დაბრუნდი რა სახლში.
დაბრუნდი, გთხოვ.
შენს სახლში იყავი.
აღარ დაიღალე უჰაერობით? მიწით და წყლით?!
ახლა რომ ჩრდილოეთის ქალაქებში ომია, მე ეგ ხომ ბევრჯერ მაქვს ნანახი, ხომ მაქვს ნანახი, მკითხე, როგორ ვიარე მოლისფერ ხაზამდე, მტვრის და ცემენტის რამდენი საფარის ქვეშ ჩამეტკეპნა ის საშიში ამბები, რომლებმაც ყეფა მასწავლეს.
მე არ ვიცი, რა უნდა გითხრა, თუ მართლა შეძელი დაბრუნება. წერილებში თამამი ვარ, კონტურებს ვაგნებ და ხელებით ვსინჯავ, მაგრამ ქუჩიდან უცებ შენთან მოსვლა რომ მომიწიოს, რა უნდა გითხრა, არ მიფიქრია.
მოგიყვე, როგორ გამიშრა სასა ცაში ყურებით,
როგორ ჩამეზარდნენ ტანში ვერცხლისფერი, ცივი გველები,
როგორ ამომდის მაჯიდან წითელი ჟელე, მეწამული მთების ამინდი,
როგორ დამეხოცნენ თევზები, რომლებსაც ჩემი სიჩუმე ებევრათ.
აქ სულ ციოდა.
როგორ ჩავტენო სიტყვებში ის, რომ ვიდექი წყალში და ჩემი ერთადერთი თვისება იყო გაშეშება, დაბნევა ყველა კართან.
ჩამოგითვალო, რამდენჯერ დამცვივდა პირიდან უარყოფითი ნაწილაკები და შემომაკვდა რამდენი ადამიანი.
ვერ ვუპატრონე.
ან შენ რას მეტყვი, რომ ქცევებს იძულება განაპირობებს და არა სურვილი?
რომ ვერ შეძელი და იმ ყოვლისშემძლე ციდან ვერ ჩამომიგზავნე სულ იოტისოდენა სიხარულიც,
მუხლების გასამაგრებლად, ფესვების დასალბობად...
შენ ვერ იპოვი ვერცერთ სიტყვას, რომელიც ოდნავ მაინც გაუტოლდება ჩემს ტკივილებს, გმინვას და ყმუილს.
გახსოვს, ადრე რამე რომ მწყინდა, სკამზე, რაფაზე ავდიოდი და ვყვიროდი, რომ ასე არ შეიძლება!
მერე სხვანაირი წყენა ვისწავლე, მალებს შუა თითის შეყოფა და გულზე მიჭერა, რომ თუ იქ არის, უნდა მეტკინოს, და თუ არ მტკივა, სად მიდის იოდი, რომელსაც პირდაპირ ნესტოებიდან ვსვამ.
დაბრუნდი სახლში!
ჯიბეები მოვისინჯე, ჩანთა ამოვაბრუნე, არაფერი მაქვს.
გადაკეცილი ცარიელი ქაღალდი ხომ მაინც უნდა გქონდეს, რომ ვინმეს მიადგე.
მიშველეო, უთხრა.
აი, აქ ძალიან მტკივაო.
მოატყუებ, რადგან ის ადგილიც არ გაქვს, რასაც სტკივა.
რაც დრო გადის, მე სულ უფრო ვრწმუნდები, რომ თმებით ვარ მიბმული შენი ძვლებიდან ამოზრდილ ხეს, ფრჩხილები ჩამეზარდა და ვასაზრდოებ.
შენ იკვებები ჩემით.
დაბრუნდი სახლში, და მე ყველაფერს კარგად აგიხსნი.