Pages

December 6, 2011

ვილნიუსი. ქალაქი არსად. ქალაქი - აგვისტომდე.
შორია.
არ ვიცი, იქ ნისლები უ იცის, მაგრამ გამრუდდა გზა შენამდე.
მიყიდე მწვანე ხელთამანები და გათბები. შენ გათბები და ჩემს ხელებს ისევ ჩაებღაუჭებიან შემცივნული ბეღურები წითელი ფეხებით.
ჩაი გირჩევნია თუ მწიფე სინათლის ამოკრეფა ფინჯნიდან?
მიდის მატარებელი. წერილები ყვავებმა წაიღეს.
რომელიც პირველი მიასწრებს განთიადს, იმას შეიწყალებს მზე.
მზეს არ ვუყვარვარ-მეთქი გითხარი და მას მერე მგონი ეჭვით უყურებ ცას.
მზე მაინც მჯობია ათასი თვალით.
ათასი ხელით, შენს მხარზე რომ ასვენებს და თეთრი დოლბანდით გმოსავს.
მეგობარი მეკითხება: "ჩვენ ვაჯობებთ თუ ყველაფერი?"
უპასუხე.
მერე მელაპარაკე, მომიყევი, როგორ დაბურეს ელფებმა ტყის ცისფერი ნაწნავებით ყველაზე მშვიდი ნაპირი,
როგორ შევრჩით ჩვენთვისვე მოგონილი ზღაპრებისთვის გარღვეული თვალის ამოყვანას
და როგორ გადაფარა თოვლმა უსიცოცხლო ძაღლები მარხილებიანად.
თქვი, რომ ეს ბოლო იყო და ამის იქით ცა საშობაო ნათურებს დაუშვებს წვიმასავით,
რომ იქნება სინათლის თავსხმა
და შენი პეშვებიდან დავლევ კამკამა სითბოს.
...
ვილნიუსი. - ქალაქი არსად.
ქალაქი აგვისტომდე.
ასე შორი.


No comments:

Post a Comment