Pages

December 11, 2014

ფეხაკრეფით შევიდა სახლში. ფანჯრები შეაღო და სითბო გაუშვა. მერე ჩარაზა.
ლოგინთან მივიდა.
ჯერ ყვრიმალები დაუგრილა სუდარისფერი ხელებით.
საჩვენებელი თითის ფრჩხილი დაუსვა შიშველ მუცელზე. მერე პირქვე დააწვინა და ზურგზე შავი პეპლები დაახატა.
ჭერზეც.
პირველად გამხდარი მუხლისთავები გაცივდნენ. მერე ხელისგულები და მაჯა.  ბოლოს - თმები.
ქარი უსტვენდა კარის ღრიჭოებში. სახელურები დახსნა.
ყმუილი.

ფანჯარა ოდნავ შეაღო. დარჩენილი ჰაერი ძაფივით დააწვრილა და გააძვრინა.
დახურა. ქარში გამშრალი სუდარები დაკეცა, ფანჯრის რაფაზე დადო და წავიდა.

სიკვდილმა.

November 19, 2014

გამარჯობა.
ისეთი ამინდებია, არ გამოვა, ამინდზე ლაპარაკით არ დავიწყოთ.
მე წუხელ გელაპარაკე. არ ვიცი, გითხრეს თუ არა.
ხშირად უნდა მოვიდე. ბღუჯა-ბღუჯა მოგიტანო გამხმარი ბალახები. ნაფოტები. გირჩები. უნდა გაგიღიმო ხოლმე და თვზე მოგეფერო.
ქუდი უნდა მოგიტანო. ხელთათმანებიც. 
ვიცი, რომ აქეთ სახლები არ არის და არც ხეები და ამიტომ სულ ქარია.
მე ძალიან მწყდება გული და დიდხანს ვტირი ხოლმე, როცა მახსენდება, რომ ცხოვრება შეიძლებოდა აქაც. შენთვის. მე ძალიან მწყინს.
ჩვენ ვიცინით. ციმციმებს ვითვლით. ხმამაღლა ვეძახით ერთმანეთს. სახლებს ვათბობთ. ფანჯრებს ვალამაზებთ. 

შენთან კიდე ქარია. სულ. სუსხი და დაფლეთილი პოლიეთილენის ცა. ჭუჭყიანი.
ჩემო მეგობარო. ჩემო ძვირფასო მეგობარო. ჩემო ძალიან ძვირფასო მეგობარო. 
"ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ". 
ნახვამდის.


June 11, 2014

მე შენ მომენატრე.
მე შენ ღამე კედელზე თითებით წრეების ხატვით გელაპარაკები.
ამ მხარეს წამოსვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ ასე სჯობსო, ამბობენ.
მე ყოველთვის მერეოდა მიმართულებები.
შენ აქეთკენ არ გამოიხედო.
მე ცუდად მოვიქცევი ხოლმე.
"კასტა დივა". ხანდხან ცოცხალი ვარ.
შენც მოუსმინე, როცა გულის ხელით მოძებნა მოგინდება და ვერც ერთს იპოვი და ვერც მეორეს.
გულზე ხელის მოჭერა როცა მოგინდება.
"კასტა დივა".
მე დამესიზმრა, რომ მიწას ვჭამდით და შორს, მარტოსახლის ღია ფანჯარაში დაფლეთილი, ჭუჭყიანი ფარდა  ფრიალებდა.
მე დამესიზმრა ღამე სოფელში და მწვანე მატარებელი, რომელიც ნანატრ ძილს უფრთხობდა მარტოხელა მოხუცს.
მე დამესიზმრე შენ, სველი ფეხსაცმელებით ხელში, არ იცოდი გზა, სახლი. კარის სახელური.
სინათლის და სითბოს, ამ სიტყვების მნიშვნელობა დაგვიწყებოდა და შორი სინონიმებით მანიშნებდი, რომ გულთან რაღაც გაშრა, ჩაიცალა.
ბექა, დაიმახსოვრე! იქ, თქვენთან ორჯერ მეტი ჰაერი ნიშნავს - აქ, ჩვენთან ხეები მოჭრეს...


April 28, 2014

ყველამ მოაგროვა თავისი სათამაშოები და გორები გადაირბინეს ჩიტ-ყვავილა ჟრიამულით.
მე პლასტმასის ყვითელი ნიჩაბი შემხვდა, მკვდარი მეგობრების ამოსათხრელად. მათი ამბების ამოსაყრელად, რომლებსაც გაუჩნდა ნაპრალები და იქიდან ოხშივარივით ამოდის შიში. საშიში გზები. ტლანქი ჭიებით და მღრღნელებით დაძარღვული მკვდარი ბიოგრაფია.
როცა თეფში გამიტყდა, ვიკითხე: "ვის ზურგზე კიდია ჩემი სახლი?"
ამათ მხირაული ფერები და დო მაჟორები ამოსდით პირიდან სერპანტინივით, მე კი დიდ ფანჯრებიან, უავეჯო სახლზე ვფიქრობ, სადაც ქუჩებიდან პირდაპირ სახეში არ მომიშვერენ გიგანტურ ტრომბონებს და კეფიდან ყაყაჩოები არ ამომივა.
ვის ზურგზე კიდია ჩემი სახლი?

April 23, 2014

ომი დაიწყო გასულ ზამთარს. მას მერე ძაღლი დერეფანში წევს და სეირნობის თავი არ აქვს.
საფუნთუშეებიც დაკეტილია, სუნს ვერ წამოიღებ.
შიმშილი.
მიმიშვი ფანჯარასთან.
ამ ზამთარს პური არ გვექნება. უშაქრო ჩაი ნოემბრამდე. 
ღმერთი თვალებს ვეღარ გვისწორებს და რახანია, სხვენზე სძინავს.
სიმაღლის შიში აქვს ღმერთს. 
ეს ვერავინ შეამჩნია.
ფანჯრიდან ყვითელი ამწე მოჩანს და ცარიელი გარაჟები. 
მიტოვებულ მშენებლობაზე კუებივით ყრია ფერადი ჩაფხუტები.
დენი -გრაფიკით.
სიბნელეში ჯდომას ერთი სარგებელი აქვს. -
ბზარებს ვერ ხედავ.

April 2, 2014

ხედავ, აქ როგორი ყინვები იცის?
როგორი ამინდებია ხოლმე.
უთხარი, გაჩერდეს.
აღარ მინდა.
გადაჭრილი მაჯებიდან არტერიები მცვივა.
აი, ასეთი შემოდგომაა.
რომ გავიღვიძე, მაგიდიდან სათვალე აიღო და გამიკეთა.
ისედაც დაბრეცილიაო სახლი. ქალაქი. სამყარო. ალბათ.
ეს მაინც არ ითვლება.
მას ხეები არ უყვარს.
ბავშვების სიყვარულს რა უნდა. რბილი მუცლიდან ამოფრენილი თეთრი პეპლები.
ვინ შემჭრა თმები ძილში?
რა არის მთავარი? რიგი სად მთავრდება?
მე ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს. გაუგებარი. ჩამოუყალიბებელი. ბუნდოვანი.
მეექვსე ფურცელზე ვწერ ერთსა და იმავეს: "ჩვენ ქარი წაგვიღებს".
ძაღლი აღმოსავლური კულინარიის წიგნს ღრღნის.
რადიო გათიშეს შუაღამის სამზე. მანამდე იყო ნახევარწუთიანი შიშინი.
უფუნქციო ანტენები მიმართულია უბედურებისკენ.
თვალი არ გაუსწორო. დაბლა არ ჩაიხედო. მაღლა - მით უფრო!

March 24, 2014

ყველაფერს აუტანელი შიშინი გააქვს.
საგნები რბილია, თხევადი. ლპობაშეპარული.
რამე მოიფიქრე. 
ოთახები უკან მისვრიან. არსად შემესვლება. თვითონ ავავსე ქვიშით.
დაკარგული ადამიანების ქუჩებით დატოტილი ქალაქი, რომელიც მეზიზღება.
ჩემი ადამიანების.
მოჭრილი ხე.
გამარჯობა.
ხანდახან სუნთქვა მიჭირს. 
ძილს ვერც აქამდე ვახერხებდი.
მე თმები შემაჭრეს და რაღაცები დამარიგეს.
ფრჩხილებს აღარ ვიკვნეტ.
ხიდები არაა ქალაქში. ქალაქიც აღარაა ხანდახან. სანთლები აბრიალდნენ ხეებში და დიდმა ხანძარმა წაიღო აღმოსავლეთი.
ჩვენ არასდროს ვუყვებოდით სხვებს ერთმანეთზე. გვეგონა დიდხანს ვიცოცხლებდით და დამსწრე არ გვჭირდებოდა. ამბის შემნახავი.
ცარიელი დამრჩა პეშვი. ხელები დამრჩა თეთრი და ტბაში გაყინული იხვებივით უმოძრაო. 
ახლა მას ჩემს გვერდით სძინავს და მე სულ უფრო ცოტას ვფიქრობ ლოკოკინებზე.
შუაღამით ოთახში შემოდის ზღვის სუნი და ჩვენთან წვება.
შენც მოდი ხოლმე, თუ გინდა, ოღონდ მარილი გადაყარე!..

February 13, 2014

February 10, 2014

დამელაპარაკე.
დამელაპარაკე.
მშრალი ბგერები ამოყარე. გადაარჩიე. სანამ შინაარსი ჩაიმჩვარა.
როცა მოგიკვდები, ჩემი ბალიშის ქვეშიდან ნაფოტები გამოიტანე და ჯიბეში ჩაილაგე.
ბალიში გაცივდება მერე.
ნაფოტები გადაიქცევიან მტვრად.
უსახელო ძაღლი დაწვება სველ ბოძთან და შუაღამის სიჩუმეს დაღრღნის.
მე ასე მინდოდა ცხოვრება: დილით ფარდა არ გადამეწია და დღეს ფოლადის ბასრი ფირფიტები სახეში არ შემოეყარა.
დილა-მშვიდობისასავით მეთქვა, რომ შენ ხარ ჩემი ხე!
და მომეყოლა ჩემი საშიში სიზმრები, წინადადების თავში "ჩემო ხე".
მე მინდოდა ძილში მუცელზე ხავსი არ ამომსვლოდა.
ქვები გვეგროვებინა გაზაფხულობით.
გამთენიისას საჩქაროდ მიგვეგნო თასმებ დაწყვეტილი ბათინკებისთვის და ზღვაზე გავქცეულიყავით.
წარმოგვედგინა ფლამინგოების გადაფრენა და არა კუდ-მაკრატელა აპრილი.
მაგრამ ადრე მოგიკვდი.
თავში მელანი ჩამექცა. თვალებში - იოდი.
შენ კი დადიხარ ნაფოტებით სავსე ჯიბით და სიცხიანივით იმეორებ:
"ნუ ჭრიან ხეებს.
ხეებს ნუ ჭრიან!"

February 7, 2014

დღე არის ერთი ჭიქა რძე.
ჭიქა გამჭვირვალეა და მაღალი.
მითხარი, რატომ არ მპასუხობენ კითხვებზე?
დავიძინოთ. შუაში ხე ჩავიწვინოთ შვილივით. 
წარმოიდგინე, გადაკარგულმა წლობით, დავჯდე მაგიდასთან და წერილი დავწერო: 
"მე ხე ვიშვილე.
დანარჩენი ისევ ისეა.
გამარჯობა, მამა".

January 27, 2014

ცოტა ხანი ჩუმად უნდა ვილაპარაკოთ.
თუ მიიღე ეს წერილი, გამომიგზავნე ცარიელი ქაღალდი.
ნახვამდის. 

January 22, 2014

დაბრუნდი რა სახლში. 
დაბრუნდი, გთხოვ.
შენს სახლში იყავი.
აღარ დაიღალე უჰაერობით? მიწით და წყლით?!
ახლა რომ ჩრდილოეთის ქალაქებში ომია, მე ეგ ხომ ბევრჯერ მაქვს ნანახი, ხომ მაქვს ნანახი, მკითხე, როგორ ვიარე მოლისფერ ხაზამდე, მტვრის და ცემენტის რამდენი საფარის ქვეშ ჩამეტკეპნა ის საშიში ამბები, რომლებმაც ყეფა მასწავლეს.
მე არ ვიცი, რა უნდა გითხრა, თუ მართლა შეძელი დაბრუნება. წერილებში თამამი ვარ, კონტურებს ვაგნებ და ხელებით ვსინჯავ, მაგრამ ქუჩიდან უცებ შენთან მოსვლა რომ მომიწიოს, რა უნდა გითხრა, არ მიფიქრია.
მოგიყვე, როგორ გამიშრა სასა ცაში ყურებით,
როგორ ჩამეზარდნენ ტანში ვერცხლისფერი, ცივი გველები,
როგორ ამომდის მაჯიდან წითელი ჟელე, მეწამული მთების ამინდი,
როგორ დამეხოცნენ თევზები, რომლებსაც ჩემი სიჩუმე ებევრათ.
აქ სულ ციოდა.
როგორ ჩავტენო სიტყვებში ის, რომ ვიდექი წყალში და ჩემი ერთადერთი თვისება იყო გაშეშება, დაბნევა ყველა კართან.
ჩამოგითვალო, რამდენჯერ დამცვივდა პირიდან უარყოფითი ნაწილაკები და შემომაკვდა რამდენი ადამიანი.
ვერ ვუპატრონე.
ან შენ რას მეტყვი, რომ ქცევებს იძულება განაპირობებს და არა სურვილი?
რომ ვერ შეძელი და იმ ყოვლისშემძლე ციდან ვერ ჩამომიგზავნე სულ იოტისოდენა სიხარულიც, 
მუხლების გასამაგრებლად, ფესვების დასალბობად...
შენ ვერ იპოვი ვერცერთ სიტყვას, რომელიც ოდნავ მაინც გაუტოლდება ჩემს ტკივილებს, გმინვას და ყმუილს. 
გახსოვს, ადრე რამე რომ მწყინდა, სკამზე, რაფაზე ავდიოდი და ვყვიროდი, რომ ასე არ შეიძლება!
მერე სხვანაირი წყენა ვისწავლე, მალებს შუა თითის შეყოფა და გულზე მიჭერა, რომ თუ იქ არის, უნდა მეტკინოს, და თუ არ მტკივა, სად მიდის იოდი, რომელსაც პირდაპირ ნესტოებიდან ვსვამ.
დაბრუნდი სახლში!
ჯიბეები მოვისინჯე, ჩანთა ამოვაბრუნე, არაფერი მაქვს.
გადაკეცილი ცარიელი ქაღალდი ხომ მაინც უნდა გქონდეს, რომ ვინმეს მიადგე.
მიშველეო, უთხრა.
აი, აქ ძალიან მტკივაო.
მოატყუებ, რადგან ის ადგილიც არ გაქვს, რასაც სტკივა.
რაც დრო გადის, მე სულ უფრო ვრწმუნდები, რომ თმებით ვარ მიბმული შენი ძვლებიდან ამოზრდილ ხეს,  ფრჩხილები ჩამეზარდა და ვასაზრდოებ.
შენ იკვებები ჩემით.
დაბრუნდი სახლში, და მე ყველაფერს კარგად აგიხსნი.

January 7, 2014

მკვდარი მედუზები შევაგროვეთ.
ჰაერია მშრალი. ხრიოკი. 
ნუ ყვირი. ძახილის ნიშანი თევზის ფხაა, მტკენს.
შენი "არ გატკენ". შენი "ამაღამ ქარი იქნება". შენი თეთრი ხელები და მხრები –დაფშვნილი. 
მძიმეა და ვეღარ ვიტან. 
ხის ყუთში ვყრი მედუზებს და სახლში მიმაქვს. ძირი უსველდება კუბოს.
ესეც მძიმეა.
გული მწყდება, რომ შენ სახლში შესასვლელი სიტყვები არ იცი. გარეთ რომ უნდა იდგე მთელი ღამე, მთელი წელი, მთელი ცხოვრება. 
მე ახლა ცივი ვარ. მე ახლა ასე მომწონს.
ჩვენ ყოველთვის იმას ვაკეთებთ, რაც მოგვწონს და როცა ცუდად ვიქცევით, მაშინაც მოგვწონს, ასე გვირჩევნია.
არავინ აღემატება საკუთარ თავს, სხვებს კი იოლად გაუსწრებ. 
საერთოდ, ამ ბოლო დროს, მე აღარ მომწონს რბოლა. მე სახლში მივდივარ.
ნელა მივდივარ შინ...