Pages

March 13, 2013

რამდენი ვინმე შემოვისახლეთ ამ ჩვენს სიტყვებჩაცვენილ ამბავში.
მოდიან და დგანან, თითქოს შერჩნენ სანახაობას, ბავშვი რომ გადმოვარდა  მეთორმეტე სართულიდან. 
რამდენჯერ ამოვიძირკვე მაჯებიდან მწიფე ბროწეულები, სანამ პირს დააღებდნენ, ტოტებიანად ამოვკაფე, მაგრამ ისწავლეს საიდუმლო გზები და ახლა სადღაც კეფასთან მიბრდღვიალებენ.
სახლშიც ვერცხლისფერი ბიდონებით სისხლი მიდგას და ყოველ დილით თავს ვხდი, ვამოწმებ, იქიდან დამყაყებული წყალმცენარეები და გაღუნული ლურსმნები ამომაქვს. 
როგორ მოვიგერიო-მეთქი ეს გავარვარებული სატევრები, არც თვალისკენ, არც გულისკენ დამიზნებულები, პირდაპირ მუხლებისკენ რომ მოექანებიან, მაგრამ ზუსტად მაშინ, როცა სულ რამდენიმე ნაბიჯის სიახლოვეს არიან, ბავშვი გადამირბენს ხოლმე წინ და მე ისევ მთელი ვარ. 
ყველგან, სადაც ვიყავი, ამ გალურჯებული თოჯინების სასაფლაო დავტოვე.
და რასაც ხელს ვკიდებ, ან ზედ მრჩება კანი, ან მიცურდება თითებიდან და ვერაფრით ვიხელთებ, ვერაფერი მოვითვინიერე.
ხომ შეიძლება, როცა ასე ათასი ფიქრით და ჩვენი მართლა სიტყვებ ამოყრილი ამბებით დამძიმებული, ვწევარ მიწაზე, მაშინ სადმე ხელთან ამოვიდეს ერთი ბალახი, თოთო ფოთოლი მომაფინოს თითის ბალიშზე და მომიყვეს შენი ამბავი.

No comments:

Post a Comment