Pages

November 12, 2019

ლილენ.
ზღვა სამხრეთის ქარებს იგერიებს.
ვზივარ მორზე და
თეთრ კენჭებს
ვუყრი თოლიებს.
შენს წერილებს არ ვკითხულობ,
რომ დაძველდნენ
და მერე
გახუნებული მუყაოს კოლოფებივით გავხსნა სიტყვები.
არ გწერ პასუხებს.
სანაცვლოდ, სველ ქვებს ვაგროვებ,
წრეზე ვალაგებ,
შუაში ვწვები
და ვმღერი გოგონაზე,
რომელიც მგლებმა გადაარჩინეს.
ლილენ
ზღვამ სამხრრთით გადაიწია.
თოლიები კი,
დამშრალ ნაპირზე ისე სხედან,
როგორც ძაღლები
მიტოვებული ქალაქის რადიოაქტიურ ნანგრევებში.
მე მათ კენჭებით ვაპურებ,
რომ თევზები გადავარჩინო. 

July 14, 2018

შენი ძაღლი მოკვდა.
მაგრამ ეს მაშინ. ახლა იმდენი ძვალი მაქვს გაბზარული, ვერ მოგიყვები.
ვდგავარ და ჩვენი ქალაქის მღვრიე მდინარეს გავყურებ.
ფანჯრიდან.
და ქარხნის მილებს.
აქ შუაღამით მატარებლის ხმაც ისმის. ეს ისეთია, თოვლით დაფარულ მთაში დაკარგულს სადგური მოგელანდოს.
ყვითელი ფარანი ბჟუტავდეს სადღაც.
მაგრამ აქ მატარებლის ხმას ქალის ხარხარი ახშობს.
მე მას ვიცნობ. მზესუმზირას ყიდდა ჩვენი სკოლის ჭიშკართან.
მერე გახდა. თვალის ქუთუთოები ამოებერა და თმა გასცვივდა.
მე მას ვახსოვარ.
მოკლედ, სიკვდილი.
მაგრამ მანამდე, სევდაა.
ზის ლიანდაგზე და დაკბენილი ლეკვი უჭირავს.
ლეკვი მოკვდება.
დატოვებს დღეებს,
ზუსტად ისე,
როგორც შენ,
როგორც გაფუჭებული ფოტოფირები,
სარეცხის თოკზე
გაფენილი.

March 4, 2018

ჰაერი უნდა იყოსო ისეთი, რომ კოვზით მოჭრაო.
ხომ გადაგარჩენდი.
შენ ერთი ხარ, საფეთქლებში ჩადგმული სარკმლებით.
მე მუნჯის სიზმარში ჩავრჩი.

September 19, 2017

სხვა სახლში ვცხოვრობ. იქ ფოთლებს წვავდნენ.
ხოლო ღმერთები არც აქაურობას ეტანებიან.
ხანდახან, გამთენიას, როცა ოთახი ცივდება და ნაფოტების შესაგროვებლად მივდივარ ჭიშკრის გადაღმა ტყეში, უკან მობრუნებული თავაუწევლად, ჩუმად ავხედავ ხოლმე. სახურავზე სხედან.
ისინი გვანან იმპერატორთა ძეგლების ჩრდილებს. ლურჯ ფონზე. უძრავად. და კი არ დგებიან და მიდიან. არა. ქრებიან.
შენ იცი, გაქრობა რაც არის.

აი, პური გახმა.
აი, კაკლის ნაჭუჭში ლებანი ჩაიმჩვარა.
აი, აივანზე ფოთლები ყრია.
ხედავ კავშირებს?
მე სველი ხელები, როგორც ხის ნედლი ტოტები, დავდე მაგიდაზე და ჰაერს ვაპრიალებ. თვალებით.
იქ ტყეები იწვის.
ღამე ძვლების მტვრევის ხმა მაღვიძებს. ვამბობ. ტყე იწვის.
ჰაერს შეატყობ ასეთ განგაშებს. ფითრდება.
ღმერთები კი.

ღმერთები ასეთ ნისლებს არ ეტანებიან.

January 17, 2017

ამოვიღე თვალებიდან ნემსები. წყალს გავაყოლე. დავხურე კარი. დღეს სახლში არ მივდივართ.
დღეს ქალაქგარეთ, იაფფასიან სასტუმროში წავალთ. იქ დავიძინებთ.
რამდენიმე ქალაქის და სოფლის იქით ფოთლებს წვავენ.
ჩვენ აქ დავრჩებით. ფანჯარასთან დაველოდებით დასაღამოვებას.
რამდენიმე კვირის გაუწმენდავი ფანჯარა, რაფაზე მკვდარი ფარვანა. აქედან მარტივია, ვეღარ ცნობდე მეგობრების სახლებს.
მე შენი სახლი მომენატრა. კიბე. დიდი ფანჯრები.
იცი, გაანათეს შენი ქუჩა. ჰალოგენის ანგელოზები დაკიდეს. ელსადენებზე კიდიან თვითმკვლელი ბავშვებივით..
ძნელია.
და არც მოვა სიმშვიდე, სანამ ტანში ჩაბრუნებულ ბალახს ლაპარაკს არ ასწავლი.

April 14, 2016

მერე მოვიტანე წყალი და ნაფოტები.
ჰაერი იყო მთელი ღამის სამყოფი.
ვთქვი, უთხარი, ნუ დგანან კართან. ფანჯარას ნუ ფხოჭნიან. ნუ სცივათ.
ვისაც კანქვეშ ფოლადის ტკიპები არ დასდის, ჭრაჭუნით, ყველას შეუძლია თავის გვერდზე გადადება და დაძინება.
როგორ მომენატრა ძილი. წყლის დავარცხნასავით.
გაიხსენე. ჩემს თავში გავარვარებული ნათურები გამოსაცვლელია.
ცეცხლისფერი სპირალები საფეთქელთან მიელავს.
როგორ აღმოვჩნდი აქ, ასე შორს ჩვენი სახლიდან. ქუჩიდან. როგორ გადავვარდი ქარხნებისიქითა წითელი ცის ქვეშ. ფერადი ცელოფნებით გაწყობილი დღეების რიგში.
უხეებოდ როგორ ვიცხოვრებ.
მაშინ წყალი გვქონდა.
და ნაფოტები.

January 11, 2016

გიყვები ამბავს, საშიშს. ადამიანებზე, რომლებიც ძალიან ხმამაღლა დადიან, ცხოვრობენ და ლაპარაკობენ. 
მათ შეუძლიათ ძვლებიდან ტვინის და ცხიმის გამოწოვა. წარმოიდგინე.
მე შენ დაგინახე. ნათელი და სევდიანი ერთდროულად. ზაფხულის წვიმასავით. მთავარია, მაგიდაზე ცხელი სამართებლები არ იდოს. 
სპლინს მოერევი.
შენ ნუ ფიქრობ, რომ არ მახსოვს, სად დატოვე ფეხსაცმელები და წახვედი შიშველი, თხელი ტერფებით.
ხელები მინდა შემოგხვიო.
ასე დაკარგულს.
მე პირველად მომეჩვენა, რომ არ იცი, სად ხარ.
რომ გწყინს, რომ არავინ მოვიდა თქვენს წასაყვანად.
შენ არაფერი იცი. 
უთხარი სხვებს: 
ჩვენ არ ვიცით თქვენი მისამართი.