Pages

September 19, 2017

სხვა სახლში ვცხოვრობ. იქ ფოთლებს წვავდნენ.
ხოლო ღმერთები არც აქაურობას ეტანებიან.
ხანდახან, გამთენიას, როცა ოთახი ცივდება და ნაფოტების შესაგროვებლად მივდივარ ჭიშკრის გადაღმა ტყეში, უკან მობრუნებული თავაუწევლად, ჩუმად ავხედავ ხოლმე. სახურავზე სხედან.
ისინი გვანან იმპერატორთა ძეგლების ჩრდილებს. ლურჯ ფონზე. უძრავად. და კი არ დგებიან და მიდიან. არა. ქრებიან.
შენ იცი, გაქრობა რაც არის.

აი, პური გახმა.
აი, კაკლის ნაჭუჭში ლებანი ჩაიმჩვარა.
აი, აივანზე ფოთლები ყრია.
ხედავ კავშირებს?
მე სველი ხელები, როგორც ხის ნედლი ტოტები, დავდე მაგიდაზე და ჰაერს ვაპრიალებ. თვალებით.
იქ ტყეები იწვის.
ღამე ძვლების მტვრევის ხმა მაღვიძებს. ვამბობ. ტყე იწვის.
ჰაერს შეატყობ ასეთ განგაშებს. ფითრდება.
ღმერთები კი.

ღმერთები ასეთ ნისლებს არ ეტანებიან.

January 17, 2017

ამოვიღე თვალებიდან ნემსები. წყალს გავაყოლე. დავხურე კარი. დღეს სახლში არ მივდივართ.
დღეს ქალაქგარეთ, იაფფასიან სასტუმროში წავალთ. იქ დავიძინებთ.
რამდენიმე ქალაქის და სოფლის იქით ფოთლებს წვავენ.
ჩვენ აქ დავრჩებით. ფანჯარასთან დაველოდებით დასაღამოვებას.
რამდენიმე კვირის გაუწმენდავი ფანჯარა, რაფაზე მკვდარი ფარვანა. აქედან მარტივია, ვეღარ ცნობდე მეგობრების სახლებს.
მე შენი სახლი მომენატრა. კიბე. დიდი ფანჯრები.
იცი, გაანათეს შენი ქუჩა. ჰალოგენის ანგელოზები დაკიდეს. ელსადენებზე კიდიან თვითმკვლელი ბავშვებივით..
ძნელია.
და არც მოვა სიმშვიდე, სანამ ტანში ჩაბრუნებულ ბალახს ლაპარაკს არ ასწავლი.