ყოფილიყავი იმ კათოლიკე მუსიკოსის ქუჩაზე, ნაცრისფერი შენობის მეოთხე სართულზე და უნისლოდაც მოვიდოდი, ვიტირებდი, მოვიგონებდი რამეს, გეტყოდი: "თმები შემაჭრეს!"
პურის მაღაზიაში პატარა ქილებით ვიტრინაზე მაისის თაფლი, პური არ ვიყიდე, გულში ამერია მელანი.
მიწა მაქვს ფრჩხილებში და მტკენს.
ერთი კილო თევზი ორი ლარი ღირს, ერთი ცალი ოქროსფერი თევზი - სამი. ჰოდა, არ მინდა!
შენს გულზე მიწის მერე კალია თუ შემაშინებდა, წარმოიდგენდი?
კარადასავით იდგა ოთახში ხის რადიო.
ჯოპლინი რომ გაეშვათ, მისი ხმიდან გადმოვათრევდი შალის პლედს და მოგეხვეოდით მე და ნომებერი.
თეთრები ავადმყოფურად, ლამაზები შობის წინა ღამესავით. მონატრებულები ისე...
ცა არ იყო სამყოფი, მიწა ჩავიმატეთ, ბოსტნიდან ნიჩბით ამოჩორკნილი, გადანასერზე გადავიფინეთ სარეველა...
ვისი სული გსურს? - გარბიან ბავშვები თელებისკენ.
მე -შენი. მსურს და წყალს ვსვამ...
რეისი: თბილისი - ბონი. ნისლიდან ქარში და აქეთ. ქაღალდის ზანზალაკებს მოიტანს აგვისტო და თავიდან გამაჩენს შენთან.
მანამდე წერილები დამიტოვე კართან მწვანე კარადაში, მურაბების თაროზე. თუნდაც გაამლაშოს, გადაატკბოს თუნდაც.
ერთ ყვავილსაც ვერ მოვუარე შენ მერე, ყველას მერქანი შემოასკდა, წყლის დასხმა მავიწყდება იქ, სადაც არცერთი ჭიქა არ არის შენი.
ცარიელია ნავი.
ნავში დანები ყრია.
ცისკარზე ელავენ.
_გამარჯობა. ჩემი აჩრდილიც გაფატრეს.
შენ საბა გქვია და გვარივით გიხდება უკვდავება.
No comments:
Post a Comment