Pages

September 21, 2013

არ მახსოვს როგორ გახდა  დღე ასეთი კაშკაშა, მყარი.

მე კი მიყვარდა მღვრიე ფერები, ნისლში ხელებით ძებნა ხეების.

შემრჩა ჰაერი. 

მთელი ცხოვრების სამყოფი სიცარიელე.

არადა ეს დღე, თავიდანვე ავად იყო, მკვდარ გიჟებს დაატარებდა. 

ჩამოურიგა თითო ქუჩას წყევლად და დაფრთხობად.

ყოველ ღამე პირდაპირ შუბლიდან ვაჩენ ანტენებს. 

შუალედებში ხავილი.

ანტენები. ჰო. 

ამათ ტოტებს ვერ დაამტვრევ ხესავით. 

არც იღუნება.

წარმოიდგინე, ძილი ასე...

დედა, მეტკინა!..

დედა, ხელი დამისვი...

დედა აქ არ არის. დღეს არ მოვა. არ წელს. არც გაისად.

რაღაც რადიო-ხმასავით ჩამესმის აკვიატებული ფრაზა: "თვითონ უშველეო თავს".

ხმა არ ფუჭდება. უფრო და უფრო ხორკლებიანი და მშრალი ხდება.

ღმერთო, უშველე ამ ხრიოკ ტვინს, ჩამხმარ ნეირონებს, ნაპრალებიდან ამოვარდნილ ცხელ ქარს. ყველა გამოგონილ ჩრდილს...

ლოცვა ვინ იცის?! იტერიულად ვკითხულობ, ვინ იცის ლოცვა ამ ოთახში, ამ ქალაქში,  ვინმეს არ გახსოვთ რას ვთხოვდით ღმერთს, რომელიც ჩვენს საფეთქელ დახვრეტილ მეგობრებს არ დაუხვდა ცათა შინა, უკან დაბრუნების უფლება კი მათ არ ჰქონდათ.

რომ ეთქვათ ჩვენთვის. 

რომ გაგვფრთხილებოდნენ ჩვენ.

რომ დარჩენილიყვნენ ჩვენთან...