Pages

March 20, 2015

სიზმარი

სახლი იყო დიდი ჭიშკრით, სადაც საღამოობით მიდიოდნენ ადამიანები. მეც.
რიგი იდგა ხოლმე ჭიშკართან.
სახლი იყო ძილისთვის. ძილმორეული ადამიანების რიგი იდგა რკინის მაღალ კარიბჭესთან.
უნდა შეგეღწია და დაგეძინა. მერე სხვებსაც.
მე ყოველთვის პირველი მივდიოდი, ანუ შუადღეს. შეღამებულზე იხსნებოდა კარი.
ერთხელ თაი მოვიდა. ბოლო ღამეს. ბოლო სიზმარში.
დიდი ჩანთით და ტალახიანი ბათინკებით. დავიღალეო.
ჩანთას მე წავიღებ-მეთქი. გრძელი თმები ჰქონდა. ნათელი.
შევედით.
შუაღამით გამომეღვიძა. ლეიბი ძვლებით იყო ამოვსებული. მხრები მტკიოდა. წელიც.
წავიდეთო, თაიმ.
ჩანთა თვითონ წამოიღო.
მერე ტყე გამოჩნდა. თაიმ წყალი მინდაო და დაბურულ ბილიკს გავუყევით.
თაი გადაიქცა ხედ.
კარგი-მეთქი. როგორც გინდა, ოღონდ არ დაბერდე, მე ყოველ გაზაფხულზე მოგიტან წყალს და გვიან შემოდგომამდე არ წავალ-მეთქი.
ხე იყო დიდი და უძრავი.
და წელიწადის ყველა დროს ჰქონდა ქარვისფერი ფოთლები. მსუბუქი და ნათელი.

March 16, 2015

მიტოვებული სოფლის სევდაზე ვფიქრობდი და შემოგიარე.
მერე მოგიყვები ამბებს, იმ სოფლებში მცხოვრებ თითო-ოროლა ადამიანებზე და ვერგამთბარ სახლებზე.
 

ნახვამდის.