გახსოვს მისტერ ნოვაკის შავი სტერი? ჩვენ დავმეგობრდით.
შენ ხმელი ფოთლები მოგქონდა, მე ძაფზე ვასხამდი, მათ კი ჰაერი წაიღეს.
ღამე მშრალი, დახეთქილი ტუჩებით წოვდნენ მთელი დღე ნანიავებ ჰაერს, ჩვენსას.
ძაღლს ბალდრიკი ერქვა, ჩვენ კი სულ უფრო ცოტა პურს ვჭამდით.
შუაღამით, როცა ჩვენ გვეძინა, ზღვა მოდიოდა ფანჯარასთან. ლურჯი წყლის ხელი იატაკზე ცარიელ ნიჟარებს ალაგებდა.
არ გვქონდა სარკე. ერთმანეთს ვუყურებდით.
თვალებს ვხუჭავდით, როცა შემცივნულ ხეებს ქარი სამხრეთით ხრიდა.
მეგობართან ერთად დავმარხეთ ყველა გაზაფხული და წელიწადის სხვა დროები ვადაგასული აბებივით ეყარა ჩაკეტილ უჯრაში.
გაფუჭებული რადიო არასდროს იტყვის სიმართლეს, ისიც ისე ემგვანება ნამდვილ ამბავს, როგორც ჩვენ ვიჯერებდით, რომ ფანჯრისიქითელ ზამთარს მოვუგეთ.
ერთმანეთის თბილ ზურგზე ხერხემლის პატარა კუნძულებზე თითით გადარბენა.
მერე იმ ნიჟარებიდან სიბნელის ამოხაპვა.
როცა მე ვწერდი, შენ არ ხატავდი. შენ საერთოდ არ ხატავდი და იმიტომ.
შობის ღამეს ბალდრიკმა მისტერ ნოვაკის ფეხსაცმელი შემოიტანა ყვითელი კბილებით.
შენ თქვი, რომ სიკვდილის სუნი დადგა.
შენ თქვი, რომ სიკვდილის სუნი დადგა.
მისტერ ნოვაკი. - ჩვენი მარტოხელა მეზობელი, კოხტა, მუდამ ღია მწვანე პერანგით და მანკიანი გულით.
მერე ბალდრიკი წაიყვანა მსუქანმა კაცმა ნაცრისფერი ფურგონით.
ნიჟარებიც დაიმსხვრა.
ზღვაც წავიდა.
სხვა სახლთან ვარ ან.
არ ვცხოვრობ შიგნით.
როცა შენ,
როცა შენ ცაში გაქვს ჩვენი სახლი.
ოღონდ ნათელი,
ოღონდ ახალი გაზეთებისფერი.
No comments:
Post a Comment