Pages

March 15, 2011

***
წაგებულებმა იცხოვრონ სარდაფში. უგულოდ მიგვყარეს, ნესტიანი კედლებიდან წამოსული ღვარი, ვერ შევაკავეთ. გავიქეცით. საღაც ქალაქის განაპირას მოვძებნეთ სახლი, რომელსაც ოთახები კი არა, უფრო უჯრები ჰქონდა. შენ შპალერი გააკარი, მე ფარდები დავკიდე. თაროებზე ჩამოვამწკრივეთ ბრჭყვიალა ქილები. ფანჯარასთან სარწეველა სავარძელი დავდგით, სანამ შენ ცეცხლს ანთებდი, მე იმ სავარძელს ვარწევდი, ვიცდიდი ასე... გადმოვიღებდით ძველ წიგნებს და მერე საშაქრის თავსახურით დავდევდით ჩრჩილებს. ჩაის ვისხამდით წითელ, თეთრკოპლებიან ჭიქებში, არ ვსვამდით, ხელებს ვითბობდით მხოლოდ.უიმისოდაც თბილოდა.
თბილი იყო საღამოც და უჩვეულო ყველა გათენება.
ფანჯარაში მსხვილი, ქარვისფერი მძივები, საჩვენებელი თითის ჩამოსმით რომ იწყებდნენ ჟღარუნს. წკრიალს.
ლამფა და ლავანდის სუნიანი სანთლები, იიიიმდენი...
კენკრით სავსე, დაწნული კალათით შემოდიოდა ნისლი.
თხელი დოლბანდით მიხვევდი დაკაწრულ მუხლებს, მე არ მტკიოდა, ამიტომ ზურგსუკან თითში ნემსი ვიჩხვლიტე, რომ მეტირა. რომ მერე შენი ხელები ყოფილიყო ყველგან და ჩურჩულზე ჩუმი ხმა: "შენს თმებს ველური ვარდისა და მთის თაფლის ნაზი სურნელი აქვს"...
მერე თაბაშირის ანგელოზს ფრთა მოტყდა, შენ თქვი, რომ სადღაც სამხრეთით გაფრინდნენ ფერიები. მეზობელ ოთახში ბავშვის ხველებამ ღამე დაბზარა.
უგანდაში გრავიტაციის კანონი არ მოქმედებს! - ვიმეორებდი დიქტორის ხმით.
მერე გაზაფხული მოვიდა, შენი თვალებიდან ვკრეფდი ღიღილოებს და ბავშვურად ვტიტინებდი: "რულჯია... რულჯი!"
მერე ძილში ღიმილი ვისწავლე და არცერთი შენი მოყოლილი ამბავი არ მახსოვდა დილით.
მერე სკამები ავაყირავეთ და ომობანა ვითამაშეთ. ცარიელი ვაზნები ეყარა საწოლზე, ჩვენ კი მუხის ძველ მაგიდასთან მოვკვდით ერთად. უბრალოდ ძილი სუნთქვასავით შევიკავეთ.
შუაღამით, ომგადახდილებმა სამი ცალი ჟოლო გავიყავით.
მეზობლის ფანჯარასთან ორქიდეები გახმა. მე ვუთხარი მას, რომ წყალი კი არა, რძე უნდა დაუსხა, დიდხანს რომ გაძლონ, მან კი დამწყევლა.
იმავე ღამეს გამილურჯდა ფრჩხილები და გამიხარდა, რომ შემეძლო მეტირა.
პარკები სიცილისფრად შეღებეს. შენ თქვი ასე. მერე დიდხანს იყავი არსად სახლში. დაღამებამდე ვარწიე ფანჯარასთან სავარძელი, სიცარიელეს თბილი პლედი მივახურე. იქვე მივწექი.
მერე კარი გაჭრიალდა და შენც გაქვავდი იქვე:
_თუთები მოჭრეს ქალაქში. - განაჩენივით თქვი.
მე კი ძილში ღიმილი მქონდა ნასწავლი და... მერე არ ვიცი რა იყო...

No comments:

Post a Comment