Pages

March 31, 2011

გაიღვიძე, გესმის? გაიღვიძე!!!!!!!!!!!!!! ;(


გილოცავ. ეს დღე კი ახლა ჩემი უფროა. ხვალ ბევრ სანთელს წავიღებ სადმე. ორი ზომით დიდ ჯინსებს ჩავიცმევ და ვივლი დაღამების მერემდე.
უკვე დიდი ხარ. მე ისევ ძაფებით ვიკრავ თმებს.
გეტყვი, როგორი იქნება "ხვალ".
ჩუმი და უბრალო, უმელოდიო და უფერო.
და ავალ უნივერსიტეტის იმ კიბეზე, უკან და მიბნელებულში, სადაც მოაჯირზე მიყრდნობილი ეწეოდი.
თასმებს შევიხსნი, სულ ბოლო საფეხურზე ჩამოვჯდები და ვიტირებ, შენ გეტყვი, რომ კედები მიჭერს. ვინმეს ვეტყვი, ვინც თმის ფერით ან თავის ფორმით გემგვანება.
და არავინ იქნება ქალაქში, ვინც მეტყვის, რომ წუხელ რომელიღაც პაბთან გნახეს, რომ ყვიროდი და ხელებს იქნევდი, რომ მე ვიფიქრო, გამთენიისას დაიძინე და ასე ოთხისთვის გაიღვიძებ და დამირეკავ.
არ ვიტყვი არაფერს, არა, არაფერს, დედას გეფიცები!
იცი რა ცარიელია ყველაფერი? უაზროდ შენივთული, მღვრიე არაფრით სავსე. ბე!..
ხვალ ბევრს მოგწერ, იქ, იმ ხიდთან, იმ ხეებთან, იმ პოლიეთილენის ცის ქვეშ, იმ ვარდისფერ, დაფლეთილ ნისლში, იმდენს მოგწერ, იიიმდენს...
მძულს გვირილები, ვეღარ ვიტან, რადგან რაც გულით შევიყვარე, ყველაფერში რაღაც შემისახლდა, ან ბევრი ვიღაც, აი, როგორც შენში სიკვდილი.
რა ბეეევრი სანთელია, ბე... ამდენი წლის ხარ? აი, ეს ბოლო ორი არ ვიცი, გადავყრი ამ ორ სანთელს ბე, თან ისეთი ფერის არიან, მე რომ მეზიზღება, სტაფილოსფერი და ვარდისფერი.
აი, ის ქალი, ბე, ჩრჩილი რომ უჭამს დარაბებს, რაღაც უსაშველო სენის ფერია მისი ფანჯრები და ისე უსისხლოდ ყვავის რაფაზე ბალბაც, ყოველ დილით მწყევლის, რადგან ჩემი მეგობრები საღამოობით ხმამაღლა იცინიან. მე ხომ არ ვარ არცერთი ჩემი მეგობარი, თან ისინი ხომ მხოლოდ იცინიან! უთხარი, რა, ბე, უთხარი, რომ ისედაც უშენოს სიბნელისკენ ნუ მიკმევს.
მიჭერს კედები, ბე, შენი გაკაფული ხელები მტკივა.
ხვალ მოგწერ, თან ბევრს.
შენც გძინავს, ოღონდ ხვალ ოთხამდე. მხოლოდ ხვალამდე, ბე!!!

March 24, 2011


შავი

ჩამოვარდა. გატყდა. მე გავიგონე, როგორ გეწყინა. რომ ვივლით შუშის ნამსხვრევებზე და ვერ მივხვდებით, რა გვსერავს. ჩამოწყდება საკიდიდან ძველი პალტო და მეგონება, რომ ვიღაც მოვიდა ცუდად, ჩვენთან არა, ჩვენთვის.
უფრო, უფრო მუქი მელანი სდის კედლებს, სქელია და ამით ვგრძნობ. რაც სქელია, წყვდიადიდან მოჟონავს. მე ვიცი! გაგდებ.
რატომ გატყდა, თუ გეწყინებოდა, ან როცა გეწყინა, რატომ აღარ აინთო რაღაც ჩვენს გადასარჩენად.
აი, აქ სისხლი ჩამექცა. კიდე აქ... აქაც... თავიდან მეგონა ხეები ფრჩხილებივით ჩამიბრუნდა ტანში და მხოლოდ ფესვები ჩანან. გადაატარე ამ ფესვებზე თითები და როცა ვიყვირებ, მიხვდები, რომ ხეები მტკივა.
ზურგზე დამახატე ჩიტები, გაბურძგნულები, ფრთამოტეხილები იქნებიან, რადგან ვერ ხატავ. შენ ვერ ხატავ, მაგრამ ამას ვერავინ დაინახავს. მხოლოდ მე ვიგრძნობ, რომ სადაც ფუნჯს გადაუსვამ, იქ ამოიზრდება სველი და უსუსური ფრთა.
ხეები იზრდებიან და გამომშრალ ხის ღობესავით ამტვრევენ ნეკნებს, ჩემს ნერვებშიც ისე გაიხლართნენ, როგორც ის თელა ელსადენებში.
ვიღაც ჩაიში მიყრის სოფორას ყვავილებს, რომ სისხლმა იდინოს და სულ ერთიანად არ დახეთქოს კაპილარები.
ქალაქში მილები დაძველდა.
უფრო სქელია მელანი, რომელიც კედლებიდან ჟონავს.
ბრაილის შრიფტივით ვკითხულობ ჰაერს, რომელიც ამოისუნთქე, რომელსაც აღარ სცვივა ქარვისფერი, თბილი ვარსკვლავები.
არ ხარ.
და მე მიხარია, რომ სადღაც აინთო ის, რაც გდაგარჩენს.
მე კი... მე...
ჩვენ ხომ ვერასდროს გავდიოდით ორნი ერთი კარიდან.

March 18, 2011


წითელი

იატაკზე ბროწეულის მარცვლები ყრია, ანათებენ.
აბიჯებ და დერეფნის ბოლოსკენ მიდიხარ, შლი სერპანტინებს,
მე ალუბლები ჩავიჭყლიტე თითებში და მერე გეფერე.
ფერფლმა ითოვოს. მასში იძინონ ბავშვებმა, მაჯებზე თოკები რომ შემოუჭირეს და გაძლება დააფიცეს.
ღუმელზე თუჯის ქვაბში ძოწის მძივები იხარშება. წყალი ბუყბუყებს, მძივები კი ფსკერზე უმოძრაოდ ყრია.
რადიოს სიძველეს ვაბრალებთ, რომ არაფერი ისმის, არადა ჰაერია დახშული, ჩვენც ამ ჰაერში თავით ვართ ჩაყუდებული და ვყლაპავთ ბასრ ვიოლინოს გასაღებებს.
შენ სიტყვებს ეძებ, მე იმას, რაც სასვენ ნიშნებამდე ეწერა. ეს ერთი და იგივეა, ოღონდ ჩვენ არ ვიცით. არ ვიცოდით.
ჩვენ ველა საგანს წავუშალეთ კონტურები და არ გაგიკვირდეს, ვიოლინოს ფუტლარს რომ შეერიო. არ იუცხოო გახუნებული ხავერდის სუნი.
ახლა უფრო ცოტა ხარ, ვიდრე გუშინ და იქნებ მეც მხოლოდ ის წერტილი ვარ, რომელსაც საათობით უყურებ. მეტი არ დავრჩი.
კიდევ ერთხლე გვეტკინება და მერე აღარ ვიქნებით. მერე ვინმე სხვას ეტკინება, ვისაც ლაქად დავაჩნდებით.
თან ხომ ვიცი, არ ვეტკინებით არავის!
ელავს.
რაფაზე ბალბა და მინაზე გაჭრილი თითით ნაწერი: "ჩემი მკვლელი ბავშვია. მან ეს ჩაიდინა მხოლოდ იმიტომ, რომ ქარმა მის პალტოს პომპონები დააწყვიტა. ის, ვინც მე მომკლა, მკვლელი არ არის!"
მე დერეფნის ბოლოში ვარ ახლა, იატაკზე ბროწეულის მსხვილი მარცვლები ყრია.
მოაბიჯებ და შლი სერპანტინებს.
ეს სხვა მდინარეა, სხვა ტბა, - სქელი და მკვდარი.
შენ სისხლი არ გდის!
შენ სისხლი არ გდის!


March 16, 2011

ნაირა გელაშვილი - "ჩვენება"

*

ის დგას გულდაწყვეტილი ამაოდ მომლოდინე მზერით, როგორც კაცი, რომელსაც ხელისგულში ხიჭვი აქვს, მას კი ხელისგულის საინტერესო ხაზებზე ესაუბრებიან ოსტატურად, იდუმალი ჩურჩულით, ან სულაც ხიჭვის შემადგენლობას განუმარტავენ სიმღერ-სიმღერით...

*

და მაინც ვარსკვლავებისკენ უნდა იარო და სხვისკენ აიღო გეზი, შენ, ობოლო და მიუსაფარო, უხილავი დედა იპოვო... დე, მუდამ გქონდეს დაუშრეტავი საუნჯე ცრემლის და არ დაივიწყო: იმითა ხარ უძლიერესი, რომ შენ ერთადერთს შეგიძლია შეიცოდო მთელი სამყარო...

*

მისკენ მიილტვის ნათელი, ვინც თავად ანათებს... და ბედნიერია პატარა ქოხი - დაღლილთათვის კარგაღებული - მას მზე ადგება...

*

შეჩერდი, წამო! ორი წამით შეჩერდი, წამო! დარჩეს სამყაროს გაჩერებული წამის სურათი. და განა მხოლოდ იმიტომ, რომ მშვენიერი ხარ, არა, საშინელების წამი ხარ, და თუკი ოდნავ შეჩერდები და გაგრძელდები, აღარ მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს შენს შემდეგ.

*

არეულად მიმაბიჯებნო, სულ ვერაფრის ვერ მაფიქრალნო, ვერას მომსწრებნო.

*

უახლოესო, როგორ აცივდა დედამიწაზე... მე მეშინია... ეს ხომ ჩვენი დედამიწაა, ნუთუ ჩვენია?
დაგვიმახსოვრე, დამნახველო, დაგვიმახსოვრე...

*

ხოლო მე ავალ და დავრჩები იმ ძნელ მწვერვალზე, მოდი, მომყევი... გზა იქით მიდის... იქ ზარს ჩამოვკრავთ, ზარი დავრეკოთ... აგუგუნდეს და შეაჟრიალოს ჯადოგამჯდარ ქვეყნიერებას...
ზარი... ყოველ წამწამს, უპის ორმოში რომ ჩაიყინა, უპეს დაეკრო.
ზარი... სიკვდილის ნაცრისფერ აბებს, გრილი თითები უშფოთველად რომ ამზადებენ!
ზარი... მტკივან მხრებს, წინასწარ დუღაბი რომ გადაასხეს, რათა იქ ფრთებს არ ამოეჭრათ!
ზარი... იმ ფრთას, რომელიც ტანზე მიკრული დარჩა, ვერ გადაევლო ჰაერის ტალღებს!
ზარი... იმ ჩიტებს, დედამიწას რომ ვერ ასცდილდნენ, ზემოდან ჩამოვარდნაც კი არ ეღირსათ!
ზარი... სიცოცხლეს, რომელსაც უნდა ეკაშკაშა და სანაცვლოდ მხოლოდ ბჟუტავდა!

March 15, 2011

***
წაგებულებმა იცხოვრონ სარდაფში. უგულოდ მიგვყარეს, ნესტიანი კედლებიდან წამოსული ღვარი, ვერ შევაკავეთ. გავიქეცით. საღაც ქალაქის განაპირას მოვძებნეთ სახლი, რომელსაც ოთახები კი არა, უფრო უჯრები ჰქონდა. შენ შპალერი გააკარი, მე ფარდები დავკიდე. თაროებზე ჩამოვამწკრივეთ ბრჭყვიალა ქილები. ფანჯარასთან სარწეველა სავარძელი დავდგით, სანამ შენ ცეცხლს ანთებდი, მე იმ სავარძელს ვარწევდი, ვიცდიდი ასე... გადმოვიღებდით ძველ წიგნებს და მერე საშაქრის თავსახურით დავდევდით ჩრჩილებს. ჩაის ვისხამდით წითელ, თეთრკოპლებიან ჭიქებში, არ ვსვამდით, ხელებს ვითბობდით მხოლოდ.უიმისოდაც თბილოდა.
თბილი იყო საღამოც და უჩვეულო ყველა გათენება.
ფანჯარაში მსხვილი, ქარვისფერი მძივები, საჩვენებელი თითის ჩამოსმით რომ იწყებდნენ ჟღარუნს. წკრიალს.
ლამფა და ლავანდის სუნიანი სანთლები, იიიიმდენი...
კენკრით სავსე, დაწნული კალათით შემოდიოდა ნისლი.
თხელი დოლბანდით მიხვევდი დაკაწრულ მუხლებს, მე არ მტკიოდა, ამიტომ ზურგსუკან თითში ნემსი ვიჩხვლიტე, რომ მეტირა. რომ მერე შენი ხელები ყოფილიყო ყველგან და ჩურჩულზე ჩუმი ხმა: "შენს თმებს ველური ვარდისა და მთის თაფლის ნაზი სურნელი აქვს"...
მერე თაბაშირის ანგელოზს ფრთა მოტყდა, შენ თქვი, რომ სადღაც სამხრეთით გაფრინდნენ ფერიები. მეზობელ ოთახში ბავშვის ხველებამ ღამე დაბზარა.
უგანდაში გრავიტაციის კანონი არ მოქმედებს! - ვიმეორებდი დიქტორის ხმით.
მერე გაზაფხული მოვიდა, შენი თვალებიდან ვკრეფდი ღიღილოებს და ბავშვურად ვტიტინებდი: "რულჯია... რულჯი!"
მერე ძილში ღიმილი ვისწავლე და არცერთი შენი მოყოლილი ამბავი არ მახსოვდა დილით.
მერე სკამები ავაყირავეთ და ომობანა ვითამაშეთ. ცარიელი ვაზნები ეყარა საწოლზე, ჩვენ კი მუხის ძველ მაგიდასთან მოვკვდით ერთად. უბრალოდ ძილი სუნთქვასავით შევიკავეთ.
შუაღამით, ომგადახდილებმა სამი ცალი ჟოლო გავიყავით.
მეზობლის ფანჯარასთან ორქიდეები გახმა. მე ვუთხარი მას, რომ წყალი კი არა, რძე უნდა დაუსხა, დიდხანს რომ გაძლონ, მან კი დამწყევლა.
იმავე ღამეს გამილურჯდა ფრჩხილები და გამიხარდა, რომ შემეძლო მეტირა.
პარკები სიცილისფრად შეღებეს. შენ თქვი ასე. მერე დიდხანს იყავი არსად სახლში. დაღამებამდე ვარწიე ფანჯარასთან სავარძელი, სიცარიელეს თბილი პლედი მივახურე. იქვე მივწექი.
მერე კარი გაჭრიალდა და შენც გაქვავდი იქვე:
_თუთები მოჭრეს ქალაქში. - განაჩენივით თქვი.
მე კი ძილში ღიმილი მქონდა ნასწავლი და... მერე არ ვიცი რა იყო...

March 14, 2011

სველია, ბნელს იწურავს და მერე ახალამოყრილი ძვლები ყრია ყველგან. - ეს დღე!
შენც შავს იცმევ, ჩემი მოჭრილი თმებით იკრავ შენსას, ქარვებისფერს. გარბიხარ. ამ ქუჩის, ამ ხეების, ამ სუროების იქით ჩვნი სახლია, გარბიხარ, რომ სინათლე მოიკვეთო, ქალაქს შეასწრო და გამოიკეტო საჩქაროდ, და ეს ქალაქიც, სანამ ღრიჭოებში სიბნელეს შემოასრიალებს, ავაფაროთ რამე კარს, ჩქარა ავაფაროთ!
მცივა, წამწამების ნაცვლად უხილავ, დათოვლილ ნაძვებს ვხრი, პატარებს, უპეებში რომ მიღვრიან სიმწვანეს და მიწაც გარშემო, ფერი მიწის. ავადმყოფი ბავშვების ღამე. მეშინია.
წუხელ მთელი ღამე დააბიჯებდნენ აივანზე სხვების მკვდარი მამები სველი ლაბადებით, ჩურჩულებდნენ სულ სხვა ენაზე, მაგრამ არცერთი სიტყვა არ ყოფილა გულის თბილი უბიდან გამოძვრენილი, არა, რაღაც კიოდა ფილტვების ნახვრეტებიდან, რაღაც შიშინებდა ისე ავად, ისე საუბედუროდ!
მეშინია! სადღაც უკაცრიელ ყურეში აიგრაგნა სიბნელე და მოარღვევს წრეებად დაფანტულ ჰაერს. მძვინვარებს, დაფჩენილ ხახაში წელგაწყვეტილი წყალმცენარეები გასჩრია. ვკივი.
მეშინია.
დღეს შავი გაცვია, უმსხვილესად ნაქსოვი ყვავილებით დამძიმებული კაბა, გახურეული აგურები დავფშვენით, მასზე ვწვებით და ერთმანეთს ბედნიერებასავით ვპირდებით ძილს, მცივა, მეკრობი. ხელები შემოგხვიე, სუსხმა გამოგაყარა.
და მე აღარ მაქვს ძალა, გითხრა, რომ ეს შიშინი არ მოდის თბილი მილებიდან, არა!
ეს შიშმა ისწავლა ლაპარაკი.

March 13, 2011

March 12, 2011

***


"...ხოლო მე ავალ და დავრჩები იმ ძნელ მწვერვალზე, მოდი, მომყევი... გზა იქით მიდის... იქ ზარს ჩამოვკრავთ, ზარი დავრეკოთ... აგუგუნდეს და შეაჟრიალოს ჯადოგამჯდარ ქვეყნიერებას...
ზარი... ყოველ წამწამს, უპის ორმოში რომ ჩაიყინა, უპეს დაეკრო!
ზარი... სიკვდილის ნაცრისფერ აბებს, გრილი თითები უშფოთველად რომ ამზადებენ!
ზარი...... მტკივან მხრებს, წინასწარ დუღაბი რომ გადაასხეს, რათა იქიდან ფრთებს არ ამოეჭრათ!
ზარი... იმ ფრთას, რომელიც ტანზე მიკრული დარჩა, ვერ გადაევლო ჰაერის ტალღებს!
ზარი... იმ ჩიტებს, დედამიწას რომ ვერ ასცდნენ, ზემოდან ჩამოვარდნაც კი არ ეღირსათ!
ზარი... სიცოცხლეს, რომელსაც უნდა ეკაშკაშა და სანაცვლოდ მხოლოდ ბჟუტავდა!"

/ნაირა გელაშვილი/