---
სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევირქვათ სახელები და შევერიოთ რომელიმე ტროტუარზე შავი ადამიანების ტალღას.
ნაცრისფერი, ...
დამპალი ჟოლოსფერი, ...
ბინძურ წყალში ჩამბალი თალხისფერი, ...
ჩემი სიზმრებისფერი - ღამეებია და ზიხარ კუთხეში, თითქოს სივიწროვე და უგასაქანობა არ გყოფნიდეს.
სისხლის გაქვავებამდე შემოჭერილი პერანგით, ოფლიან შუბლზე მიწებებული თმებით ზიხარ.
მე ამ დროს გარეთ თუ სადღაც ვდგავარ და ვყვირი, ვიღაცას ვეძახი, ვინმეს, ვინც მოვა სირენების ხმით, წითელ-მწვანე სანათურებით და გვიშველის, ოღონდ არ ვიცი, სად, რაში, როგორ.
მრავალკუთხეებიანი სიტყვაა კატარაქტა, ბასრი ნაპირებით გადენს ცრემლს თვალებიდან და არა მისი თვისებით.
ანემია - რბილი, მოთვინიერებული, დაიყოლიებ.
ჩვენ კი არ ვიცით, რომელი გვჭირს.
შენ სულ მთხოვ რამე ვთქვა, თუნდაც ცარიელი რვეულის ფასი, თუნდაც ერთი ქათქათა ფურცლის. ოღონდ რამე დამცდეს, ხმის მავთულზე გაკიდებული, წვიმის წვეთებივით... ზედ ასხმული კავშირებით, შორისედბულებით, პაუზებით, მაგრამ მე ვერ...
მე მგონია, რომ უკვე მყავხარ იქ, სადაც თუ ხარ, გეცოდინება, რაც ხდება იქ, თუ არ ხარ, აღწერას აზრი არ აქვს.
მე ვგრძნობ, რომ ხარ.
ბუნდოვანია ყველაფერი და ისე ახლოა სიგიჟესთან, ისე სრულად ეტევა მის უფორმო ყალიბში, შეიძლება ერთხელ შენ დაგიძახო და იოდისსუნიანი თეთრი ქალები შემაღოღდნენ მკლავებზე რეზინის თითებით, ჭიებივით.
"ცუდად ვარ, თუთი".
გატყდა. დახეთქილი ნაპრალებიდან შხეფი სასიკვდილო სალუტებს ისვრის ცაში. ცა შენი აღარ არის და მით უფრო არც ჩემი.
ვერ გშველი.
უნდა იყო ცუდად და ჩემი.