Pages

February 25, 2013

შეხედე.
ეს არის ხელი. შენკენ გაშვერილი და გაშეშებული გამხმარი ძვალი.
ეს ჩვენი მეგობარია შიგნიდან ჩაკეტილი ორი თვალით.
ეს არის ხე, რომელსაც იოდიანი ცხვირსახოცით შევუხვიეთ დამსკდარი ტოტი.
ეს შენი ძაღლია, ცოცხალი თავით შინ რომ არ მიდის და უცხო სადარბაზოსთან იწურავს სველ ტანს.
ეს ჩვენი სკოლაა, ფანჯარაზე მიწებებული ცალხაზიანი ფანტელებით.
ეს არის სკამი, გადმოაბრუნე და ქვეშ მიწებებული საღეჭი რეზინების სიჭრელე ერთ გაზაფხულს ეყოფა.
ეს შენი ფეხსაცმელებია, შიგ ჩამდგარი სიბნელე რომც ამოცურდეს, ვერ დატოვებს გზაზე ვერცერთ ნაფეხურს.
ეს ჩემი მაჯაა, საიდანაც ბროწეულის მარცვლები მოცოცავენ.
ეს ჩვენი ქალაქია, კეფაში გაყრილი ჟანგიანი, წყვილი ლიანდაგით.
ეს - შენი სახლი, ძველ შპალერზე ამოსული რეზინის ყვავილები იკბინებიან და ყველა კუთხიდან ქრის. ჩვენ რომ ვცხოვრობდით, მაშინ ასე არ ციოდა.
ეს ჩემი აბებია, ზოგიერთებს შენ არ იცნობ. დროდადრო დავიმსახურე.
ეს ჩემი პერანგია, დაფლეთილი სახელოებით.
ეს ჩემი თითები, სისხლის წასკდომამდე დაჭმული ფრჩხილებით
და ეს ჩემი თმები, დანით მოჭრილი, შავი გველებივით უსულოდ ყრია ძველ გაზეთზე.
ეს შენი სურათია, ჩემს თვალებში ჩატკეპნილი ბოლო სისხლიანი კადრი.
ეს კი მე ვარ, რომელიც ხედავს გადამწვარ ველებს და წერს: ხეებმა ყველაფერი გაიგონეს.

No comments:

Post a Comment