Pages

December 25, 2013

გამარჯობა. 
რამდენი ხანია არ მომიწერია.
შენ კარგად იქნები.
წარმოიდგინე, რომ სიტყვები ტრიალებს წრეზე და უნდა დაიჭირო. ასე ვარჩევ საშენოს, რბილებს, არა საგანგაშოს.
არაფერზე დარდი შენ არ მოგიწევს. პასუხებსაც მე ვწერ. სავარაუდო შეკითხვებს შენსას მე ვიგონებ. რაღაც ახალი კანონებიც შემომეწერა და ვცხოვრობ, შიგადაშიგ. ასე: 
შენი წილი პური შენ შეჭამე. თუ ყუა გიყვარს, სხვას არ მისცე. ჯონ კიტსის ლექსებზე აქვითინებულ გოგოებს დასცინე. დაივიწყე მინდვრის ფერები. შეუშვი სისხლში შავი კლასიკა. ნაცრისფერ ქურთუკსაც მოიხდენ, გადაყარე ჩიტ-ყვევილებიანი თმის სამაგრები და გულსაკიდები.
მეშინია, ამ ამბებში შენც არ მოგაყოლო, ანუ ჯერ კიდევ გიფრთხილდები.
არა. ამის იქით არ გადავალ. მე ყოველთვის მქონდა უნარი, საჭირო დროს აღმომეჩინა ჩემში უკუძალა. 
კარგი. წარმოიდგინე, რომ თოვს. მერე რა? არაფერი. წარმოიდგინე, რომ ჩიტის საფლავზე დგახარ, არაფერი. მე შენს საფლავზე ვდგავარ და ფეხსაცმელის შიგნით სველ თითებს ვიმტვრევ. 
ცუდი ის არის, რომ ვეღარ გწერ.
მე მეტს ვეღარ გწერ. 
შენ იცი.

December 5, 2013

ჩაცმული დაძინება. ფანქრით წერა. სახელოების შემორღვევა. თმის მოჭრა დანით. წვრილი თასმის მაჯაზე შემოჭერა. ნაფოტების ტარება ჯიბით. საკუთარ მხარზე კბენა. ძაფის ღეჭვა. ძაფის ღეჭვის ხმა შუაღამით. მეგობრების სიგარეტის კოლოფების შეგროვება. განცდა უმწეობის. საბნის ქვეშ ხმამაღლა სუნთქვა. სუნთქვის შეკავება საბნის ქვეშ. ფrჩხილების დაჭრა სისხლის წასკდომამდე. გამთენიისას ორაზროვანი წერილების გზავნა დაკარგული მეგობრების მისამართით. ტელეფონის ნომრების მოგონება. ასანთის ღერის საუზმე. მაჯაზე იოდით ყაყაჩოების ხატვა. აბების დალაგება ფერების მიხედვით, ფლაკონების - სიმაღლის მიხედვით. შავი ფანქრის გემო. მონეტების სიმძიმე ქუთუთოებზე. საკანცელარიო დანის ძვალზე დასმის ხმა, შეგრძნება.
წვნიანის ობზე საათობით დაშტერება. არასდროს ნანახი ფერების აღმოჩენის სიხარული, წარმავალი აღტაცება. კოვზის კაკუნი ცარიელ ჭიქაზე. ჩაიდნიდან ამოსულ ორთქლში შესვლა.
შიში სინათლის.
შიში მოხუცის ფრჩხილების.
ზურგზე უზარმაზარი კუ.
კუს ხორკლიანი ფეხები ტანში.
გველებზე ფეხის დაცურება.
სისხლის თბილი ყვავილები კეფაზე.
დასასრული.