Pages

February 28, 2011


წვიმაში ასფალტზე მიფშვნილი ლოკოკინების ნიჟარების სუნია, ან რაღაცას ვიგონებ, მთელი დღე შენს წერილებს ვკითხულობდი და უცებ გადმოდინდი ჩემგან, ვეღარ დაგიტიე და შეგიძულე სულ რაღაც ორი დღით, ორი ბევრია, ხვალ ისევ მეყვარები, დილით, ძალიან ადრე, დაუყოვნებლივ! დღეს კომპიუტერი მიმყავს ექიმთან და სამი დღე ვერ მოგწერ. ბოკოკო მიყვარს, მე ბოკოკო მყავს და ჯანდაბაში ისეირნე, თუ მოგინდა. სულ არ მეწყინება მეორედ თუ მოინგრევ ფეხებს! ბექასავით გწერ, მან რომ იცის, ყოველი სიტყვის ბოლოს პანღურებს რომ ირტყმევინება...
მეტირება, ისე ძალიან მეტირება, არ იცი, შენ არაფერი აღარ იცი და არავის სახელი არ გახსოვს, ვინც აქ ცხოვრობს და ადამიანს გავს. შენ არც ფიბის იცნობ! სიზმარში მატყუებ, მე იმ ტყუილს გადმოვათრევ ხოლმე ძილიდან და დამაქვს, ღმერთმა იცის სად მიმეძინება რომ მორიგი ტყუილით გამჭყიპო, მე სველი თოჯინა ვარ, ნაჭრის და მახინჯი. თმები მაქვს გაწეწილი და სასაცილო ფეხსაცმელები მაცვია, ოღონდ შენ არ უნდა გაგეცინოს, თორემ ცრემლებს გავასხამ, მე გაჭყეპილი და საცოდავი.
კიდე იცი რისი სუნია? ტახტის უკან რომ არის ხოლმე ჩაჭეჭყილი, სიძველის და რაღაც, ბებიების პალტოებს რომ აქვთ, ზუსტად ისეთი სუნი დგას. დედა ამბობს, რომ ამ დროს ვაშლი უნდა გათალო და მისი ქერქი დაწვა, თურმე სასიამოვნო სუნი აქვს და დიდხანს რჩება. თვითონ კი მალე მიდის. დედა.
იცი, მარიამი რომ წავიდა? იჯექი და შორიდან მიყურებდი, მეც არაფერი ვუთხარი, ყველა მოსალოდნელი სიგიჟე გადავმალე, გავათავისუფლე იმისგან, რისკენაც შემეძლო მებიძგებინა.
ცარიელი ვარ!
საშინელ ფილმს ვუყურეთ დღეს მე და გიომ, იქაც შენი წერილებიდან სასვენი ნიშნები დაფრინავდნენ და სულ მოვიშალე!
წვრილად წერ, ისე წვრილად, რომ ალბათ გინდოდა ვერ გამერჩია.
მინდა რომ ისევ გადამყარო აბები და მდინარესავით მეძინოს, ცხვირზე რომ მაჭერდი თითს და მეუბნებოდი, საცოდავ ლეკვს გავხარო, მაგრამ ეს ისე ძნელია, როგორც ის, რომ წამლები გადამიყარო। ორივე ძნელია და შენ უფრო! ვერ გხსნი საერთოდ. ქვემოთ ბიჭები ჩხუბობენ, ამ ბოლო დროს ისე ადვილად გამომდის თავგანწირვა, რომ შემიძლია იმ ბიჭებიდან ერთ-ერთს სულაც მთელი ხმით ვუთხრა, შენ მაგივრად მოვკვდები-მეთქი.
წავედი მე, შენ ისე ცუდი ხარ, რომ ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები! ნანა მოვა და წვენს მომიტანს, ერთი ამოწრუპვით ამოვხაპავ ბოლომდე. კოლოფი პატარაა, შენ რას გაიგებ!
აბა, მძულხარ ხვალ დილამდე და შენ იცი. დანარჩენს მერე მოგწერ, როცა გადამძულდები და ჩავებერტყები ისევ უაზრო შენთანაობაში, ფსკერი რომ არ აქვს და ზემოდან ტალახი წვიმს.
გარეთ კი სუნია, წვიმაში ასფალტზე გაჭყლეტილი ლოკოკინების ნიჟარების სუნი। :@



February 26, 2011




დღეს აქ მოთოვა. ვიტყუები კარგად ყოფნას და კიდევ თქვენს ყველა საიდუმლოს დღემდე ვინახავ, ოკეანეების ხელა სიჩუმით. წერილი მოგწერეთ, ორივეს. სიგარეტის კოლოფში ჩავდე და პარკში სკამზე დავტოვე. ზუსტად ვიცი, დილამდე თოვლი გადაფარავს და თქვენ არ დაგბრალდებათ წაუკითხავობა.
მე დავიჯერებ.
სულ სხვა მხარეს გაფრინდნენ ცალხაზიანი წეროები.
სულ სხვა მეგობრები ეძადნენ ფანჯარაში სულ სხვა ხუჭუჭა გოგოს.
საყელოს ვიწევ და ვიმალები, ვითომ მეძებეთ და ვერ მიპოვეთ, - რომ ვიმალები იმიტომ და არა იმიტომ, რომ სულაც არ მეძებეთ। ;(
მეტირება თქვენი უემოციობის გამო. არ შეიძლება ასე. მართლა-მართლა არ შეიძლება!...
ჩვენ

მომყევით!
სად არის უდაბნო,
ჩვენ მაინც
ცოცხლები გამოვალთ,
რადგანაც
ვიცხოვრეთ უსაგნოდ,
გვითხრეს, რომ
მზე აღარ ამოვა.
ჩვენ უკვე
მოგვიკლეს ოცნება,
მოგვგლიჯეს
ფერადი სათვალე,
ჩვენ ასე
გვასწავლეს ცხოვრება,
გვესროლეს,
გვაგინეს,
გაგვთვალეს!
ჯანდაბა,
სისხლსა და იარებს,
ხომ ხედავთ
ვერანი გზებია,
გვამებზე,
გვამებზე ვიარეთ,
აგვიხსნეს:
რა მოხდა, კვდებიან,
შენ ჩვენო
კეთილო დაიკო,
გეძახით,
ვერ გხედავთ სადა ხარ,
გამოჩნდი,
იქნება გაიგო,
მოგყვებით,
ოღონდაც წამოდი,
ჩვენ გვინდა
სინათლის დანახვა,
ამქვეყნად
თურმე მზეც ამოდის.
/გაგა ნახუცრიშვილი /

February 25, 2011


როცა მე მძინავს, შენ, როგორც ოთახში, შემოდიხარ ჩემს სიზმარში და კარი ქრება. ოთახს არც ფანჯრები აქვს და ჰაერს ვიზოგავთ. ვიცი, რომ მალე ამ სიზმარს კონვერტივით დაკეცავ და ერთად გაქრებით. მე ეს ვიცი და ვცდილობ მოვასწრო და გითხრა, რაც უშენოდ გადამხდა.
რომ ვეღარ ვუსმენ ბლუზს, რადგან მგონია ლითონის გავარვარებული ზამბარები მეყრება სახეში.
რომ ვერც შენს საყვარელ ფილმებს ვუყურებ, რადგან ზუსტად შუაში ფირი წყდება და კედლებიდან ქვიშა იწყებს ცვენას.
რომ მე სათამაშო, ფერადი ნიჩბებით შემოვრჩი ამ ომს და რომც გავაღწიო, გვამებზე სიარულს ვერ შევძლებ.
რომ როცა ვუკრავ, კლავიშებში ვაყოლებ თითებს და მძულს ეს სისხლიანი სიმფონია.
რომ თმებს ნერვებივით ვითოკავ და ყოველ დილით ძაფებს ვივარცხნი.
დავკარგე შენი ყველა ფოტო.
ჩვენი მერხები დაჩეხეს.
ბექას ძაღლი მოკვდა.
როცა მე მძინავს, მესმის, როგორ კეცავ ქაღალდს, რომელშიც ჩემი სიზმარი ხატია და ერთად ქრებით, მე კი მახსენდება, რომ რაღაც გამომრჩა, რომ დამავიწყდა მეთქვა: -
მე ვერ ვცხოვრობ, როცა შენ გძინავს.

February 6, 2011


კედლებზე თავისი ხელით გააკრა შპალერი. ღია ცისფერი ყვავილები ქარვისფერ წრეებში, ამავე ფერის არშიებით. თაროებზეც თვითონ ჩამოალაგა გროტესკული ლიტერატურის მთელი ანთოლოგია. დიდი ჭაღი დაკიდა ოთხი ნათურით და სიმშვიდე დამაბარა.
ჩამოვა თუ არა, წაიკრავს ქათქათა თავშალს, სახელოებს აიკეცავს და დაუვლის თაროებს, წმენდს მტვერს, ნათურებს აპრიალებს, ბოჭკოების დახევამდე რეცხავს ტანსაცმელს, ფარდებს, მაგრამ დღემდე ვერ მიაგნო სუნს, რომელიც საიდანღაც მძაფრად ჟონავს და მთელ ოთახს ავსებს. მამიდა სველი ტილოთი დასდევს ოთახში სიკვდილის სუნს და ვერაფრით ანელებს.
ანთებს კვარს, სანთლებს, საკმეველს, ჩამოხსნის თვითმკვლელი მეგობრების სურათებს და სადღაც მიუვალ თაროებზე შემოდებს, ქანცგაწყვეტილი ჩამოჯდება საწოლზე და მაინც... სიკვდილის სუნია ოთახში! ისვრის კედელი ნიშადურის და გოგირდის სუნს, ისვრის და ფენა–ფენა ალაგებს იატაკზე.
სიკვდილიას სუნიააა!!! ლავიწის ძვლებს რომ გაგიკავებს და მხრებს შიგ ჩაიტანს. მამიდა კი ტირის, როცა მძინარეს ფჩხილები მილურჯდება და თვალის უპეები მიშავდება. სუნთქვაც ისეთი, თითქოს საიდანღაც მძიმე ვედროებს ეზიდებოდე.
არ ნებდება მამიდა, ჩამოარიგებს თაროებსა და მაგიდაზე ქოთნის ყვავილებს, რაფაზე ვაშლებს ჩამოდებს და მერე მზვერავი მზერით ყნოსავს ჰაერს. გადიან დღეები და მამიდას ახსენდება, რომ მე ვაშლი არ მიყვარს, ყვავილები კი ჩემს ოთახში ზუსტად სამ დღეში ჭკნება.
ერთხელაც გაწყდება ძარღვი. ჩამოხევს შპალერს, წიგნებს გადმოყრის, ნათურებს დახსნის, დახევს ზეწრებს, იმ ჩემი თვითმკვლელი მეგობრების სურათებსაც უდიდესი ნეტარებით დაწვავს.
დილის მზემ მინები გაათბო, ცოტაც შიგნით შემოვიდა, თვალს ვახელ და კედელზე ცისფერი ყვავილების თვლას ვიწყებ. მამიდა კი ისევ დადის ოთახში და სველი ტილოთი სიკვდილის სუნს დასდევს.

February 4, 2011


შენ უკვე სხვა ხარ, შენ ხარ კედელი,
შედუღებული ბილწი ოცნებით,

მე კი მაგ მკერდზე ტანალეწილი
ვაზის ლერწივით შეგაცოცდები,
შენ უკვე სხვა ხარ, ის აღარა ხარ,
გაზაფხულის მზის სხივივით ანცი,
ვით ფოთოლცვენა, მიეფინები
განვლილ გზებსა და გასავლელ მანძილს,

მე კი მიყვარხარ, არსად წავსულვარ,

მუდამ შენს გვერდით ვდგავარ აქავე

და დასანგრევად გადახრილ შენს სულს
ჩემი დაღლილი სუნთქვით ვაკავებ.
რა უნდა გვითხრას ამ შემოდგომამ,
ვინ დაუჯერებს წვიმებით შეშლილს,
ის ხომ იმაზე მეტს ამბობს მუდამ,
ვიდრე საერთოდ ვხედავთ და გვესმის.
როგორც შუქი, ან შუადღის ხვატი,
როგორც უეცრად გამსკდარი ჭურვი,
თუნდ სიყვარული, რომელიც მუდამ
გამოამჟღავნებს საკუთარ სურვილს
და არასოდეს შეგვეკითხება,
რომ ჩვენ, ხარების დამფრთხალი ჯოგი,
რა გამწარებით ვიხდით ტანსაცმელს
ან ასე სწრაფად რატომ ვშლით ლოგინს.

ვიღაც კითხულობს: – ქარი თუ ჩადგა?
შიშით კითხულობს ცხოვრების მცოდნე,
რადგანაც ქარი მუდამ გულისხმობს
დამწყდარ სიმებს და დაცვენილ ფოთლებს.

მაგრამ მე აქ ვარ, ვაზის ლერწივით

და მეც იმდენჯერ გადავტყდი დღემდე,

ვიცი მთავარი მერე იწყება,
გაცოფებული ქარიშხლის შემდეგ.
ამ ფოთლებისთვის და ამ სიმისთვის,

ამ ლერწმისათვის, რადგან მის ღეროს

მუდამ სჭირდება ერთი გრიგალი,
რომ ჩახლჩილი ხმებით იჟღეროს.
ლელიანში კი, თუმცაღა უქმად
ჩალპება ჩალის მრავალი ღერი,

სიმღერით მხოლოდ ქარიშხლისაგან
გადამტვრეული ლერწამი მღერის.
შენც ნუ გგონია, რომ დამამარცხე
და სისხლიანი ფეხებით შემდეგ,
რადგან მთავარი მერე იწყება
,
გაცოფებული ქარიშხლის შემდეგ.
/გიორგი ლობჟანიძე/

February 3, 2011