Pages

November 30, 2010


ნამგზავრი იყო. ნაფრენი. დაღლილი.
რაღაცას ებრძოდა. შიგნით.
გარეთ წვიმდა. – ცუდად.
სიგარეტი ამოიღო. არ მოწია. ისევ ჯიბეში ჩაიდო.
ადგა.
წყალი მოიტანა, ჭიქით. ტუჩზე მომადო.
ჯერ მე მოვსვი. მერე მან.
ჭიქა იატაკზე დადგა.
ჭერს ახედა.
საფეთქელთან ძარღვი გამოებერა.
ხელი მივადე, შუბლზე.
თავი გადაწია. მაკოცა. წვიმდა.
კეფაში რაღაც თბილი ჩამეღვარა.
_იცი? დობერნში ღამით ბნელა. – თავისთვის თქვა.
_აქაც! – ვუპასუხე.
_არა! – ხმა გამაგრდა, გაცივდა.
ადგა. ფანჯარასთან მივიდა. კედელს გაჰყვა.
სავარძელში ჩაეშვა. მოწყდა. ხელები გადმოკიდა.
_ წვიმს. – ჩემთვის ვთქვი.
_ დილით რადიოში? – იცოდა.
_ ჰო. – ვუპასუხე.
_ რომელზე? – იცოდა.
_ რვაზე. – ისე ვთქვი.
_ მე წაგიყვან. – ვიცოდი.
_ ვიცი. – გავუღიმე.
პირი მიშრებოდა. სიტყვებს ხმელი ნაფოტებივით ვყრიდი. კეფაში ისევ მეღვრებოდა რაღაც თბილი, სქელი.
მივედი. წინ დავუდექი.
ჩაიწია. მივწექი, მასავით. მივეკარი.
_ ბე... – ძალა მელეოდა.
_ ჰო... – დამადევნა.
_ის ლექსი მითხარი. სპარსული. ვიღაცის როა.
გაეღიმა. გავიგონე.
"ოიაა მიზანად ბე ბიროჰე,
აზიიზამ,
ჰოლამ აზ ჰავოე თუ აბრისთ"...
ტყდებოდა ხმა. ახლოს ყურთან. თბილად სუნთქავდა.
"ვალიი ბე დუნე თუ ბოორან,
ხაბ ერანგინ ქემან ნემიფინენდ"...
წვიმდა. აღარ შემეძლო ბედნიერება.
"ნესიმ ინჯო ბე თუ ოდთ დორად,
ნეხოო ქი ბეროია ჰარ ფარვონე"...
თმაზე ხელი ცამომისვა. ვუყვარდი.
მის მუხლებს ვუყურებდი, რელსებივით გრძელდებოდნენ, ბოლო ვერ ვუპოვე სიბნელეში.
შუბლს მისველებდა. მერე თავი გადაწია.
ხელით სახე შემოვუბრუნე. შუბლით პირზე მივეწებე.
მხარზე მიჭერდა. კბილებს აჭერდა ერთმანეთს. უჭირდა.
რაღაც თბილი ეცვა, ოღონდ თხელი. ნაცრისფერი.
მახსოვდა.
ყურთან რაღაცას მიჩურჩულებდა. ვეღარ ვარჩევდი სიტყვებს. თითქოს ქაღალდის კოლოფებს ხსნიდა, ისე ჩურჩულებდა.
ძილის რბილკედლებიან გვირაბებში მივიპარებოდი და ის მარტო მრჩებოდა. მარტო, ჩემს თავთან.
მაინც მენანებოდა.
რაღაცას ებრძოდა. შიგნით.
გარეთ წვიმდა.

November 28, 2010

წუხელ რაღაც აფეთქდა, სამწუხაროდ, შორს ისედაც მგონია, რომ დანაღმულ ქალაქში დავდივარ და სადაცაა მორკალულ მავთულს დავადგამ ფეხს და ჰააპ! და აღარ ვარ! მაგგგარია!
ცუდად ხარ თურმე, ვიცოდი, რაღაცნაირად... უნდა იყო! შენც! მენაღვლები, მოვკვდე! ხვალ რომ ადრე გავალ გარეთ და ცივი ჰაერი ფილტვებს დამიჩხვლიტავს, ისევ ვიგრძნობ იმ რაღაც ჯანდაბას, ყველაზე მარტო და ძალიან უშენო რომ მეგონება თავი და ჩავივლით ასე მე და დღე.
ძალიან ადვილია ბედნიერება, ეს ხანდახან: იღრიჯები, იკრიჭები, ღლიცინებ და ცანცარებ, საღამომდე რადიოში, რადიოდან მეგობართან, მეგობრიდან ქუჩაში, ტრანსპორტშიც, მაგრამ სახლი? ოთახში შესვლისთანავე რაღაც უზარმაზარი დაგაწვება მხრებზე, თითქოს შენს შემოსვლას ელოდებოდა და მოგეკიდა, ჩაგებღაუჭა, მიგეტმასნა ზურგზე.

ტორშერი მუქ წითლად ღებავდეს ოთახს, ნერვიულად ვიხვევდე თმას თითით კეფასთან თუ პერანგის სახელოებს ვიგრძელებდე მუხლამდე, მითხარი, როგორ ვიყო. და ჩვენი ოთახის მეწამული კედლები საკუთარი სხეულების გარდა გვიჩვენებენ დამატებით რკალებს, ციფრებს, სხვადასხვა ზომის შტრიხებს. ჩვენ რომ გავინაწილეთ მარტოობა და მერე ჩვენც ორად გავიყავით და წავედით ქალაქის სხვადასხვე მხარეს. მე მოვაშურე ჩვენს ძველ სახლს, თითქოს შენს ჯერ კიდევ თბილ ტანსაცმელში შევიყუჟე, რომელმაც თანდათან დაკარგა როგორც სითბო, ისე სველი მიწის სუნი. და ჩვენი სახლი უზარმაზარი ფანჯრებით და კირით, რომელიც გამუდმებით სცვივა კედლებს, მაკრავს გარს და პასუხს მთხოვს როგორ გამოვშიგნეთ! როცა შემოდგომით ხეები თავიანთ დაკრუნჩხულ ტოტებს ყოფდნენ ფანჯრებში და ყრიდნენ მკვდარ ჩიტებს.
და მე ნაბიჯიდან ნაბიჯამდე, აბზაციდან აბზაცში ვიცვლები, სხვადასხვა სახის და გამომეტყველების საკუთარ თავებს ენას ვუყოფ რომელიღაც მე და გავრბივარ ისევ ქუჩაში ექვსი წლის
წინ ბექას ნაყიდი შარვლით, ამდენივე წლის წინ ნანატრი ფეხსაცმელებით, რომელიც ახლახან მაჩუქა ნათიამ და რომელსაც ვეღარ ვიტან და ნათიასვე ნაჩუქარი ვისოცკის კრებულით, ზედგამოჭრილი ზომის, ჩემი ცარიელი ჯიბისთვის।მუსიკა  კი ნერვებისმომშლელად შიშინებს: "I want suffer this for you"...