
ბებო
სველი სურა, სიძველე მწვანედ რომ დაფერავს, აი, მაგიდაზეა.
შენ ფანჯარასთან, სარწეველა სავარძლით და კუბოკრული პლედით. შენ შინდისფერი ალბომებით რაფაზე, მე ცერებზე კარადიდან ლოგინამდე და უკან, ვღიღინებ შენს მოგონებებს: "ყვი-თე-ლი ფო-თლე-ბი თან მი-აქვს ქაარს"...
შენი სიზმრები და ჩემი ცხოვრება უკვე საკმარისად დაემსგავსნენ ერთმანეთს. ჰოდა, არ გინდა,
იძინე მშვიდად, ვერ შეცვლი ვერც ჩემს გზას, ვერც სიზმრებს ამოირეცხავ თვალებიდან.
ან ეს თვალები, სილურჯე გაუშვეს, ცელოფნის ნაფლეთებივით გაყრია უპეებზე.
აი, იქ, ქალაქში, ჩემთან, ჩემს ოთახში, ღამით, სამს რომ გადაცდება, ექვსამდე, ისეთი სიბნელეა ხოლმე, აი, ბაბუას პალტოს ჯიბეში რომ ზის, ზუსტად ისეთი.
და მეშინია.
მე შენი სიზმრებიც მაფერხებდნენ და კანჭებზე შემოჭერილი კანაფით დავდიოდი თითქოს, მაგრამ ახლა სისხლი ჩაგუბდა, კანი გასკდა და მე დავშრი. ასე, რომ აღარ მეშინია.
დაიძინე.
ჰო, იქ, ქალაქში იმდენი ღმერთია, ანუ იმდენი მათხოვარი ტაძრებთან და უტაძრებოდაც, ძნელია იყო კეთილი.
და დადიან აღმართ-დაღმართ საიდუმლო ღმერთები საშინაო ღიმილებით.
დაიძინე.
შენ რომ დაგესიზმრა, ის მოჭრილი თმები და წყალდიდობა სხვას აუხდა, მე "გადავრჩი".
და ამ ერთ მუჭა ქიშმიშს, ნიგვზის ამ ქარვისფერ ლებნებს და მთის თაფლს წავუღებ მეგობარს, რომელიც მოკვდა!
No comments:
Post a Comment