჰოდა გაწვიმდა დღეს, შენმა ძაღლმა ჩემი ფანქრები დახრა, ყვითლები, შენ რომ გიყვარდა, მაგრამ ძაღლები ხომ დალტონიკები არიან. ჰოდა არ გეწყინოს!..
მოკვდა შენი ძაღლი, მე ფანქრები არ წამოვიღე. დავტოვე შენთან.
ჩვენ სხვა, შინდისფერი მზე ვიწამოთ.

October 7, 2010

ასე არ შეიძლება, ასე არ შეიძლებაააა!
იყოს! რადიოს ფანჯრიდან ეშმაკის ბორბალი მოჩანს, წვიმიან დღეებში და გვიან ღამით რომ გაჩერებულია ხოლმე, სული მხდება, ვქვავდები. მგონია ბავშვები დახოცეს მთელ ქალაქში. ჩართონ ეს ატრაქციონები, იტრიალონ დღე-და ღამე, არ შეიძლება? ისედაც ყველაფერი გაშეშებულია, ან თუ მოძრაობს, დაბლა მიექანება ზათქით და ხრიალით! მერე ელოდები როდის დაეხეთქება, რომ ყურებზე ხელი აიფარო და ნერვების დაჭიმვით შენსავე თავში დაიფლითო და დაიმსხვრე.
გიო ამბობს, რომ ყველაფერი ფეხებზე უნდა დაიკიდო და უბრალოდ იყო, ისე... მე ვამბობ, რომ ტივტივებს, ჟონავს მაინც! გიო მოიგებს.
ბექას "იქაური" დაბადების დღე მოდის, ეს რა წვიმები აიჩემა!
:((((((

October 6, 2010

მეგობარს, ცხრა წლის შემდეგ

არავინაა, ნაწვიმარია, და შემიძლია შენი საფლავის მიწას
ჯოხით ან თითით მივახატო შენი სახე -
ზუსტად ისეთი, ბავშვობაში რომ დავხატე სკოლის მერხზე
და რომ მოგწონდა. შემიძლია, აღვადგინო ბოლო სიზმარი,
რომელშიც გნახე: ველოსიპედს მოაქროლებდი
ჩემსკენ და გუბეს უმიზნებდი, ყავისფერ გუბეს,
ოღონდ, გამწუწე თუ გადავრჩი, აღარ მახსოვს. ცხრა წლის შემდეგ
მე ჩამოვჯექი შენს საფლავზე, ჩამოვჯექი თავის მხარეს -
როგორც მაშინ, ცხრაწლისწინა დეკემბრის თვეში,
როცა დედაშენა ფანჯარა შეაღო,
რადგან ჰაერი ჩამომიძიმდა პალატაში - იმდენნი ვიყავით,
იმდენნი გეცილებოდით ჰაერს, რომელიც ისედაც ცოტაღა გრჩებოდა -
სამი დღის სამყოფი. და ყველამ ვიცოდით, რომ შენ მოკვდებოდი,
მაგრამ მე თავთან გეჯექი და სხვებზე უფრო მშვიდად ვიყავი,
რადგან თავის წამოწევა არ შეგეძლო და თვალებშიც
ვერ ჩამხედავდი. სხვებმა კი
თითქმის ჩაისვარეს. კიდევ კარგი, ლაშამ მოაბა თავი
რაღაც ანეგდოტს. და ვიცინეთ. მაშინ მივხვდი, მას ყველაზე მეტად უყვარდი.
და არა, ხშირად არ მოვდივარ შენს საფლავზე, სადაც ცხრა წლის წინ
ჩაგასვენეთ დალეწილი, 19 წლის, ქერათმიანი,
და როცა მიწა აგუგუნდა შენს კუბოზე, ყველანი მივხვდით,
რომ ეს ხმა ბევრად მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ უშენობა, რომ ამ გუგუნით
ჩვენმა ბავშვობამ მიგვიხეთქა ცხვირწინ კარები.
და არა, ხშირად არ მოვდივარ მე შენს საფლავზე; შენთან კი არა
ვინც ცოცხალია, იმათთანაც ვეღარაფერს ვეღარ ვმეგობრობ
და ვერც კი გეტყვი, სად არიან. წარმოიდგენდი?

არავინაა, ნაწვიმარია, და მე ვიხსენებ შენს სასაცილო სიცილს
რომელიც იმ დღეს, ცხრაწლისწინა დეკემბრის ოცში,
როგორღაც დიდხანს გაგიგრძელდა. როცა უკვე ყველა ვდუმდით და დედაშენიც
როცა ფანჯრისკენ შეტრიალდა, შენ ჯერ კიდევ იცინოდი,
ბოლოს თქვი, ვაი.

სამი დღის შემდეგ იქ არცერთი არ ვიყავით; და კიდევ დიდხანს
ვატყუებდით ერთმანეთს და თავს ვიტყუებდით,
თითქოს იმ წუთში, როცა მოკვდი, რაღაც ვიგრძენით.

ზ.რატიანი

June 22, 2010

ბ.ო.კ.ო.კ.ო.

მიყვარს. ყველაზე ბნელი, საშიში და უკაცრიელი სიღრმეებისკენაც უსიტყვოდ მივყვები.
სული რომ შუშის ბურთულებად გადავაქციო და პეშვებზე დაგიყარო, გამომართმევ? წაიღებ? მინდა წაიღო. რა იცი, იქნებ ზამთრის ერთ წვიმიან ღამით რაფასთან გაერთო ამ შუშის ბურთულების წკარუნით.
შენი ტკივილებისგან თვალები ჩამიშავდა, თითებიც ხმელი ტოტებივით დამცვივდა. არავინ ვარ. არაფერი.
წუხელ სასაფლაოზე ვიყავი, რკინის მესრებს მხრებით ვეხებოდი, სულებისგან ფრენა მინდოდა მესწავლა და ვერ.
დღეს ერთი ფრაზა ამეკვიატა: "ო, მე დავკარგე იმედი ზეცის, არც მინდა მისი ყალბი ტახტები". /გალაკტიონი/
რადიოში ვარ. მავთულები და მათზე უფრო მომაბეზრებელი და გულისმომჭერი ხმაური. სხვაგან მინდა.
სადაც გავამართლებ საკუთარ არარსებობას. მე შენთან მინდოდა... :(

June 7, 2010

ძილი, რომელიც არ გაგიჭირდება, რადგან ხანდახან კიბის ქვეშ სიბნელეში უნდა დაიმალო, თვალი დაუხუჭო ღამით ქალაქში შემოპარულ აჩრდილებს. ყეფენ ძაღლები, ქაღალდის ეტლით შემოსულ ფერიებსაც აფრთხობენ. ვინ დაგეშა ასე, ვინ გაუჩრა პირში ეს ბოროტი სიფხიზლე.
მშვიდად... მშვიდად...
ჰაერში თითებით გიხატავ მორისონის თეთრ ბავშვებს სამეფო ბაღიდან. ქუთუთოები გიმძიმდება და ახლა თვალდახუჭული მისმენ. სიტყვები თანდათან კლებულობენ, მერე უკვე აღარცერთი გესმის და მიცურავ ნაცრისფერი სიზმრისკენ. ჰო, შენი ნაცრისფერი თოვლი და სივრცე, სახურავი დაამძიმა და ლოლუები ჩამოაყრევინა. დილით ჭიშკრამდე გავტკეპნი თოვლს და იოლად გახვალ. ახლა ეს სიზმრები!!! წაწვეტებული, ბასრი პირი უნდა მოვუმრგვალო, მხრები რომ არ დაგისეროს. არ გვინდა არც ზღაპრები და არიადნას ძაფის გამოგორება, გახსოვს, პეპლები თავისკენ რომ გაიტყუეს და ჩვენ ცხრათავა დევები მოგვისიეს... აღარ გვინდა. გამოვიგონებთ სხვა სმყაროს მე და შენ. ასანთის ღერებით შემოვღობავთ, პურის ნამცეცებს ჩამოვურიგებთ ობოლ, სახემოთხუპნულ ბავშვებს.
გძინავს,
ხმას ისე ვადაბლებ, მეც კი არ მესმის, ვოგანი ისევ ნერვიულად წელავს სიმებს, აი იმ ფანჯარაში ისევ ანთია ბლანტი, ცისფერი სინათლე, ალბათ ბავშვს სძინავს. მთეეელი ღამე ანთია... შენ აქ არ დასველდები, არ დაგსუსხავს ღამე. ყინვისგან თითებს არ გადაიმტვრევ, სიმთვრალე გზას არ აგირევს. შენ ახლა აქ ხარ. ჩახჩახა მზის სუნი აქვს შენს საბანს... დროდადრო გაკრთები, თითებს ატოკებ. გახსოვს, რომ თუკი გულმა გატკინა, მხოლოდ ხელი უნდა მომიჭირო, ხელი მომიჭირო და ფარვანებივით გავდენი შენს მოყავისფრო ტკივილებს ოთახიდან...
გძინავს... მავთულებზე ბეღურებივით შემოსხდნენ ლურჯი ანგელოზები. ისინი დუმან, ახლა შენ უგალობ მათ... მე აივნიდან გიყურადებ...
გძინავს...

April 12, 2010




სად აპირებ გათენებას, სად იძინებ ამაღამ? ქარია გარეთ. ბნელში უცნობ სილუეტებს მოერეკება და ჩემს კართან აქუჩებს შემოდგომის უსულო, მშრალი ფოთლებივით. საშველი რომ მაინც არ ჩანს?!
ვრეცხავ შენს პერანგებს, ჯინსებს... ვერ ამოვიყვანე საყელოდან სისხლის ლაქები, გძინავს დაუსრულებლად და კისერზე შემოგფენია სიკვდილის ვარდები. იქნებ მეც უნდა ავუქნიო ხელი ყველას და სარკის წინ გადავიჭრა საძილე არტერია, იქნებ მოვიდე შენთან. არ მიმიღებ, მე ხომ ვიცი! მოვალ, ბე, შენთან, დავრჩები შენთან, ბე...
აქ არავის ესმის ჩემი, ისედაც უშენოს, უყველაობა მომისაჯეს და რა უნდა მექნა, ამოვფიცრე დარაბები, კარი ამოვქოლე. გახსოვს, რომ მითხარი, ფარდა ჩაიცვი და ჩემს ოთახში იშრიალეო, ხმა ჩაუწყდათ ფარდებს, გიახლოვდები ასე მოპარვით, ჯაშუშივით. ცხელი ხარ ბე, შენი სუნთქვა ხელებს მწვავს. სასთუმალთან ჩამოგიჯექი და ფარვანასავით შემომადნა ფრთები. 

 იასამნებს დაგიყრიან საფლავეზე ვალმოხდილებივით და მიწის სუნით გაბეზრებულები იტყვიან: "დროა, წავიდეთ!" მარტო დარჩები მათზე დაღმა და ვერ დამიძახებ, "ჩემთან მო, ცაცუნა"... მე მგონია, რომ მემდური და არ მიმიკარებ, ამიტომ ვრჩები შინ და უკვე მერამდენე არგადადგმული ნაბიჯი მტკივა.
წამოგყოლოდი! ვინ დამიშლიდა! საბნებით და სკამების შემოჯარვით ავაშენებდით სახლს ოთახში, ხმამაღალი სიცილისთვის რომ დაგსჯდიდნენ, იმ სახლს შევეფარებოდით და ვიჩურჩულებდით თითებით, სახელოების დაგრძელებით.
მე სულ რაღაც ერთი სიცოცხლით დავიგვიანე შენთან. წამოვალ ახლა. დავტოვებ აივნებს, ქალაქს… იქ შენს ნაბიჯებს მოვაგროვებ ოთახის კუთხეში და მივუწვები, შენს მოთვინიერებულ ისტერიკებს, შენს ნამთვრალევ ყვირილებს და ბოდვებს გავუყუჩდები.
არ შეგძლებია მაჯებით სუნთქვა. ჩემსავით წყალში ცხოვრება ვერ იგუე და ძალიან მაღლა ახვედი. შეგეძლო ჰაერი წყლის ვარდისფერი წრეებივით გეყლაპა. მოვიდოდა ვინმე ერთხელაც ჩვენს საშველად. აქაც გიმტყუნა ქედმაღლობამ, არ გამოგადგა! იუკადრისე, რომ ვიღაცას უნდა მოეკიდა ჩვენთვის ხელი და ამოვეყვანეთ. მარცხნივ წახვედი, მე კი იმაზე დაბლა ვარ ახლა, ვიდრე შენ გგონია, ვიდრე შენ გახსოვს.
მზეზე რომ მიგეწვას გამხდარი მხრები, მე ვერც გავიგებ, იქ მკურნალი ანგელოზები შეგიხვევენ ალბათ ცის არშიებით, როგორ მეზიზღებიან, რომ იცოდე!  იმათ ხომ ჩემზე მეტად უყვარხარ და კიდევ ბევრს მოასწრებენ, სანამ მე შენამდე მოვალ, სანამ მე შენთან მოვალ...

March 4, 2010

Pauline Eblé Campanelli

steigman - blown away

 წერილი ბექას
  ნუ ჩამძახი სულ: "თუთა, ქარია!" "თუთა, ქარია!" შენი სუიციდის შემყურე ხეები ტოტებს ჩემკენ იშვერენ და  მსუსხავენ.
  შუაღამით ცარიელი ვაგონები ხრიგინით გაარღვევენ პატარა სოფლის მდუმარებას და იქნებ შვილმკვდარ დედას სიზმარიც გაუწყდეს.
  შემოდი ჩემს სიზმრებში, გადახსნილი მაჯიდან ბროწეულის ხე ამომივიდა, მისი ბრდღვიალი თვალს მოგჭრის და გამიღიმებ. ქარი ჩემს დარაბებსაც შეუჩნდა, სულ სათითაოდ დახსნა და დავრჩი ასე, ფართოდ გახელილი თვალებით... 

  მოდი პირიქით: თმებს შევიჭრი, როგორც კი დაღამდება, დავიძინებ, მანამდე  ბევრს მოგწერ და გეტყვი სად, როგორ, ვისთან ვარ, ოთახში სკამებს შემოვიტან, ჩამოვხსნი სურათებს, გაზეთიდან ამოჭრილ ფრაზებს, საქსოვ ძაფზე ასხმულ ფანქრებს, მოხატულ თეფშებს დავლეწავ და სტუმრებისთვის განკუთვნილი ძვირფასი ჭიქიდან დავლევ ჩაის. ყველაფერი პირიქით და იქნებ გაბრაზდე, იქნებ ქუჩიდან შენი ყვირილი ამომესმას და ფანჯრები გამოვაღო.
   გაიხადე ეგ თხელი და ლამაზი "კურტკა" (ვიცი, რომ ქურთუკს ეძახიან!) არ გიხდება, არ გათბობს! შიშველი ფეხებით იარე ჩემს ნახატებზე და გთხოვ, ცა სულ ოდნავ, სულ ოდნავ ჩამომიწიე, ფერადი ქაღალდები უნდა მივაწებო და ჩემი ნაადრევი შმოდგომიდან მტვერი გასუნთქო. ასე არ შეიძლება!
   აბა ეს სუფთა ჰაერი ყინულის ვერცხლისფერ ვარსკვლავებად დაგცვივდება პირიდან და მერე მე ვერ გიშველი.
  ბავშვობიდან პატარა ხის ჯვარს ვატარებდი, ახლა რატომ მგონია, რომ ლითონის სველი რაღაც ნივთი მაწუხებს?!

"კარგია, როცა არის სიკვდილი და არის ისიც, ვინც მოკლავს იმას, ვინც სიკვდილი დაიმსახურა. /დ.ბარბაქაძე/
ან პირიქით!


მე

February 25, 2010

Не стреляйте..
Я всего лишь робкий шепот..
Всего лишь тихий вздох
Перед остановкой.
Не смотрите..
Эти шрамы не про вас,
Не для ваших грустных глаз!
Мне неловко...
Не молчите,
В этой рыхлой тишине..я погибну!
Не молчите!
Не стреляйте..
В этой комнате любовь..
Раздетая любовь..
Вы неосторожны!
Не простите..
Я боюсь не удержать..
Ваши руки удержать..
Слишком сложно..
Не молчите,
В этой рыхлой тишине..я погибну!
Не молчите!

Не молчите!
Не молчите!
Не молчите!
ღამის დარაჯის სიკვდილი

ო, აპატიეთ, მას მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ ამ ერთხელ ჩასთვლიმა ღამით
და ჯავრად ჩაჰყვა მარტივი ფიქრი:
"ვაითუ რამე დაშავდეს ამით!"

/ტ.ჭანტურია/

February 24, 2010

odilon redon - crying spider

მარინას თოვლი

`თოვლი მოვიდა, მარინა, თოვლი.
არც ისე მკაცრი ყოფილა ღმერთი.
დედოფალივით სუფთას და მოვლილს,
ჩემთვის აგზავნის და მხოლოდ ჩემთვის.

მე თოვლს ველოდი ძალიან დიდხანს,
ცისკენ გარბოდა თვალი თავისით.
და აი, ისიც, მოვა და მკითხავს...
თუმცა, რას მკითხავს თოვლი, რა ვიცი.

მარინა, თოვლი შენი სულია!
და განგებაა გამოგზავნილი,
რომ ამირიოს გზები სრულიად
და გზის ნაპირას დამსვას მგზავრივით.

ვითომ მივდივარ, თორემ ნამდვილად
კი არ მივდივარ, შენ გელოდები.
და თეთრი სივრცე ფიქრს მიადვილებს,
მორთული ნაძვის მწვანე ტოტებით.

და თოვლი, ცივი ქურქით შეფუთვნილს,
თავზე მევლება ქალური თრთოლვით,
მაგრამ მე ვიცი, რომ შენ გეკუთვნი,
გარემოცულიც ამხელა თოვლით.

/ოთარ ჭილაძე/

February 13, 2010

ღმერთების სიცილი

იგი, უკვე ოცდათხუთმეტი წლისა, გაზაფხულის მზით აციაგებულ ფიჭვნარში სეირნობდა. თან იგონებდა ორი-სამი წლის წინათ დაწერილ თავისავე სიტყვებს: “ღმერთებს, საუბედუროდ, არ შეუძლიათ, ჩვენსავით მოიკლან თავი”.

/რიუნოსკე აკუტაგავა/ 



February 9, 2010

ჩვენი სული ბავშვების მიერ კუბიკებით აშენებული ხუხულას ჰგავს. ყველა, ვინც კი გვხედება, თითო კუბიკს მაინც ადებს ზედ, ანდა პირიქით, მიაქვს. და ვაი, რომ ამ ადამიანთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ორი ხელით, უბით, მთელი კალთით იტაცებენ იმას, რასაც თითო-თითოდ დებდნენ სხვები...
                                                               /რევაზ ინანიშვილი/

January 23, 2010

ბოლოს როდის მოგწერე,არ მახსოვს. სულ მძინავს, მძინარე კვაზიმოდო თუ რაღაც!
მოკლედ გავრბივარ თავქუდმოგლეჯილი და შენ არც კი მაჩერებ.
ბარბაქაძე მახსენდება: მე მინდა ვიყო მარტო მაშინ, როცა მარტო ვარ, როცა ხალხში ვარ, ისედაც ვიცი, რომ მარტო ვარ.
ფილტვები რომ გავიხვრიტო, პატარა ქარს შევქმნიდი, რამეს მოვახლაფორთებდი, ჰუუუუ! გაგაქროლებდი უფლისწულის რომელიღაც ქალაქში, მეფარნის ქალაქში.
კედელზე ერთი იეზუიტი მწერლის სურათია, არაფერს მაძლევს, ჩარჩოში მიტყუებს.
ძალიან ყალბი და შეკოწიწებული გავხდი, შენთან თუ დამაბრუნებ, წამოვკრიფავ ჩემ თავს როგორმე, რძესაც დავლევ თვალდახუჭული და დედასაც დავიფიცებ.
მე არ ვიცი. შენ არ მოკვდე.
დამირჩი...

January 16, 2010

გავიღვიძე და მაშინვე შენთან მოვედი. გავიღვიძე და წვიმა დამხვდა თავქუდმოგლეჯილი. ახლა ყველა სხვა დროზე მეტად მიჭირს ლაპარაკი შენთან და საერთოდ. აი ახლა მითხრას ბექამ წამოდიო და წავალ სადაც მეტყვის.
ისე კარგად წვიმს, მეცხრე კლასელ შეყვარებულ გოგონებს მოეწონებოდათ და დაწერდნენ სულ შხაპუნა ლექსებს. მე კიდე სიზმრებიდან გამოთრეული მზით ვთბები ძლივს და სიცივე მესმის. მესმის აშკარად.
ბიოლის ხასიათზე ვარ. მეზარება.
მალო მწყინს, სცივა ალბათ...
ნეტა სოფელშიც წვიმს? სხვენზე გამხმარი ყვავილები მაქვს შენახული და ახლა მეშინია, ის გახუნებული ფერებიც არ ჩამომირეცხოს წვიმამ.
ჰაერივით რომ მჭირდები და პირზე ხელს ვიფარებ, ამას რა ჯანდაბა ჰქვია, ვერ მეტყვი?
სხვები მაშინ შემძულდა, როცა ჩვენს ზღაპარში შემოაცურეს თავიანთი ჭუჭყიანი ხელები. სუსხი შემოიპარა სტვენით, მათგან დაგეშილი ზამთრები.
ერთხელაც რომ ბოლომდე გავბოროტდე და დაგტოვო ამ სიბინძურეში და გავიქცე და გადავიკარგო და გავქრე საერთოდ!!! ლიბანელ ბავშვებთან ერთად ვივლიდი ფეხშიშველი.
მგონი ნელ-ნელა ხვდები, რა მაგრად ვარ შებერტყილი. კარგია, მერე გული არ დაგწყდება.
სად ვილაპარაკოთ იმაზე, რაც აქ აგვიკრძალეს?
1-ად.

January 14, 2010

ძალიან ჩემო! იცი სად ხარ? - აი, აქ! სადაც მტკივა... და სადაც მტკივა, ყველაზე სუფთა ადგილია ჩემქვეყნად...
რანაირი თვალები გაქვს. სული მეყინება. რატომ გცივა?
მე არ ვიცი.
მოდი, ვიმღეროთ. ვიღიღინოთ.
სანთლები დავკარგე და მაკლიხარ. ასე ბანალურები ვართ მე და ის, რასაც უყვარხარ აქ, შიგნით...
ამ წუთას მომწერეს, რომ ჩემს მეგობარს დედა მოუკვდა. დაეხმარე ჩემს მეგობარს!
წამლების სუნი აქვს ამ ქალაქს.
შენ მოხრილი დადიხარ იმ ქალაქში, მე რომ მიყვარს და შენ რომ იმეორებ ისედაც ათასჯერ დაზეპირებულს... ქუჩებს, გზებს, ცას...
ჩამოშვებული მხრებით რომ დადიხარ. როგორ დაგამძიმე, ჩემო.
არ უნდა ვარსებობდე!
შობა. სულ მიხაროდა ადრე. ფერებს ვიპარავდი და საჩვენებელი თითით გულში ვტენიდი. ვაძვრენდი ძლივს. და გულიდან ცისარტყელა ამომდიოდა, თორმეტს რომ გადაცდებოდა. ახლა მეზარება. უჩემობას გისურვებ და ადამიანები იტყვიან, რომ ძალიან კეთილი და ხელგაშლილი ვარ.
მართლა იტყვიან!
“_წეროები მიფრინავენ.
_ სად?
_ შორს!”
წეროები ცას აშავებენ, მე თოლიებს გავყვები. შენ არ მომაკითხო. არასდროს!
მწვანედ რომ არ შემაღებინე თმები, ის კი არ ვიფიქრე, რომ მოკვლას მიპირებდი, მივხვდი, ალბათ სხვა ფერისაა მარადიულობა და ნაძვებიც კვდებიან-მეთქი.

იცი? უგანდაში გრავიტაციის კანონი არ მოქმედებსო, ადამიანები უგზო-უკვლოდ ქრებიან... ამეკვიატა. წავალ უგანდაში და გავქრები.
მენატრები.
ძაღლი მყავდა, მაშინ პატარა ვიყავი, ასე, 5-6 წლის წინ. ავტობუსში ვიჯექი, კალთაში ჩამაკვდა. ვერ ვიყვირებდი და მაჯაზე ვიკბინე. თვალებში მიყურებდა.
მერე საბა წავიდა ჩემი ძაღლის მოსაძებნად. ალბათ ვერ იპოვა, არ დაბრუნებულა.
მერე ბექა წავიდა საბას მოსაძებნად.
მე მარტო დავრჩი. ყვავილები გახმა.
როგორი ხარ. კართან თოვლი რომ გავხვეტო და მიწა გამოვაჩინო, მაინც გეყვარები. არადა არ უნდა იყოს ასე.

January 7, 2010

წერილი N1

    დღეს თმაზე ხელის გადასმასავით მომენატრე, ამ დროს ძალიან კეთილი გავხდი, მაგრამ მალევე გადამენატრე. - ხელები გამიცივდა.
   მივხვდი, ვერ ვიცვლები.
   მერე დედას დავურეკე, უცნაურად თბილად მელაპარაკა, ალბათ პურის ნაჭერი ჰქონდა ხელში.
   რა სასაცილო ხელობა მაქვს, მგონი ხელობა ჰქვია მაგას: დათოვლილ ანტენებს დავათრევ. ორი ზომით დიდ ბათინკებს ვაბაკუნებ შენს სახურავზე.
   შენ ამ დროს გძინავს.
   მე ვარ მეზღაპრე. Сემს დამტვრეულ თოჯინებს ყინულის ეტლით შენი სიზმრებისკენ მივახრიგინებ. მე გავხდი მეზღაპრე, როცა გავბოროტდი, როცა გაჭრილი ხელიდან სისხლის ნაცვლად კენჭები გადმომცვივდა.
   და სულ წარსულის ილუზიებია ჩემი ზღაპრები.
   შენ როგორ ხარ?
   დამირეკე, როგორც კი წერტილთან მიხვალ
                                              
Никого не будет в доме,
Кроме сумерек. Один
Зимний день в сквозном проеме
Незадернутых гардин.

Только белых мокрых комьев
Быстрый промельк моховой.
Только крыши, снег и, кроме
Крыш и снега, -- никого.

И опять зачертит иней,
И опять завертит мной
Прошлогоднее унынье
И дела зимы иной,

И опять кольнут доныне
Неотпущенной виной,
И окно по крестовине
Сдавит голод дровяной.

Но нежданно по портьере
Пробежит вторженья дрожь.
Тишину шагами меря,
Ты, как будущность, войдешь.

Ты появишься у двери
В чем-то белом, без причуд,
В чем-то впрямь из тех материй,
Из которых хлопья шьют.


Борис Пастернак, 1931
There'll be noone in the house
Save for twilight. All alone,
Winter's day seen in the space that's
Made by curtains left undrawn.

Only flash-past of the wet white
Snowflake clusters, glimpsed and gone.
Only roofs and snows, and save for
Roofs and snow -- no one at home.

Once more, frost will trace its patterns,
I'll be haunted once again
By my last-year's melancholy,
By that other wintertime.

Once more I'll be troubled by an
Old, unexpiated shame,
And the icy firewood femine
Will press on the window-pane.

But the quiver of intrusion
Through those curtain folds will run
Measuring silence with your footsteps,
Like the future, in you'll come.

You'll appear there in the doorway
Wearing something white and plain,
Something in the very stuff from
Which the snowflakes too are sewn.



1931. By Boris Pasternak. Translated by Alex Miller.