Pages

October 29, 2013

უთხარი ბავშვებს, სახლში ნუ შევლენ,  კედლებზე ხავსია, იატაკზე მანდრაგორები...
საძინებელში ფოტოა, შავ-თეთრი, სადაც ჩემი თვალები სათამაშო ნიჩბებით ამოჩორკნილ ორმოებს გვანან. 

უთხარი ბავშვებს, თუკი მაინც არ დაიშლიან, იარონ მხოლოდ მარჯვნივ. მარცხენა ჩრდილებისაა...
უთხარი ბაშვებს, ნარინჯისფერ ფლაკონებთან ფრთხილად!..
არ წამოსცდეთ არცერთი კუთვნილებითი ნაცვალსახელი.
ლურჯი ვიტრაჟების მიღმა, მუხის კარადაში ჩვილის პიჟამოში გახვეული შხამიანი სოკოებია, მაქმანებს თუ შეხსნი, მკვდარ ყვავებად იქცევიან, მერე აღარაფერია საშიში.
უთხარი ბავშვებს, ყველა სკამის ქვეშ თოკები ყრია, მე ასე ვიკავებდი სურვილს წასვლის.

მაშინ გზები არ იყო.
იყო ძაფები, მავთულები და თოკები.
იყო უდაბნო ჩემი ჭიშკრიდან ყველას კარამდე.
უთხარი ბავშვებს, სასთუმალთან, ფაიფურის ჭიქა სავსეა სინდიყით, რომელშიც სისხლის წვეთები ბროწეულის მარცვლებივით ყრია, და იქაც ფრთხილად!
უთხარი ბავშვებს...
თუმცა,
კარები
ჩაკეტილია
შიგნიდან!.. . . . . .




October 22, 2013

ახლა უფრო რთული შეკითხვები იბადებიან. სასვენი ნიშნების გარეშე.
ასე უფრო ძნელია.
მე ჭერში ვეკიდე მხრებით და ვიმეორებდი ისტერიულად: 
"სად არის?!"
ჯერ ობობები მოკვდებიან, მერე - მე.
ხველებას გადაყვნენ ბავშვები ცისფერი საღამურებით. ტუჩზე უჰაერობა შერჩათ და შუბლზე ცივი ოფლი.
ეს კედლები მე დავბზარე. მაგიდა, სკამები მე დავჩეხე.
ქალაქი ჟონავს ნესტიან მილებში და ნესტი ჟონავს სისხლძარღვებში.
წითელი თვალები მაქვს და ვიმეორებ: "სად არის?!"
და მეც იმათგანი ვარ, ვისაც ხელი გაუშვეს და არ ჩამოვარდა.......



October 21, 2013

მკვდრებმა არ იციან, რა ქნან. ჩვენ - უბრალოდ არ გვინდა. 
სანთლები ვჭამოთ და ძაფები მაჯაზე შემოვიჭიროთ.
გასანთლული ძაფები ძნელად წყდებიან.
მე ძალიან ნელა ვლაპარაკობ... ნელა ვჭამ... ნელა ვწმენდ ფეხსაცმელს... ნელა ვცხოვრობ.
ნახვამდის.
მე დავიწყებ ხატვას, რომელიც დამავიწყდა, რადგან თვალებიდან ამომჩიჩქნეს ბაცი ფერები, სიკაშკაშე კი ძვლებს მიმტვრევს. 
ხეებმა სტვენა ისწავლეს, ანუ, მკვდრებთან ლაპარაკი.
მელანქოლია არ იჭმევა, ეს არის შავი, ბლანტი ტუშის ვენებში ჩაღვრა...