Pages

February 25, 2013

შეხედე.
ეს არის ხელი. შენკენ გაშვერილი და გაშეშებული გამხმარი ძვალი.
ეს ჩვენი მეგობარია შიგნიდან ჩაკეტილი ორი თვალით.
ეს არის ხე, რომელსაც იოდიანი ცხვირსახოცით შევუხვიეთ დამსკდარი ტოტი.
ეს შენი ძაღლია, ცოცხალი თავით შინ რომ არ მიდის და უცხო სადარბაზოსთან იწურავს სველ ტანს.
ეს ჩვენი სკოლაა, ფანჯარაზე მიწებებული ცალხაზიანი ფანტელებით.
ეს არის სკამი, გადმოაბრუნე და ქვეშ მიწებებული საღეჭი რეზინების სიჭრელე ერთ გაზაფხულს ეყოფა.
ეს შენი ფეხსაცმელებია, შიგ ჩამდგარი სიბნელე რომც ამოცურდეს, ვერ დატოვებს გზაზე ვერცერთ ნაფეხურს.
ეს ჩემი მაჯაა, საიდანაც ბროწეულის მარცვლები მოცოცავენ.
ეს ჩვენი ქალაქია, კეფაში გაყრილი ჟანგიანი, წყვილი ლიანდაგით.
ეს - შენი სახლი, ძველ შპალერზე ამოსული რეზინის ყვავილები იკბინებიან და ყველა კუთხიდან ქრის. ჩვენ რომ ვცხოვრობდით, მაშინ ასე არ ციოდა.
ეს ჩემი აბებია, ზოგიერთებს შენ არ იცნობ. დროდადრო დავიმსახურე.
ეს ჩემი პერანგია, დაფლეთილი სახელოებით.
ეს ჩემი თითები, სისხლის წასკდომამდე დაჭმული ფრჩხილებით
და ეს ჩემი თმები, დანით მოჭრილი, შავი გველებივით უსულოდ ყრია ძველ გაზეთზე.
ეს შენი სურათია, ჩემს თვალებში ჩატკეპნილი ბოლო სისხლიანი კადრი.
ეს კი მე ვარ, რომელიც ხედავს გადამწვარ ველებს და წერს: ხეებმა ყველაფერი გაიგონეს.

February 1, 2013

მე როგორ მოვიდე. ვერაფრით ვიხსენებ კარიდან გზა საით წავიდა. 
კარის იქით არაფერი მახსოვს. 
წუხელ დამესზიმრა, სადღაც მიდიოდი. წასვლის წინ მოხვედი, დაიხარე. ”თავზე ხელი დამადეო”, მითხარი.
თმაზე დაგისვი. 
”მორჩა, აღარ მტკივაო”. 
როგორ დამღალე ამ გაფუჭებული კადრებით, ზუსტად შუაში რომ წყდება და იქიდან ვეღარაფერში გადავდივარ.
მთელი ამბები უნდა გადავზიდო და მერე ჩავჯდე, როგორც ნავში.

წყალი მდორეა. 
მკვდრების მდინარე.
სულ დაბლა, ფსკერზე ღმერთი რომ წევს და უყურებს სულების გადაფრენას სამხრეთით.
სამხრეთი არ არსებობსო, რომ მითხარი ერთხელ, ისიც მახსენდება დრო და დრო.
კომპასი რომ მაჩუქეს, ეგ არ მითქვამს.
კიდე ჩაის კოლოფები და ნახატებიანი ბოთლი.
მე რო დებილივით მიხარია ხოლმე ეგეთები, ისედაც იცი. 

ზღვაზე ვერ წავედი ამ ზამთარს. 
დავდივარ გამხმარ ქუჩებში და ვიმეორებ ”სულერთია”-ს ალილუიასავით.
ხანდახან, რაღაცები რომ ხდება, მინდა რო მოგწერო, მაგრამ არ მეჩქრება, შენ ხო სულ გძინავს და სანამ გაიღვიძებ, მე უფრო მძიმე და შემზარავი ამბები დამიგროვდება, რომელსაც მოჭრილი ხის მორებივით მოვაგორებ შენთან, მერე იმაზე ჩამოვსხდეთ და ვილაპარაკოთ.

შენ რაც უნდა მომიყვე, ზეპირად ვიცი. 
რომ ნერვებს გიშლიან, რომ ყველაფერი ძალიან ხმამაღალია და ვერ იტან, რომ ფიქრები გეკარგება. სულ ასე.
მე უნდა წავიდე, მთელი ჯოჯოხეთები გადამხდეს ჯერ. 

გზები სველია.
ფეხსაცმელები გაიხადე და ისე იარე. - იქნებ გამოგეღვიძოს.