Pages

December 24, 2012

ბედნიერება რა არისო.
მე რავიცი-მეთქი.
აქ უზარმაზარი თეთრი სპილოები დადიანო წრეზე და როცა ვუყურებ, ვმშვიდდებიო.
მუცელი ხომ აღარ გტკივა-მეთქი?
ხანდახანო. ხელს რომ მადებდიო, გაეღიმა, ახლა პირქვე ვწვებიო და ცოტათი მშველისო.
ადამიანების ხმა დამავიწყდაო. ნუ ლაპარაკობო ეგეთი სველი სიტყვებით, ფეხები მეყინებაო.
ვეღარ ვიტანო ცარიელ კაფეებს, მაგიდაზე დაშტერება რომ იცი ხოლმეო, რომ მახსენდება, უფრო ცუდად ვხდებიო, როგორ ვცხოვრობდით, როგორ ვითმენდითო.
აქეთ სულ თოვსო.
მე ახლა სხვაგან ვცხოვრობ-მეთქი.
მაგ ქუჩაზე იაფფასიანი კაფეები არ არის და ხმაურისგან ფანჯრები მენგრევა-მეთქი.
ძილი რა არისო, ასე რომ ვარ, ხომ არ დაიღალეო.
ხანდახან მინდა გელაპარაკო, მაგრამ პირიდან მარტო ჰაერი ამომდის და ის ჰაერიც მე ვარო, აღარ დავრჩიო.
ბექამ.

November 30, 2012

რა დაგვემართა?!

ვზივარ და გიხსნი, სისხლი შედგება ერითროციტებისგან,  ლეიკოციტებისგან და თრომბოციტებისგან.

რა საიმედოდაა ჩაკეტილი თითის ფალანგები, ათი დაგუბებული მდინარე.
მე არ მინდა ისეთი სიბერე, პურის და რძისთვის გათენება და გზაზე გადაბობღება, ჩემზე ჯანმრთელმა მეგობარმა რომ მომაკითხოს და ლარნაკში ყვავილები ჩაალაგოს, რომელსაც ვერ ავწევ.
ართრიტი.
იცი როგორ მიყვარს ხიდან ვაშლების ცვენის ხმა? 

მიწაზე რომ იყრებიან. თითქოს ბავშვები აბაკუნებენ ფეხებს ჩიტის საფლავზე.
წერო წევს დედაჩემის თბილ, უნაყოფო მუცელში.
ნისკარტმოცარული წერო.
და შიგნიდან უკეთებს ხარაკირს ჭაღარა დედაჩემს.
შენ გინდა ვცხოვრობდე პირველ სართულზე ან ოთახს არ ჰქონდეს ფანჯრები.
შენ ასე არავინ...

ხანდახან მინდა მეცვას ძველი პალტო, ჯიბეში გამხმარი იებით, და დავდიოდე ტომრებით სავსე დერეფნებში უთავბოლოდ.
მოდი, გადავარჩიოთ მტვერი. დავახარისხოთ.
ტანსაცმლის მტვერი ჩავკეტოთ კარადაში.
ხალიჩის - ძაღლს ავკიდოთ.
ქუჩამ თავისი წაიღოს.
და დაგვრჩება მყარი თიხა, რომელიც ჩამოატყდა სიტყვებს, ასე საგულდაგულოდ რომ ვინახავდით გრძელი ზამთრისთვის.
თითი რომ გამეჭრას ძახილის ნიშნებზე და ტირეებზე, თავიდან აგიხსნი, რომ სისხლი შედგება ერითროციტებისგან,  ლეიკოციტებისგან და თრომბოციტებისგან.
არც კი დავიღალე, ისეთი ცარიელი დღეებია.
შემიძლია ჩემი წილი ჰაერი ქაღალდის კოლოფებში ჩავალაგო, ძაფზე ავასხა და მაჯაზე გამოვიბა.

და ვივლი. 

ფილმებში რო ნისლიანი კადრებია და ხეები რომ ირწევიან, სახურავები ტივტივებენ, ისე.
გახსოვს ის დღეები, ბევრს რომ ვხატავდი.
აჩრდილები შემოგვეჩვივნენ. თვალები არ ჰქონდათ. არც თმები. დამდგარი წყლის სუნი ასდიოდათ.
ვერაფრით მოვაშორეთ სახლს. ზოგის ხელები კარის სახელურს შეეზარდა, ზოგი სარკესთან გაიყინა, ზოგიც საწოლის ქვეშ იატაკს დაეკრო.
მერე ჩვენ წავედით იმ სახლიდან და ახლა ალბათ ფანჯრიდან ბალახები გადმოდის.
იქ ალბათ ყველგან ხავსია და ცარიელი ნიჟარები.
შენ - ასე ქაღალდივით მშრალი და ფერმკრთალი, მე ასე მსუბუქი, ფუღუროებიანი, ძველი პალტოს ამარა, ხელის ამოჩემებული მოძრაოებიბით, ვზივარ ფანჯარასთან სარწეველა სკამზე და გიხსნი:

სისხლი შედგება ერითროციტებისგან, 
ლეიკოციტებისგან
და თრომბოციტებისგან.

November 7, 2012

ხე ვარ.

October 19, 2012

როგორც მშობლები პატარაობაში, ისე მე ჩემს თვალებს ვეუბენბი: ”ამის ყურება შენთვის არ შეიძლება!”
ოღონდ თვალები ვერ გადიან სხვა ოთახში, ვერ ეკვრიან ფანჯარას ან რადიატორს, თვალებს არ შეუძლიათ ამოირეცხონ კადრები, რომლებშიც სისხლიანი ბავშვი დედის საშოდან სპირტიანი მაკრატლით პატარ-პატარა ულუფებად გამოაქვთ. თვალებს არ შეუძლიათ მეგობრის საფლავზე ოქროსფრად ამოტვიფრული თარიღის თოვლით გადაფარვა, ციფრების, ასე თვალისმომჭრელად რომ ბზინავენ მზეზე და იწონიან შენთვის იმაზე მეტს, ვიდრე რომელიმე ბნელი თარიღი გენოციდის ისტორიაში.
როგორია, იჯდე აივანზე და უყურებდე, როგორ დაათრევს ვიღაც კაცი მარილით სავსე ტომარას  სახლის გარშემო, ან წრეზე რატომ დადის, ან რატომ მაინც და მაინც მარილით დამძიმებული, ვერ ხვდები, და თუ ბევრს იფიქრებ, ადგები და რაც სახლში მარილი გაქვს, გამოზიდავ და ფეხთან დაუყრი.
შენ მე მასწავლე, როგორ არ მინდოდეს ყველაფერი.
ვიწვე. შუბლიდან ამომდიოდეს ხე და სველი თითებით ხორკლებს ვურბილებდე.
მეტი არაფერი.




August 13, 2012

შვიდი ცალი კონვერტი ვიყიდე.
ამდენს ვერ მოგწერ.
სათქმელი ისევ იმდენივეა, რამდენიც აქამდე იყო.
ისეთივე ბანალური და  დაუვარცხნელი.
აქ ისევ უყვართ საათობით სხვების ფანჯრებზე მიშტერება.
აქ ისევ ენატრებათ სიყვარული, რომელიც რაღაც უცხო ხილი ჰგონიათ, ციდან რომ უნდა ჩამოვარდეს ან ლატარიაში მოიგო, კარს კი არავინ აღებს.
აქ ისევ შავი ფერის ტანსაცმელი იყიდება ყველაზე მეტად.
აქ ისევ უყვართ უდედ-მამო ტელე-გმირები, განსაკუთრებით თუ ისინი ჯერ გაშორდნენ, მერე კი დახოცეს.
აქ გამარჯობას აუცილებლად მოსდევს ”როგორ ხარ”, ოღონდ პასუხს არავინ უცდის, უბრალოდ ამბობენ, ”გამიხარდა შენი ნახვა”.
აქ შვილს აუცილებლად უნდა ერქვას ბაბუის ან ბიძის სახელი, რომელიც სასურველია იყოს მკვდარი და ბავშვს მთელი ცხოვრება უჩიჩინონ, რომ ის იყო სამაგალითო და რომ ის მოკვდა. 

აქ ყველა თამამი შეყვარებული ბოზია.
აქ ორი ღმერთია. ერთი - პატრიარქი. მეორე - თვითონ ღმერთი.
აქ ყველა, ვინც წერს, მწერალია, ყველა, ვინც იცის რომ ”ვარდის” რითმა ”დარდია”, პოეტობს.
აქ...
აქ...
ამომივსე პირი ქვიშით და მქონდეს ლაყუჩები სადმე მაჯასთან, გრძელი სახელოებით რომ დავიფარო და შეუმჩნევლად ვიარსებო.
და თვალებში ნიჟარების ჩაწებება არ დაგავიწყდეს.
როგორ ხარ ახლა? როგორ გაუძელი იმ ამბებს?
როცა შენი წილი ჰაერი ფილტვებს ვერ პოულობს და მკვრივდება,
მაშინ სასუნთქი გზები ემსგავსებიან მკვდარ ქალაქს,
რომელიც მარტო შენი ვერ იქნებოდა
და თუ ჩემიც იყო,
ასე უმისამართოდ არ უნდა გამქრალიყო. 
მუცელი სავსე მაქვს ქვებით და ყვავებით
და რენდგენის დაფას ფართო თვალებით მიშტერებულ ექიმს ვუხსნი,
რომ სიურრეალისტური ნახატები და
საშინელებათა ფილმების კადრები ვჭამე...
ფანჯარასთან რომ გახუნებული მწვანე დივანი დგას, 
შენსა და ჩემს წარმოსახვით სახლში,
იმ სახლში რომ ხის კიბით ადიხარ,
მორყეული მოაჯირი აქვს კიბეს.
ჩვენ სულ ბოლო სართულზე ვცხოვრობთ.
კარი ყავისფერია, საფოსტო ყუთით.
ოთახიდან ოთახში დაბაჯბაჯებს პატარა ჩალისფერი პონი.
მაგრამ არაფერი.
აქ ახლა მე მარტო ვცხოვრობ.
გამარჯობა, თუთა.
შენ ისევ ცარიელი ჩანთა დაგაქვს.
დგები რვაზე.
პირველ რიგში გაყინულ წყალს სვამ.
შარვალს კართან და ფეხსაცმელებს ქუჩაში იკრავ.
რადიოში პირველი შედიხარ.
ჩართე ყველაფერი, რასაც ღილაკი აქვს.
გაასწორე დრო, 
შეიყვანე ინიციალები, 
რომ დღე რაღაც მატრიცასავით აეწყოს და დაქანდეს.
საღამო გარეთ არის.
სხვებიც გარეთ არიან.
რა გეშველება, მეც კი ვერ გეტყვი!
თუთა, ნახვამდის!
გამარჯობა, საბა.
როგორ ხარ ახლა?
 როგორ გაუძელი იმ ამბებს? . . . . . . . . .


July 15, 2012

ბოდიში რა, ბოდიში.
ვერ მოგიარე.
ვერც საკუთარ თავს.
ჩემნაირ იდიოტებთან ვერ მიგასწავლი.
არსად მეგულება.


July 7, 2012



















გამარჯობა.
ჩემთან ხე არის.
ხე თაიმ გამაცნო.
მე წყალი მაქვს შენთვის.
მე მაქვს შენთვის მუყაოს კოლოფებში ჩაკეცილი ქარი.
არ გახსნა.
ქალაქი იარსებებს მანამ.
მე მაქვს ცარიელი ფლაკონების მუსიკა.
მოჭრილი ხელების ტყე და, ანუ, როცა ცა წითელია, ქარი იქნება.
ანუ შენ გახსნი კოლოფებს და კიბეზე დავიმტვრევ კეფას.
დაიძინე.
სამხრეთით არის ტბა, ამოვათრიოთ ჩრდილები და მაჯებზე გამოვიბათ.
გაშრებიან და უფრო მსუბუქად ვივლით.
ან ისინი გვატარებენ.
მიმართულებებს მაინც ვერ ვარჩევთ, რახანია.
უფრო ახლოს დადექი. და იდექი.
ხელები არ დაგცვივდეს.
ისრების ნუ გეშინია.
სიზმრების ნუ გეშინია.
ნუ გეშინია.
კარი დარჩა დერეფანში. კარი გადარჩა.
სახლში სხვა ვინმე შევა და იცხოვრებს.
იმ სხვას ჭერის ხერხემლით გამაგრება არ მოუწევს.
იმ სხვას გულზე არ დააწვიმს.
ის სხვა დაიმსახურებს ყოფნას.
სამყარო დიდია.
პური მათი არსობისა - ცოტა.
მიწაში ჩარგე ნესტოები.
მიწისქვეშა ბლანტ, ბნელ მდინარეებში ჩადგი ტერფები.
და ხე იყავი.
ოღონდ ნურასდროს გახსნი კოლოფებს...


June 18, 2012

რა მოჩანს დახურული ფანჯრების მიღმა


ნეტავ ხეებს ესწავლათ ლაპარაკი.
ზურგსუკან გადაჯვარედინებული ხელებით არ მომიწევდა სიარული.
ამ ეზოში, ბაღში, ამ მინდვრებზე, რომელიც ჩემი ბოლო გაჩერებაა. გავშალეთ კარავი ჩვენ და შენმა სიკვდილმა.
ის ისევ ჩვენზე ძლიერია. ჩვენ - ისევ მასთან შეკრულები.
და მოვიდა დილა, სახელად "გიორგის მწარე სიგარეტი". 
და მოდიხარ შენ, სველი ტანსაცმლით, მტვრით და ყვავილებით.
და შენს ხელში ყვავილები ხარობენ, ფესვებს იდგამენ და მაჯას გითოკავენ. შენს ხარჯზე იზრდებიან.
და ვდგავარ მე. აქ სხვა არავინაა.
ვითვლი ათამდე და მერე უკან.
ჰაერი კრიალებს.
ჰაერი გარეცხეს და გაფინეს ყოველ ნაბიჯზე. 
ახლა წავიქცევი.
ვამბობ და ფილთვებში ჰაერის ნაფლეთებს ვიყოლებ.
შენ მე წამიყვანე სახლში, სადაც ღამღამობით მხოლოდ ობობები ყეფდნენ.
შენ მე მაჩვენე ჩრდილებად ქცეული ფოტოები.
შენ მე დამაწვინე ხის გრძელ სკამზე და მითხარი, რომ დრო იყო, მოვმკვდარიყავით.
შენ ჩემთან თამაში არ ისურვე.
შენ მომთხოვე სულმოუთქმელად ამომეხაპა წვიმით სავსე გუბე, მე კი კოვზი მომქონდა.
მე კოვზი მქონდა პატარა, ვერცხლის, გაღუნული ტარით.
ეს სახლი სულ აქ იდგება, ჩემს ხერხემალზე. ჩვენ აქ ვიცხოვრებთ და ვერასდროს გარეთ ვერ გავალთ.
და როცა ბოლოს, უგზოები, უმისამართოები, კბილებით ამოვხრავთ იატაკს, დავინახავთ, რომ ჩემივე ხერხემლის მალები ამოვკრიფეთ კბილებით, ამოვგლიჯეთ ყბების მთელი ძალით მოჭერით.
და ერთი ამოსუნთქვით გავთავდებით.
რა მოჩანს დახურული ფანჯრების მიღმა?



March 8, 2012


მე დავიღალე, მეგობარო.
შენ ხომ იცი გზა, უჩემოდაც გაიგნებ.
დავწვები ცემენტის ფილაზე და ხელებს წყვდიადში ჩავაწობ.
გახსოვს? ვისხედით იაფფასიან კაფეში და ვაშლის ღვეზელს ვიყოფდით.
შენ თქვი, რომ ჩვენი მეგობრები მალე დაემსგავსებოდნენ მკვდარ მწერებს რაფაზე,
რომ შენც ბრმა ფრინველივით უნებურად გაფრინდებოდი გაზაფხულზე ოთახის გასანიავებლად გამოღებული ფანჯრიდან.
მე კი სულ უფრო მიჭირს ველოდო, ღამურად ქცეული, როდის მოაწყდები საიმედოდ დაგმანულ ჩემს ფანჯარას.
მე დავიღალე, მეგობარო.
რაფა გაივსო მკვდარი მწერებით.
აღარც გაზაფხულზე ვხსნი დარაბებს,
მხოლოდ, მზიან ამინდში როცა აივანზე გადმომდგარი ქალი ლეიბებს ბერტყავს, ვხვდები, რომ სამყაროს, რომელიც ჩემს მიღმაა, გული უცემს.

January 11, 2012




სულ ნაპირებით ვიარეთ.
შუაღამით ჩაქრა მეთევზის ქოხში ლამფა.
ზღვა ჯერ გზაში იყო.
მეთევზის სიზმარში გამომეღვიძა.
თმები სცვიოდა თაის.
დედამ უთხრა - შემოდგომააო.
თაის თვალში თევზმა დატოვა ფარფლი.
არ დაიძინოო, დაუბარა.
იცოდე, ფირი გაწყდება,
თუ ხეს ჩიტებისგან დაბერტყავ-მეთქი.
მაინც აჩხაკუნებდა.
რამდენი ზამთარი მოიტანა,
რამდენი გაზაფხული არ გამოუვიდა.
რამდენ შემოდგომაზე დაეღვარა მელანი.
არასდროს წავიდეთ-მეთქი ტყეში, თაი.
მამაჩემი წიფლისგან ჩარჩოებს აკეთებს
და მერე იმ ჩარჩოებში ბოტანიკის წიგნიდან გადახატულ ხეებს სვამენ-მეთქი
სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.
ის ხეები კიდევ ახალ ხეებს აჩენენ
ღამით,
მერე ყველა ტოტი
უკან, მამაჩემთან ბრუნდება
და პასუხს თხოვენ-მეთქი უსამშობლობისთვის.
მისმენდა და გაცვენილ თმებს
თითზე იხვევდა,
რომ მერე დედისთვის ეთქვა:
სულ ეს არის მთელი შენი შემოდგომა!..