Pages

March 22, 2013

March 13, 2013

რამდენი ვინმე შემოვისახლეთ ამ ჩვენს სიტყვებჩაცვენილ ამბავში.
მოდიან და დგანან, თითქოს შერჩნენ სანახაობას, ბავშვი რომ გადმოვარდა  მეთორმეტე სართულიდან. 
რამდენჯერ ამოვიძირკვე მაჯებიდან მწიფე ბროწეულები, სანამ პირს დააღებდნენ, ტოტებიანად ამოვკაფე, მაგრამ ისწავლეს საიდუმლო გზები და ახლა სადღაც კეფასთან მიბრდღვიალებენ.
სახლშიც ვერცხლისფერი ბიდონებით სისხლი მიდგას და ყოველ დილით თავს ვხდი, ვამოწმებ, იქიდან დამყაყებული წყალმცენარეები და გაღუნული ლურსმნები ამომაქვს. 
როგორ მოვიგერიო-მეთქი ეს გავარვარებული სატევრები, არც თვალისკენ, არც გულისკენ დამიზნებულები, პირდაპირ მუხლებისკენ რომ მოექანებიან, მაგრამ ზუსტად მაშინ, როცა სულ რამდენიმე ნაბიჯის სიახლოვეს არიან, ბავშვი გადამირბენს ხოლმე წინ და მე ისევ მთელი ვარ. 
ყველგან, სადაც ვიყავი, ამ გალურჯებული თოჯინების სასაფლაო დავტოვე.
და რასაც ხელს ვკიდებ, ან ზედ მრჩება კანი, ან მიცურდება თითებიდან და ვერაფრით ვიხელთებ, ვერაფერი მოვითვინიერე.
ხომ შეიძლება, როცა ასე ათასი ფიქრით და ჩვენი მართლა სიტყვებ ამოყრილი ამბებით დამძიმებული, ვწევარ მიწაზე, მაშინ სადმე ხელთან ამოვიდეს ერთი ბალახი, თოთო ფოთოლი მომაფინოს თითის ბალიშზე და მომიყვეს შენი ამბავი.

March 2, 2013

ისევ ისე ვარ, ხანდახან რო ვიყავი ხოლმე, ფეხის წვერით კენჭების სროლის ხასიათზე.
ამ დროს ორი ზომით დიდი ჯინსი უნდა მეცვას. 
ჩიტები ვერ შემოვიჩვიე. პური ქარს მიაქვს.
სახურავზე მინდა ვიჯდე და ახალ-ახალ გინებებს ვხვეწავდე.
მერე ბაბუას საფლავზე წავიდე და წვიმიანი ღვინო დავლიო გაბზარული ჭიქიდან.
საფლავზე ამოსულ მატიტელებზე და კოხიებზე მივწვე და საზეპიროები ვილაპარაკო ჰაგიოგრაფიიდან.
სიგიჟეა, ღმერთმანი!
დღეს მწარე ჩაი დავლიე. არ მესიამოვნა.
მისამართებს ვერასდროს ვიმახსოვრებდი. მახსოვდა მხოლოდ კარის ფერი და სახელურის სიგრილე. 
სველი ძაღლის სუნი სადარბაზოში. 
დავიღალე-მეთქი, მაგრამ მაინც ვერ ვიძინებ. საერთოდ, ვინ გითხრა რო ძილი და დაღლა ტყუპები არიან?
ტყუილია.
მარიამი მომენატრა. იატაკიდან ხის ფერადი მძივების აკრეფაში მინდა გავიდეს დღე.
სულ მგონია რო გვერდით ოთახში ვიღაცები ჩხუბობენ.
მიზეზი არ ვიცი. 
გაწვიმდეს რა.
ხმები დაწვრილდნენ და მიწაში ჩაიწურონ.
არავინ მოვიდეს.
არ მინდა წყალი!