Pages

April 14, 2016

მერე მოვიტანე წყალი და ნაფოტები.
ჰაერი იყო მთელი ღამის სამყოფი.
ვთქვი, უთხარი, ნუ დგანან კართან. ფანჯარას ნუ ფხოჭნიან. ნუ სცივათ.
ვისაც კანქვეშ ფოლადის ტკიპები არ დასდის, ჭრაჭუნით, ყველას შეუძლია თავის გვერდზე გადადება და დაძინება.
როგორ მომენატრა ძილი. წყლის დავარცხნასავით.
გაიხსენე. ჩემს თავში გავარვარებული ნათურები გამოსაცვლელია.
ცეცხლისფერი სპირალები საფეთქელთან მიელავს.
როგორ აღმოვჩნდი აქ, ასე შორს ჩვენი სახლიდან. ქუჩიდან. როგორ გადავვარდი ქარხნებისიქითა წითელი ცის ქვეშ. ფერადი ცელოფნებით გაწყობილი დღეების რიგში.
უხეებოდ როგორ ვიცხოვრებ.
მაშინ წყალი გვქონდა.
და ნაფოტები.

January 11, 2016

გიყვები ამბავს, საშიშს. ადამიანებზე, რომლებიც ძალიან ხმამაღლა დადიან, ცხოვრობენ და ლაპარაკობენ. 
მათ შეუძლიათ ძვლებიდან ტვინის და ცხიმის გამოწოვა. წარმოიდგინე.
მე შენ დაგინახე. ნათელი და სევდიანი ერთდროულად. ზაფხულის წვიმასავით. მთავარია, მაგიდაზე ცხელი სამართებლები არ იდოს. 
სპლინს მოერევი.
შენ ნუ ფიქრობ, რომ არ მახსოვს, სად დატოვე ფეხსაცმელები და წახვედი შიშველი, თხელი ტერფებით.
ხელები მინდა შემოგხვიო.
ასე დაკარგულს.
მე პირველად მომეჩვენა, რომ არ იცი, სად ხარ.
რომ გწყინს, რომ არავინ მოვიდა თქვენს წასაყვანად.
შენ არაფერი იცი. 
უთხარი სხვებს: 
ჩვენ არ ვიცით თქვენი მისამართი.