როგორ ჯიუტად ჰგავს აქ წერა შენთვის მოწერას.
როგორ მომენატრა შენთან ლაპარაკი.
დღეს უფრო.
როგორ მომბეზრდა ძველი ამბების საკუთარი თავისთვის მოყოლა და სიმღერები, რომლებიც შენ მომასმენინე, მათ სუნი და ფერი დაკარგეს.
ღრმულები გაჩნდა-მეთქი. ყველაფერი ავად არის.
მე სადღაც სხვაგან შევუხვიე.
არ ვიცი სად ვარ. რაც უფრო ვივლი, მით უფრო ვერაფერს ვიცნობ.
იქნებ ჩვენი დღეებიც დამავიწყდეს.
მე კი არ მინდა!
არ მინდა-მეთქი, შენ ვერ გაიგებ. შენ საერთოდ არ იცი, როგორ შეიძლება სამი გზა ერთ წყვეტილ ხაზად იქცეს.
ერთხელ ეს სახლი აფეთქდება. ერთხელ ფანჯრები ალისფერ ენებს გამოყოფენ.
ერთხელ რამე მოხდება, რაც, ბოლოს და ბოლოს, გამაოცებს.
ერთხელ ხეებთან დავწვები. ხეებიც დაწვებიან და ყველა იტყვის რომ ქარი იყო.
მე არ ვიტყვი, რომ შენ იყავი.
No comments:
Post a Comment