Pages

April 30, 2013

რა მღვრიე სევდა იცის აქ, ამ ფიქრში, სადაც გაუთავებლად ბარდნის სველი და მძიმე ფანტელებით. 
ბავშვებით სავსე პარკშიც, ათას ფერსა და სუნში მაინც ჩემს მკვდრებზე ვფიქრობ.
სხვებისაზეც.
მუქ ლურჯად შედედდება ხოლმე სინანული და მხრებში მხრის. 
სადღაც ბნელი გვირაბებიდან, ხეების გავლით ამომძახიან, რომ სულ უნდოდათ და უნდათ ისევ, ვცხოვრობდეთ ერთად... 

April 20, 2013

გამარჯობა.
საოცრად მამშვიდებს შენს წარმოსახვით საფლავზე ყოფნა. ქვაზე ჯდომა.
მოდი, გამოვტყდეთ, მე ყოველთვის მიყვარდა ახალგაზრდა მკვდრები. მათთან ვმეგობრობდი.
აი, როცა  მე და ბებია სასაფლაოზე მივდიოდით სამი კონა მინდვრის ყვავილით და წითელი ღვინით, ყოველთვის ვჩერდებოდი ახალგაზრდების, ბავშვების სასაფლაოსთან, ვანგარიშობდი მათ ასაკს ქვაზე მიწერილი ციფრებით და ვუმეგობრდებოდი. 
ერთდროულად მეშინოდა და სიგიჟემდე მიყვარდებოდა იქ მიტანილი მათი ნივთები. 
უსაზღვრო თანაგრძნობას აღვიძებდნენ ჩემში ცემენტის ნაცრისფერი ფილებიდან მომზირალი მათი უმწეო თვალები.
მე არასდროს ვტირი. 
მე არასდროს ვოცნებობ.
მე მეტისმეტად ბევრს ვფიქრობ.
გაფრინდი, მატილდა.
გაფრინდი, ანაბელ.
დაიძინე, ანა-მარია...
თავი მტკივა. მწარეა ჩაი. დიდი, შავი ფოთლები ყრია. რა უნდა იყოს?
ჩვენ აქ რაღაცას ველოდებოდით. მგონი რაღაც დაგვრჩა მომავალში და მეძებრებად ვიქეცით.
ხელებს გამალებით ვაფათურებდით უცხო საგნებს შორის და ამასობაში ერთმანეთი დაგვკეარგა. 
რა სიმშვიდეა აქ, ამ სველ ლოდებთან, ნაწვიმარი მიწის სუნი დილამდე გასტანს. 
იძინე, მეგობარო...



April 14, 2013


ახლა სიზმრები აღარ არიან დრეკადი, მღვრიე.
ახლა ის დგას გაუნძრევლად. მე მას ხელებს ვურტყამ, ვანჯღრევ.
მე მას ვცემ.
ის კი დგას და ხარხარებს.
დგას და ხარხარებს.
და მე ვეუბნები:
“გაჩერდი”.
ის აგრძელებს სიცილს ბოლო ხმაზე.
მე მას ვეუბნები:
“იცოდე, ისევ მოგკლავ!”

April 7, 2013

როგორ ჯიუტად ჰგავს აქ წერა შენთვის მოწერას.

როგორ მომენატრა შენთან ლაპარაკი.

დღეს უფრო. 

როგორ მომბეზრდა ძველი ამბების საკუთარი თავისთვის მოყოლა და სიმღერები, რომლებიც შენ მომასმენინე, მათ სუნი და ფერი დაკარგეს.

ღრმულები გაჩნდა-მეთქი. ყველაფერი ავად არის.

მე სადღაც სხვაგან შევუხვიე. 

არ ვიცი სად ვარ. რაც უფრო ვივლი, მით უფრო ვერაფერს ვიცნობ.

იქნებ ჩვენი დღეებიც დამავიწყდეს.
მე კი არ მინდა!

არ მინდა-მეთქი, შენ ვერ გაიგებ. შენ საერთოდ არ იცი, როგორ შეიძლება სამი გზა ერთ წყვეტილ ხაზად იქცეს. 

ერთხელ ეს სახლი აფეთქდება. ერთხელ ფანჯრები ალისფერ ენებს გამოყოფენ.

ერთხელ რამე მოხდება, რაც, ბოლოს და ბოლოს, გამაოცებს.

ერთხელ ხეებთან დავწვები. ხეებიც დაწვებიან და ყველა იტყვის რომ ქარი იყო.
მე არ ვიტყვი, რომ შენ იყავი.


April 4, 2013

შენი დაბადების დღე აღარავის ახსოვს.
შენი დაბადების დღეც მოკვდა.
თითქოს ისედაც უხერხემლო ხეს ძირში მდუღარე წყალი დაუსხეს. 
ზურგზე კი ალმოდებული ბეგონიები ამომდის.
გამარჯობა, ბექა.
...
მეც.