რა დაგვემართა?!
ვზივარ და გიხსნი, სისხლი შედგება ერითროციტებისგან, ლეიკოციტებისგან და თრომბოციტებისგან.
რა საიმედოდაა ჩაკეტილი თითის ფალანგები, ათი დაგუბებული მდინარე.
მე არ მინდა ისეთი სიბერე, პურის და რძისთვის გათენება და გზაზე გადაბობღება, ჩემზე ჯანმრთელმა მეგობარმა რომ მომაკითხოს და ლარნაკში ყვავილები ჩაალაგოს, რომელსაც ვერ ავწევ.
ართრიტი.
იცი როგორ მიყვარს ხიდან ვაშლების ცვენის ხმა?
მიწაზე რომ იყრებიან. თითქოს ბავშვები აბაკუნებენ ფეხებს ჩიტის საფლავზე.
წერო წევს დედაჩემის თბილ, უნაყოფო მუცელში.
ნისკარტმოცარული წერო.
და შიგნიდან უკეთებს ხარაკირს ჭაღარა დედაჩემს.
შენ გინდა ვცხოვრობდე პირველ სართულზე ან ოთახს არ ჰქონდეს ფანჯრები.
შენ ასე არავინ...
ხანდახან მინდა მეცვას ძველი პალტო, ჯიბეში გამხმარი იებით, და დავდიოდე ტომრებით სავსე დერეფნებში უთავბოლოდ.
მოდი, გადავარჩიოთ მტვერი. დავახარისხოთ.
ტანსაცმლის მტვერი ჩავკეტოთ კარადაში.
ხალიჩის - ძაღლს ავკიდოთ.
ქუჩამ თავისი წაიღოს.
და დაგვრჩება მყარი თიხა, რომელიც ჩამოატყდა სიტყვებს, ასე საგულდაგულოდ რომ ვინახავდით გრძელი ზამთრისთვის.
თითი რომ გამეჭრას ძახილის ნიშნებზე და ტირეებზე, თავიდან აგიხსნი, რომ სისხლი შედგება ერითროციტებისგან, ლეიკოციტებისგან და თრომბოციტებისგან.
არც კი დავიღალე, ისეთი ცარიელი დღეებია.
შემიძლია ჩემი წილი ჰაერი ქაღალდის კოლოფებში ჩავალაგო, ძაფზე ავასხა და მაჯაზე გამოვიბა.
და ვივლი.
ფილმებში რო ნისლიანი კადრებია და ხეები რომ ირწევიან, სახურავები ტივტივებენ, ისე.
გახსოვს ის დღეები, ბევრს რომ ვხატავდი.
აჩრდილები შემოგვეჩვივნენ. თვალები არ ჰქონდათ. არც თმები. დამდგარი წყლის სუნი ასდიოდათ.
ვერაფრით მოვაშორეთ სახლს. ზოგის ხელები კარის სახელურს შეეზარდა, ზოგი სარკესთან გაიყინა, ზოგიც საწოლის ქვეშ იატაკს დაეკრო.
მერე ჩვენ წავედით იმ სახლიდან და ახლა ალბათ ფანჯრიდან ბალახები გადმოდის.
იქ ალბათ ყველგან ხავსია და ცარიელი ნიჟარები.
შენ - ასე ქაღალდივით მშრალი და ფერმკრთალი, მე ასე მსუბუქი, ფუღუროებიანი, ძველი პალტოს ამარა, ხელის ამოჩემებული მოძრაოებიბით, ვზივარ ფანჯარასთან სარწეველა სკამზე და გიხსნი:
სისხლი შედგება ერითროციტებისგან,
ლეიკოციტებისგან
და თრომბოციტებისგან.