Pages

October 31, 2011

უგანდა. ფეხშიშველები. ხის ნავი კიოგაზე. ასანთის კოლოფში ციცინათელები.
მიმართულება შენ აირჩიე. აქედან მაინც ვერ გავალთ.
არადა ჩვენი ქალაქი... ოღონდ ახლა არა, მაშინ.
უშუქო ფანჯრები, ან სადღაც შუა ოთახში ლამფის მბჟუტავი შუქი.
მერე ლამფები შეინახეს და სანთლები ენთო.
თეთრი სანთლების რიგი იყო მაღაზიებშისაღამოობით .
ქუჩის გადაღმა ვაშლის ჯემიანი ფუნთუშები და მე ისე გამხდარი.
შენი ხელები.
მერე ტელეფონის ხაზები გადაჭრეს და სახლში აღარ ვიყავით.
ის თბილისი. ჩემი მეზობლის წითლად მღუარი ნერვები.
ნავთის სუნი სკოლაში.
წითელი ტროლეიბუსი.
აქ კი ვღიღინებთ მკვდრების სიმღერას.
და ღმერთიც მკვდრი წევს ტბის ფსკერზე და მისი მკერდიდან ამოზრდილი წყალმცენარეები მალე ამ ნავსაც ჩაითრევენ.
სველი ხელი არ უნდა გაგეშვას. მე არც აქ და არც იქ, ჩვენს ქალაქში შენ გარდა არავინ არ მყავს.
წყლის მრუდე ზედაპირზე არეკლილები როგორ შევდივართ ერთმანეთის ტანში, სახეში.
როგორ ვზავდებით ერთმანეთში.
იმ ძველი ჩემოდნით ფოთლები უნდა წამოგვეღო და ასე სუფთად არეკლილ ერთმანეთის სახეებზე მიგვეფინა.
გადაყარე ნიჩბები და დაწექი.
ამაღამ ქარი იქნება.
უგანდა. კიოგა. გრავიტაცია.
დასასრული.

October 24, 2011

რაღაცას უყურებდა. წერტილის მეოთხედს.
არ უთქვამს, დაიძინეო.
დროდადრო თმაზე ხელს დამისვამდა.
ყველაფერი იცოდა.
მეც ვიცოდი, ოღონდ იმისგან, რაც მოხდა.
მან - მანამდე.
ჩრდილებმა გადაიფრინეს კედელზე, ხელების.
ერთი გამხდარი ფრთა მისი ხელის,
მეორე - პატარა. ჩემი.
მერე მუსიკა არ მომეწონა.
სადღაც სველ ძაღლყურძენებზე გადაიარეს შიშველი ფეხებით ქალებმა.
ხმამაღლა იცინოდნენ.
გული ამერია.
ვიგრძენი, რომ ხელით დამიკავა შუბლი.
არ დამინახავს.
არც მას.
მერე შუქნიშნები.
აღმართი.
კიბე.
საპნით მოვაშორე მისი სუნი ხელებს, სიზმარში რომ არ ჩამეთრია.
როგორ ვინანე, რომ აღარ.
არასდროს დავტოვებ!





October 3, 2011

წუხელ მეორედ მოიკლა თავი ბექამ. შენ არ იცი. ქარი იყო აქ და ფანჯარა გააღო.
მე ეგეთების აღარ მეშინია, მაგრამ მაგ დროს მაინც სულ-სულ განსაკუთრებულად მიყვარხარ.
შენ, ბოკოკო რომ ხარ და არასდროსაც არ კითხულობ, რას გწერ. აღარ კითხულობ.
ახლა სხვა რამეებია, უფრო წონიანი და "ინწელეკტუალნი". გინება აქ.
ბოდიში.
შენთვის კიდე პატარა ვარ, მე კიდე ამ დღეებში მოვკვდები.
შენ არ იცი, როგორ მიყვარხარ.
გაიგე ერთი რა, ვინმეს კითხე. ყველამ იცის.
სიცხე მაქვს მგონი, ისე მინდა მქონდეს, რომ შუბლი მიხურს, თვალებიც და ვყრუვდები ნელ-ნელა. მაგარია, ფეხებიც გაყინული მაქვს და სახლში არავინაა.
მარტო ვცხოვრობ და ეს კარგია. მეტი არაფერია კარგი, თუ გავიხსენებთ იმას, რომ თვალდახუჭული ჩემთან აღარ მოდიხარ.
თვინში მერჭობა ესეც, ფანჯრიდან რომ გაჩერებული კარუსელი მოჩანს, რამდენჯერ ვთქვი. მილიონ ხუთას სამოცჯერ.
ბავშვებს ეწყინებათ.
მეც მწყინს.
შენგან სულ უფრო არაფერი მესმის და მეც ნაწყენი ბაშვივით ცერა თითის წოვას დავიწყებ, არ გინდა?
ჩემი შეგრცხვება, ზუსტად ვიცი.
დავიღალე, იცი? ახლა მართლა დავიღალე.
მეზარება ყველგან წასვლა. არსად წასვლაც მეზარება.
ოთახის ჰერბარიუმი ვიყო მინდა. ფანჯარაზე მიწებებული.
ჩიტები მომიტანენ შენს ამბავს, როგორც ბავშვობაში, როგორც ზღაპრებში.
და წვიმა წამოვა. აბა ფანჯრიდან როგორ წავიკითხო ჩიტის მოტანილი ამბავი. მორზე. კაკ-კუკ...
სისულელე.

წავედი.
ვიცი, რომ კარგად ხარ. ანუ, მე რა მიჭირს.