Pages

December 25, 2013

გამარჯობა. 
რამდენი ხანია არ მომიწერია.
შენ კარგად იქნები.
წარმოიდგინე, რომ სიტყვები ტრიალებს წრეზე და უნდა დაიჭირო. ასე ვარჩევ საშენოს, რბილებს, არა საგანგაშოს.
არაფერზე დარდი შენ არ მოგიწევს. პასუხებსაც მე ვწერ. სავარაუდო შეკითხვებს შენსას მე ვიგონებ. რაღაც ახალი კანონებიც შემომეწერა და ვცხოვრობ, შიგადაშიგ. ასე: 
შენი წილი პური შენ შეჭამე. თუ ყუა გიყვარს, სხვას არ მისცე. ჯონ კიტსის ლექსებზე აქვითინებულ გოგოებს დასცინე. დაივიწყე მინდვრის ფერები. შეუშვი სისხლში შავი კლასიკა. ნაცრისფერ ქურთუკსაც მოიხდენ, გადაყარე ჩიტ-ყვევილებიანი თმის სამაგრები და გულსაკიდები.
მეშინია, ამ ამბებში შენც არ მოგაყოლო, ანუ ჯერ კიდევ გიფრთხილდები.
არა. ამის იქით არ გადავალ. მე ყოველთვის მქონდა უნარი, საჭირო დროს აღმომეჩინა ჩემში უკუძალა. 
კარგი. წარმოიდგინე, რომ თოვს. მერე რა? არაფერი. წარმოიდგინე, რომ ჩიტის საფლავზე დგახარ, არაფერი. მე შენს საფლავზე ვდგავარ და ფეხსაცმელის შიგნით სველ თითებს ვიმტვრევ. 
ცუდი ის არის, რომ ვეღარ გწერ.
მე მეტს ვეღარ გწერ. 
შენ იცი.

December 5, 2013

ჩაცმული დაძინება. ფანქრით წერა. სახელოების შემორღვევა. თმის მოჭრა დანით. წვრილი თასმის მაჯაზე შემოჭერა. ნაფოტების ტარება ჯიბით. საკუთარ მხარზე კბენა. ძაფის ღეჭვა. ძაფის ღეჭვის ხმა შუაღამით. მეგობრების სიგარეტის კოლოფების შეგროვება. განცდა უმწეობის. საბნის ქვეშ ხმამაღლა სუნთქვა. სუნთქვის შეკავება საბნის ქვეშ. ფrჩხილების დაჭრა სისხლის წასკდომამდე. გამთენიისას ორაზროვანი წერილების გზავნა დაკარგული მეგობრების მისამართით. ტელეფონის ნომრების მოგონება. ასანთის ღერის საუზმე. მაჯაზე იოდით ყაყაჩოების ხატვა. აბების დალაგება ფერების მიხედვით, ფლაკონების - სიმაღლის მიხედვით. შავი ფანქრის გემო. მონეტების სიმძიმე ქუთუთოებზე. საკანცელარიო დანის ძვალზე დასმის ხმა, შეგრძნება.
წვნიანის ობზე საათობით დაშტერება. არასდროს ნანახი ფერების აღმოჩენის სიხარული, წარმავალი აღტაცება. კოვზის კაკუნი ცარიელ ჭიქაზე. ჩაიდნიდან ამოსულ ორთქლში შესვლა.
შიში სინათლის.
შიში მოხუცის ფრჩხილების.
ზურგზე უზარმაზარი კუ.
კუს ხორკლიანი ფეხები ტანში.
გველებზე ფეხის დაცურება.
სისხლის თბილი ყვავილები კეფაზე.
დასასრული.


November 28, 2013

ჩვენ ახლა დავიძინებთ.
კარს რომ გავხსნი, მე მინდა ვიდგე. ჩემი თავი ვიცნო და შევურიგდე.
ხმები არ იყოს. მოჭრილი თმები საბნის ქვეშ და ლოდები ლოგინზე.
შენ ახლა დაიხუჭები.
მე თვალებიდან ნემსის წვერით ამოვიკაწრავ ყველა სიწითლეს. დაჭიმულ კაპილარებს გავწყვეტ.
შენ დაიძინე.
მე შეკითხვები არ მაქვს. 
არც მახსოვს, ბოლოს როდის გამიკვირდა.
"გასაგებია". "მიღებულია". "დიახ." "კი". "ჰო". "იყოს".
ჯერ იყო თბილი ძვლები. მერე ხმელი ნაფოტები. ბოლოს სველი ქვები.
ჩვენმა ძაღლმა აიკვიატა ყეფა. ჩვენმა ანგელოზებმა მხარი იბრუნეს. 
ჩვენი სახლი შინიდან წავიდა.
ხანდახან ისე ახლოს ხარ, შუბლიდან თმებს გადავიწევ ხოლმე და სახის ყველა ნაკვთი გიღიმის.
შენ არასდროს აღარაფერი შეგაწუხებს.
ხმა ზედიზედ სამჯერ გაწყდა და მერე საერთოდ დაიკარგა.
მე უნდა მომევლო შენთვის, მაგრამ ორივემ თავიდანვე ვიცოდით, რომ ვერ.
მერე არაფერი. 
ვდგავარ და არაფერი.
მაჯიდან მკვდარი თევზები ამომაქვს...

October 29, 2013

უთხარი ბავშვებს, სახლში ნუ შევლენ,  კედლებზე ხავსია, იატაკზე მანდრაგორები...
საძინებელში ფოტოა, შავ-თეთრი, სადაც ჩემი თვალები სათამაშო ნიჩბებით ამოჩორკნილ ორმოებს გვანან. 

უთხარი ბავშვებს, თუკი მაინც არ დაიშლიან, იარონ მხოლოდ მარჯვნივ. მარცხენა ჩრდილებისაა...
უთხარი ბაშვებს, ნარინჯისფერ ფლაკონებთან ფრთხილად!..
არ წამოსცდეთ არცერთი კუთვნილებითი ნაცვალსახელი.
ლურჯი ვიტრაჟების მიღმა, მუხის კარადაში ჩვილის პიჟამოში გახვეული შხამიანი სოკოებია, მაქმანებს თუ შეხსნი, მკვდარ ყვავებად იქცევიან, მერე აღარაფერია საშიში.
უთხარი ბავშვებს, ყველა სკამის ქვეშ თოკები ყრია, მე ასე ვიკავებდი სურვილს წასვლის.

მაშინ გზები არ იყო.
იყო ძაფები, მავთულები და თოკები.
იყო უდაბნო ჩემი ჭიშკრიდან ყველას კარამდე.
უთხარი ბავშვებს, სასთუმალთან, ფაიფურის ჭიქა სავსეა სინდიყით, რომელშიც სისხლის წვეთები ბროწეულის მარცვლებივით ყრია, და იქაც ფრთხილად!
უთხარი ბავშვებს...
თუმცა,
კარები
ჩაკეტილია
შიგნიდან!.. . . . . .




October 22, 2013

ახლა უფრო რთული შეკითხვები იბადებიან. სასვენი ნიშნების გარეშე.
ასე უფრო ძნელია.
მე ჭერში ვეკიდე მხრებით და ვიმეორებდი ისტერიულად: 
"სად არის?!"
ჯერ ობობები მოკვდებიან, მერე - მე.
ხველებას გადაყვნენ ბავშვები ცისფერი საღამურებით. ტუჩზე უჰაერობა შერჩათ და შუბლზე ცივი ოფლი.
ეს კედლები მე დავბზარე. მაგიდა, სკამები მე დავჩეხე.
ქალაქი ჟონავს ნესტიან მილებში და ნესტი ჟონავს სისხლძარღვებში.
წითელი თვალები მაქვს და ვიმეორებ: "სად არის?!"
და მეც იმათგანი ვარ, ვისაც ხელი გაუშვეს და არ ჩამოვარდა.......



October 21, 2013

მკვდრებმა არ იციან, რა ქნან. ჩვენ - უბრალოდ არ გვინდა. 
სანთლები ვჭამოთ და ძაფები მაჯაზე შემოვიჭიროთ.
გასანთლული ძაფები ძნელად წყდებიან.
მე ძალიან ნელა ვლაპარაკობ... ნელა ვჭამ... ნელა ვწმენდ ფეხსაცმელს... ნელა ვცხოვრობ.
ნახვამდის.
მე დავიწყებ ხატვას, რომელიც დამავიწყდა, რადგან თვალებიდან ამომჩიჩქნეს ბაცი ფერები, სიკაშკაშე კი ძვლებს მიმტვრევს. 
ხეებმა სტვენა ისწავლეს, ანუ, მკვდრებთან ლაპარაკი.
მელანქოლია არ იჭმევა, ეს არის შავი, ბლანტი ტუშის ვენებში ჩაღვრა... 

September 21, 2013

არ მახსოვს როგორ გახდა  დღე ასეთი კაშკაშა, მყარი.

მე კი მიყვარდა მღვრიე ფერები, ნისლში ხელებით ძებნა ხეების.

შემრჩა ჰაერი. 

მთელი ცხოვრების სამყოფი სიცარიელე.

არადა ეს დღე, თავიდანვე ავად იყო, მკვდარ გიჟებს დაატარებდა. 

ჩამოურიგა თითო ქუჩას წყევლად და დაფრთხობად.

ყოველ ღამე პირდაპირ შუბლიდან ვაჩენ ანტენებს. 

შუალედებში ხავილი.

ანტენები. ჰო. 

ამათ ტოტებს ვერ დაამტვრევ ხესავით. 

არც იღუნება.

წარმოიდგინე, ძილი ასე...

დედა, მეტკინა!..

დედა, ხელი დამისვი...

დედა აქ არ არის. დღეს არ მოვა. არ წელს. არც გაისად.

რაღაც რადიო-ხმასავით ჩამესმის აკვიატებული ფრაზა: "თვითონ უშველეო თავს".

ხმა არ ფუჭდება. უფრო და უფრო ხორკლებიანი და მშრალი ხდება.

ღმერთო, უშველე ამ ხრიოკ ტვინს, ჩამხმარ ნეირონებს, ნაპრალებიდან ამოვარდნილ ცხელ ქარს. ყველა გამოგონილ ჩრდილს...

ლოცვა ვინ იცის?! იტერიულად ვკითხულობ, ვინ იცის ლოცვა ამ ოთახში, ამ ქალაქში,  ვინმეს არ გახსოვთ რას ვთხოვდით ღმერთს, რომელიც ჩვენს საფეთქელ დახვრეტილ მეგობრებს არ დაუხვდა ცათა შინა, უკან დაბრუნების უფლება კი მათ არ ჰქონდათ.

რომ ეთქვათ ჩვენთვის. 

რომ გაგვფრთხილებოდნენ ჩვენ.

რომ დარჩენილიყვნენ ჩვენთან... 


August 31, 2013

ქარი ქვებით.

August 28, 2013

შემოდგომა მოდის.
გახსოვს შემოდგომა რომელი დროა წლის?
წყლის ღვარად ჩამოსვლის ციდან.
შენ ნუ გეშინია. 
არაფერი მოხდება. შენ უკვე ხე ხარ.
მორჩა.
მე სამხრეთით ვიყურები.


August 3, 2013

ნელა იარე.
ხმამაღლა არ მელაპარაკო. ისევ არ მიყვარს.
გუშინ მთელი დღე ვიჯექი მაგიდასთან და დამტვრეული კვერცხის ქერქებიდან თვალის გუგები ამომქონდა. ვისი?... ბოლომდე გადავარჩიე.
ის როდისღა იყო, შუბლიდან ამოტყორცნილი ნერვების დასაოკებლად თავზე ხელები  რომ შემოვიჭირე და ძვლები დამეფშვნა...
ყველა კართან სხვადასხვა მიზეზს ვასახელებ, რამ დამინგრია ფსიქიკა:
უძილობამ.
საბას სიკვდილმა.
აბებმა.
სინათლის შიშმა.
ხეებზე დარდმა.
შენ სადღაც შუაში ხარ.
ვის უნდა ნერვები, რომელიც ერთ ნათურასაც ვეღარ აანთებს. 
ვზივარ და საკუთარ მუხლებს ვკოცნი.
ამის იქით გზა აღარ არის და მეცოდებიან.
ნელა იარე.

June 18, 2013

რომ იცოდე, როგორ გამიჭირდა.
ჩუმად გაზიდეს ყველაფერი. არ ვიცი, ბევრნი იყვნენ თუ ერთმა იტვირთა. 
ყველა შემთხვევაში, ვინმემ ოდესმე ჩემ ნაცვლად რომ მოსთხოვოს უკან დაბრუნება, რა უნდა ქნას. როგორ მოითვალოს მთელი ჩემი გაფუჭებული ბიოგრაფია.
ვინ გაისწოროს საყელო და დადგეს ქარში რკინის მხრებით.
უნდა იმღერო, მეგობარო, მაინც უნდა იღიღინო. რამდენიმე სიტყვა ამოათრიე და გადაარჩინე.
შენ რომ ამბობდი, ვეღარ თენდებაო, ჩემი დღეები სადღაც იქ არიან ახლა.
წაიკითხე რა ეს წერილი, რამე მომწერე.
უნდა მომწერო, მეგობარო, უნდა მომწერო!
ახლა შენ სხვა პასუხები მოგეთხოვება. არა ნუგეში, სხვა, უფრო კონკრეტული.
შენ უკეთ იცი.........


June 10, 2013

ისწავლე ჭერი. კედელი ისწავლე. სახელურები დაიმახსოვრე, სანამ მე მოვალ.
ინკასატორმა მოიტანა ქაღალდი, სადაც წერია, რამდენი დღე ვიცხოვრეთ სიბნელეში.
რამდენი წელი.
რამდენი ცხოვრება.
შეკითხვა მაქვს. კითხვა მაქვს.
არაფერი.
რატომ ხუჭავ თვალებს, როცა გელაპარაკები?
რას მეუბენბი, როცა ქარია. როცა ხეები ავად არიან.
აქედან დავიწყოთ.
მე ვდებ პირობას, რომ არასდროს დამავიწყდება სისხლის გემო.
მე გპირდები, რომ ყველაზე შორს წავიღებ წითელ ფერს.
შენ ყოველთვის ახლოს იყავი. შენ მანძილებს მიაქციე ყურადღება.
და ყველა, ვისაც ჩვენი არ ესმის, ჩემი, შენი ვისაც არ ესმის, - 

მოკალი!
მოკალი!
მოკალი!

June 4, 2013

გავხდიო საბამ.
მუცელში მატლები ჩამიძვრა და ვიტანჯებიო.
წყალი დამალევინეო.
გაზაფხულზე წვიმები იცის-მეთქი.
თავზე ბალახი ამომივიდა და საკანცელარიო დანით გადავიფხიკეო ქალა.
მიწას აზანზარებს ჩემი ტკივილები და მეშინია თავზე არ ჩამოგექცესო უსახლკარობა.
მაინც ვერ ვცხოვრობ-მეთქი.
ძვლებში რკინის კაუჭების გაყრა სად ისწავლესო, ეს მართლაც ადამიანებიო!..
ჩემს თავთან რომ გაბზარული ჭიქა დგას, სახლში წაიღეო. ღამით ვიღაც ნამსხვრევებად აქცევს ხოლმე და იმით თვალებს  მისრესსო.
დილით ჭიქა ისევ მთელია და შენ რას მიხვდებიო.
საშიშიაო ღამე აქ ყოფნა. 
მკვდარი ქალები სველ სუდარებს დაათრევენ და სულისშემძვრელად გმინავენო.
ერთს რომ მოვიწვენ გვერდით, მეორე ზურგზე მკბენსო.
ყველანი იკბინებიან, განსაკუთრებით, ვინც დამარხეს და მერე მოკვდაო.
გაღვიძებდი-მეთქი. ჩარაზულ თვალებში ჩაგძახოდი, რომ ჩემი აქ მარტო დატოვება არ შეიძლებოდა.
მერე აღარაფერი უთქვამს.

May 25, 2013

შეცდომით მოვხვდით ქალაქში, რომელიც მკვდარი კაცის ფეხსაცმელშია გაშენებული.
დილით, ძალიან ადრე გამოვემგზავრეთ.
ნამი რომ გაშრა, შენ აღარსად იყავი...
გადამეწურა იმედი, რომ ჩემს წერილებს კითხულობ.
დღემდე ეს იყო ჩემთვის ერთადერთი მოქმედი ფოსტა, მაგრამ ყუთი გაივსო გახსნილი კონვერტებით.
მე ამ უნიჭო ფილმის მუნჯი პერსონაჟი ვარ.
ბოლო კადრში შენ უნდა ამოიცნო, რომელი თამშობდა თავის ცხოვრებას...

დასასრული.

May 10, 2013

მე და ამინდი ვამბობთ, რომ ცუდად ვართ! მე და დღე. გვიჭირს.ყველაფერი, რაც ანათებს, ავადმყოფი ბავშვების სურათებს უჩვენებს, რომლებსაც უნდა ვუშველოთ... მათი თვალებიდან მშიერი ლეკვები ცვივა.მე აქ ცხოვრება აღარ მინდა.ოთახის შუაგულში იდგა ღმერთი და სანამ ჩაახველებდა, ჩვენ მას მოვთხოვეთ პასუხი. პასუხი გზადაგზა დასმულ შეკითხვებზე, კითხვები დაგვავიწყდა, გვახსოვდა მხოლოდ ის, რომ მაშინ ძალიან გვეწყინა, გავბრაზდით, კედლისკენ შევბრუნდით. და ახლა ღმერთს უნდა ეპასუხა ჩვენი ნატყვიარი ზურგისთვის.დაკვნეტილი გულებისთვის. ჩვენი გამომშრალი, დახეთქილი თვალებისთვის.ღმერთი კი იდგა ჩუმად და ამტკიცებდა თავის ღმერთობას. 


April 30, 2013

რა მღვრიე სევდა იცის აქ, ამ ფიქრში, სადაც გაუთავებლად ბარდნის სველი და მძიმე ფანტელებით. 
ბავშვებით სავსე პარკშიც, ათას ფერსა და სუნში მაინც ჩემს მკვდრებზე ვფიქრობ.
სხვებისაზეც.
მუქ ლურჯად შედედდება ხოლმე სინანული და მხრებში მხრის. 
სადღაც ბნელი გვირაბებიდან, ხეების გავლით ამომძახიან, რომ სულ უნდოდათ და უნდათ ისევ, ვცხოვრობდეთ ერთად... 

April 20, 2013

გამარჯობა.
საოცრად მამშვიდებს შენს წარმოსახვით საფლავზე ყოფნა. ქვაზე ჯდომა.
მოდი, გამოვტყდეთ, მე ყოველთვის მიყვარდა ახალგაზრდა მკვდრები. მათთან ვმეგობრობდი.
აი, როცა  მე და ბებია სასაფლაოზე მივდიოდით სამი კონა მინდვრის ყვავილით და წითელი ღვინით, ყოველთვის ვჩერდებოდი ახალგაზრდების, ბავშვების სასაფლაოსთან, ვანგარიშობდი მათ ასაკს ქვაზე მიწერილი ციფრებით და ვუმეგობრდებოდი. 
ერთდროულად მეშინოდა და სიგიჟემდე მიყვარდებოდა იქ მიტანილი მათი ნივთები. 
უსაზღვრო თანაგრძნობას აღვიძებდნენ ჩემში ცემენტის ნაცრისფერი ფილებიდან მომზირალი მათი უმწეო თვალები.
მე არასდროს ვტირი. 
მე არასდროს ვოცნებობ.
მე მეტისმეტად ბევრს ვფიქრობ.
გაფრინდი, მატილდა.
გაფრინდი, ანაბელ.
დაიძინე, ანა-მარია...
თავი მტკივა. მწარეა ჩაი. დიდი, შავი ფოთლები ყრია. რა უნდა იყოს?
ჩვენ აქ რაღაცას ველოდებოდით. მგონი რაღაც დაგვრჩა მომავალში და მეძებრებად ვიქეცით.
ხელებს გამალებით ვაფათურებდით უცხო საგნებს შორის და ამასობაში ერთმანეთი დაგვკეარგა. 
რა სიმშვიდეა აქ, ამ სველ ლოდებთან, ნაწვიმარი მიწის სუნი დილამდე გასტანს. 
იძინე, მეგობარო...



April 14, 2013


ახლა სიზმრები აღარ არიან დრეკადი, მღვრიე.
ახლა ის დგას გაუნძრევლად. მე მას ხელებს ვურტყამ, ვანჯღრევ.
მე მას ვცემ.
ის კი დგას და ხარხარებს.
დგას და ხარხარებს.
და მე ვეუბნები:
“გაჩერდი”.
ის აგრძელებს სიცილს ბოლო ხმაზე.
მე მას ვეუბნები:
“იცოდე, ისევ მოგკლავ!”

April 7, 2013

როგორ ჯიუტად ჰგავს აქ წერა შენთვის მოწერას.

როგორ მომენატრა შენთან ლაპარაკი.

დღეს უფრო. 

როგორ მომბეზრდა ძველი ამბების საკუთარი თავისთვის მოყოლა და სიმღერები, რომლებიც შენ მომასმენინე, მათ სუნი და ფერი დაკარგეს.

ღრმულები გაჩნდა-მეთქი. ყველაფერი ავად არის.

მე სადღაც სხვაგან შევუხვიე. 

არ ვიცი სად ვარ. რაც უფრო ვივლი, მით უფრო ვერაფერს ვიცნობ.

იქნებ ჩვენი დღეებიც დამავიწყდეს.
მე კი არ მინდა!

არ მინდა-მეთქი, შენ ვერ გაიგებ. შენ საერთოდ არ იცი, როგორ შეიძლება სამი გზა ერთ წყვეტილ ხაზად იქცეს. 

ერთხელ ეს სახლი აფეთქდება. ერთხელ ფანჯრები ალისფერ ენებს გამოყოფენ.

ერთხელ რამე მოხდება, რაც, ბოლოს და ბოლოს, გამაოცებს.

ერთხელ ხეებთან დავწვები. ხეებიც დაწვებიან და ყველა იტყვის რომ ქარი იყო.
მე არ ვიტყვი, რომ შენ იყავი.


April 4, 2013

შენი დაბადების დღე აღარავის ახსოვს.
შენი დაბადების დღეც მოკვდა.
თითქოს ისედაც უხერხემლო ხეს ძირში მდუღარე წყალი დაუსხეს. 
ზურგზე კი ალმოდებული ბეგონიები ამომდის.
გამარჯობა, ბექა.
...
მეც.

March 22, 2013

March 13, 2013

რამდენი ვინმე შემოვისახლეთ ამ ჩვენს სიტყვებჩაცვენილ ამბავში.
მოდიან და დგანან, თითქოს შერჩნენ სანახაობას, ბავშვი რომ გადმოვარდა  მეთორმეტე სართულიდან. 
რამდენჯერ ამოვიძირკვე მაჯებიდან მწიფე ბროწეულები, სანამ პირს დააღებდნენ, ტოტებიანად ამოვკაფე, მაგრამ ისწავლეს საიდუმლო გზები და ახლა სადღაც კეფასთან მიბრდღვიალებენ.
სახლშიც ვერცხლისფერი ბიდონებით სისხლი მიდგას და ყოველ დილით თავს ვხდი, ვამოწმებ, იქიდან დამყაყებული წყალმცენარეები და გაღუნული ლურსმნები ამომაქვს. 
როგორ მოვიგერიო-მეთქი ეს გავარვარებული სატევრები, არც თვალისკენ, არც გულისკენ დამიზნებულები, პირდაპირ მუხლებისკენ რომ მოექანებიან, მაგრამ ზუსტად მაშინ, როცა სულ რამდენიმე ნაბიჯის სიახლოვეს არიან, ბავშვი გადამირბენს ხოლმე წინ და მე ისევ მთელი ვარ. 
ყველგან, სადაც ვიყავი, ამ გალურჯებული თოჯინების სასაფლაო დავტოვე.
და რასაც ხელს ვკიდებ, ან ზედ მრჩება კანი, ან მიცურდება თითებიდან და ვერაფრით ვიხელთებ, ვერაფერი მოვითვინიერე.
ხომ შეიძლება, როცა ასე ათასი ფიქრით და ჩვენი მართლა სიტყვებ ამოყრილი ამბებით დამძიმებული, ვწევარ მიწაზე, მაშინ სადმე ხელთან ამოვიდეს ერთი ბალახი, თოთო ფოთოლი მომაფინოს თითის ბალიშზე და მომიყვეს შენი ამბავი.

March 2, 2013

ისევ ისე ვარ, ხანდახან რო ვიყავი ხოლმე, ფეხის წვერით კენჭების სროლის ხასიათზე.
ამ დროს ორი ზომით დიდი ჯინსი უნდა მეცვას. 
ჩიტები ვერ შემოვიჩვიე. პური ქარს მიაქვს.
სახურავზე მინდა ვიჯდე და ახალ-ახალ გინებებს ვხვეწავდე.
მერე ბაბუას საფლავზე წავიდე და წვიმიანი ღვინო დავლიო გაბზარული ჭიქიდან.
საფლავზე ამოსულ მატიტელებზე და კოხიებზე მივწვე და საზეპიროები ვილაპარაკო ჰაგიოგრაფიიდან.
სიგიჟეა, ღმერთმანი!
დღეს მწარე ჩაი დავლიე. არ მესიამოვნა.
მისამართებს ვერასდროს ვიმახსოვრებდი. მახსოვდა მხოლოდ კარის ფერი და სახელურის სიგრილე. 
სველი ძაღლის სუნი სადარბაზოში. 
დავიღალე-მეთქი, მაგრამ მაინც ვერ ვიძინებ. საერთოდ, ვინ გითხრა რო ძილი და დაღლა ტყუპები არიან?
ტყუილია.
მარიამი მომენატრა. იატაკიდან ხის ფერადი მძივების აკრეფაში მინდა გავიდეს დღე.
სულ მგონია რო გვერდით ოთახში ვიღაცები ჩხუბობენ.
მიზეზი არ ვიცი. 
გაწვიმდეს რა.
ხმები დაწვრილდნენ და მიწაში ჩაიწურონ.
არავინ მოვიდეს.
არ მინდა წყალი!


February 25, 2013

შეხედე.
ეს არის ხელი. შენკენ გაშვერილი და გაშეშებული გამხმარი ძვალი.
ეს ჩვენი მეგობარია შიგნიდან ჩაკეტილი ორი თვალით.
ეს არის ხე, რომელსაც იოდიანი ცხვირსახოცით შევუხვიეთ დამსკდარი ტოტი.
ეს შენი ძაღლია, ცოცხალი თავით შინ რომ არ მიდის და უცხო სადარბაზოსთან იწურავს სველ ტანს.
ეს ჩვენი სკოლაა, ფანჯარაზე მიწებებული ცალხაზიანი ფანტელებით.
ეს არის სკამი, გადმოაბრუნე და ქვეშ მიწებებული საღეჭი რეზინების სიჭრელე ერთ გაზაფხულს ეყოფა.
ეს შენი ფეხსაცმელებია, შიგ ჩამდგარი სიბნელე რომც ამოცურდეს, ვერ დატოვებს გზაზე ვერცერთ ნაფეხურს.
ეს ჩემი მაჯაა, საიდანაც ბროწეულის მარცვლები მოცოცავენ.
ეს ჩვენი ქალაქია, კეფაში გაყრილი ჟანგიანი, წყვილი ლიანდაგით.
ეს - შენი სახლი, ძველ შპალერზე ამოსული რეზინის ყვავილები იკბინებიან და ყველა კუთხიდან ქრის. ჩვენ რომ ვცხოვრობდით, მაშინ ასე არ ციოდა.
ეს ჩემი აბებია, ზოგიერთებს შენ არ იცნობ. დროდადრო დავიმსახურე.
ეს ჩემი პერანგია, დაფლეთილი სახელოებით.
ეს ჩემი თითები, სისხლის წასკდომამდე დაჭმული ფრჩხილებით
და ეს ჩემი თმები, დანით მოჭრილი, შავი გველებივით უსულოდ ყრია ძველ გაზეთზე.
ეს შენი სურათია, ჩემს თვალებში ჩატკეპნილი ბოლო სისხლიანი კადრი.
ეს კი მე ვარ, რომელიც ხედავს გადამწვარ ველებს და წერს: ხეებმა ყველაფერი გაიგონეს.

February 1, 2013

მე როგორ მოვიდე. ვერაფრით ვიხსენებ კარიდან გზა საით წავიდა. 
კარის იქით არაფერი მახსოვს. 
წუხელ დამესზიმრა, სადღაც მიდიოდი. წასვლის წინ მოხვედი, დაიხარე. ”თავზე ხელი დამადეო”, მითხარი.
თმაზე დაგისვი. 
”მორჩა, აღარ მტკივაო”. 
როგორ დამღალე ამ გაფუჭებული კადრებით, ზუსტად შუაში რომ წყდება და იქიდან ვეღარაფერში გადავდივარ.
მთელი ამბები უნდა გადავზიდო და მერე ჩავჯდე, როგორც ნავში.

წყალი მდორეა. 
მკვდრების მდინარე.
სულ დაბლა, ფსკერზე ღმერთი რომ წევს და უყურებს სულების გადაფრენას სამხრეთით.
სამხრეთი არ არსებობსო, რომ მითხარი ერთხელ, ისიც მახსენდება დრო და დრო.
კომპასი რომ მაჩუქეს, ეგ არ მითქვამს.
კიდე ჩაის კოლოფები და ნახატებიანი ბოთლი.
მე რო დებილივით მიხარია ხოლმე ეგეთები, ისედაც იცი. 

ზღვაზე ვერ წავედი ამ ზამთარს. 
დავდივარ გამხმარ ქუჩებში და ვიმეორებ ”სულერთია”-ს ალილუიასავით.
ხანდახან, რაღაცები რომ ხდება, მინდა რო მოგწერო, მაგრამ არ მეჩქრება, შენ ხო სულ გძინავს და სანამ გაიღვიძებ, მე უფრო მძიმე და შემზარავი ამბები დამიგროვდება, რომელსაც მოჭრილი ხის მორებივით მოვაგორებ შენთან, მერე იმაზე ჩამოვსხდეთ და ვილაპარაკოთ.

შენ რაც უნდა მომიყვე, ზეპირად ვიცი. 
რომ ნერვებს გიშლიან, რომ ყველაფერი ძალიან ხმამაღალია და ვერ იტან, რომ ფიქრები გეკარგება. სულ ასე.
მე უნდა წავიდე, მთელი ჯოჯოხეთები გადამხდეს ჯერ. 

გზები სველია.
ფეხსაცმელები გაიხადე და ისე იარე. - იქნებ გამოგეღვიძოს. 




January 28, 2013

მე მეძინა. მოსულხარ. მერე უწვიმია. წინა დღეების გახსენება ისევ არევს ამინდებს. როგორ მოგიყვე. ტანზე მთელი ძალით შემოჭერილი ხელებით მოვითმინე თითზე ჩამოსათვლელი გათენებები, მაგრამ, ო, რა ბასრი, რა გავარვარებული ჰაერი შემოდიოდა სინათლესთან ერთად.
სინათლე კი, იცი, არ მიყვარს. 

ვერ შევეჩვიე. 
ერთად ვიდგეთ რა. ხე იყავი.
სახლი სულ ნუ იქნება. სახლი ჯოხის წვერით მოვხაზოთ. 
ბავშვები რომ ხატავენ ადამიანებზე პატარა სახლებს, ეგეთი.
ერთი ფრაზა ამეკვიატა მერე:

”აღმდგარი ყველა ლაზარე,
ჩემი ლაზარე - არა.”
არავის ვუთხარი, რომ არ გწყენოდა, მეგობარო.
ცოტა დავმშვიდდი.რაღაცები დაილექა. მგონი. წყალში რაიმე საგნის ჩაგდებასავით, ნელა დაეშვა ძირს. 

ჰოდა, მეძინა, როცა უწვიმია. როცა მოსულხარ.


January 18, 2013

როორი გემო ჰქონდა პურს?
რა ეწერა წიგნში?
ჩემი სიზმარი გახსოვს? 
კარგი.