Pages

September 24, 2011

ჩვენ ვცხოვრობდით ძველი გაზეთებისფერ სახლში.
გახსოვს მისტერ ნოვაკის შავი სტერი? ჩვენ დავმეგობრდით.
შენ ხმელი ფოთლები მოგქონდა, მე ძაფზე ვასხამდი, მათ კი ჰაერი წაიღეს.
ღამე მშრალი, დახეთქილი ტუჩებით წოვდნენ მთელი დღე ნანიავებ ჰაერს, ჩვენსას.
ძაღლს ბალდრიკი ერქვა, ჩვენ კი სულ უფრო ცოტა პურს ვჭამდით.
შუაღამით, როცა ჩვენ გვეძინა, ზღვა მოდიოდა ფანჯარასთან. ლურჯი წყლის ხელი იატაკზე ცარიელ ნიჟარებს ალაგებდა.
არ გვქონდა სარკე. ერთმანეთს ვუყურებდით.
თვალებს ვხუჭავდით, როცა შემცივნულ ხეებს ქარი სამხრეთით ხრიდა.
მეგობართან ერთად დავმარხეთ ყველა გაზაფხული და წელიწადის სხვა დროები ვადაგასული აბებივით ეყარა ჩაკეტილ უჯრაში.
გაფუჭებული რადიო არასდროს იტყვის სიმართლეს, ისიც ისე ემგვანება ნამდვილ ამბავს, როგორც ჩვენ ვიჯერებდით, რომ ფანჯრისიქითელ ზამთარს მოვუგეთ.
ერთმანეთის თბილ ზურგზე ხერხემლის პატარა კუნძულებზე თითით გადარბენა.
მერე იმ ნიჟარებიდან სიბნელის ამოხაპვა.
როცა მე ვწერდი, შენ არ ხატავდი. შენ საერთოდ არ ხატავდი და იმიტომ.
შობის ღამეს ბალდრიკმა მისტერ ნოვაკის ფეხსაცმელი შემოიტანა ყვითელი კბილებით.
შენ თქვი, რომ სიკვდილის სუნი დადგა.
მისტერ ნოვაკი. - ჩვენი მარტოხელა მეზობელი, კოხტა, მუდამ ღია მწვანე პერანგით და მანკიანი გულით.
მერე ბალდრიკი წაიყვანა მსუქანმა კაცმა ნაცრისფერი ფურგონით.
ნიჟარებიც დაიმსხვრა.
ზღვაც წავიდა.
სხვა სახლთან ვარ ან.
არ ვცხოვრობ შიგნით.
როცა შენ,
როცა შენ ცაში გაქვს ჩვენი სახლი.
ოღონდ ნათელი,
ოღონდ ახალი გაზეთებისფერი.




September 22, 2011

უჰაერობა

ჰაერი არ იყო დილით.
ახლა ყელში მაქვს.
გარდაცვლილი მეგობრების პოპარტი თვალის გუგაში. რა მტკივნეულია მტვრის პეპლები ფილტვებში, შუშის ნამცვრევები რომ წამოგივა ნესტოებიდან სისხლივით.
მე ვერავის დავუძახე მაშინ, ძველ კარადაში ბაბუას პალტოსთან ერთად სიკვდილობანას ვთამაშობდი, სანამ არ გათენდა.
რეალისტები დაფრინავენ უფრო ხშირად და მეტს, თვითმფრინავის ტრაპიდან იქნევენ სმოკინგის ფრთებს.
ფანჯრის რაფაზე დაჩირებული რომანტიკოსების საწოვარაა ცა თავისი გამოშიგნული სიცისფრით. სინაცრისფრითაც.
მე კარდონის ხომალდს გავაკეთებ და გავცურავ ამ ნიშადურის და გოგირდის სუნიანი ნისლიდან, შენ ფეხშიშველი წამოდი.
ჩვენში ერთ-ერთი ყველა სხვაზე მართალია.
ღმერთი კი ისევ ფარდის უკან დგას და ნაქარგი ჩიტის თვალიდან გვიყურებს.

September 16, 2011

ხანგრძლივი "მეზარება" და "მე სახლში წავალ" ხარ ჩემთვის ახლა. მე ხე ვარ. ხე ვარ მე და ჩიტებს ბუდეებს ისე ვუგზავნი, როგორც ბებიები უგზავნიან შვილიშვილებს სოფელში დარჩენილ რაღაცებს.
ხე ვარ და სად წავედი, რამდენ რამეს გადავწვდი და ავასწარი. უბედურებაა!
კიდევ ვიღაც მოვკალი, ანუ მე ღამისკენ ვიყავი და ის ცისკენ.
კეფაზე მაწევს მთელი სამყარო.
რძესავით არ მინდა აქ.