Pages

April 12, 2010




სად აპირებ გათენებას, სად იძინებ ამაღამ? ქარია გარეთ. ბნელში უცნობ სილუეტებს მოერეკება და ჩემს კართან აქუჩებს შემოდგომის უსულო, მშრალი ფოთლებივით. საშველი რომ მაინც არ ჩანს?!
ვრეცხავ შენს პერანგებს, ჯინსებს... ვერ ამოვიყვანე საყელოდან სისხლის ლაქები, გძინავს დაუსრულებლად და კისერზე შემოგფენია სიკვდილის ვარდები. იქნებ მეც უნდა ავუქნიო ხელი ყველას და სარკის წინ გადავიჭრა საძილე არტერია, იქნებ მოვიდე შენთან. არ მიმიღებ, მე ხომ ვიცი! მოვალ, ბე, შენთან, დავრჩები შენთან, ბე...
აქ არავის ესმის ჩემი, ისედაც უშენოს, უყველაობა მომისაჯეს და რა უნდა მექნა, ამოვფიცრე დარაბები, კარი ამოვქოლე. გახსოვს, რომ მითხარი, ფარდა ჩაიცვი და ჩემს ოთახში იშრიალეო, ხმა ჩაუწყდათ ფარდებს, გიახლოვდები ასე მოპარვით, ჯაშუშივით. ცხელი ხარ ბე, შენი სუნთქვა ხელებს მწვავს. სასთუმალთან ჩამოგიჯექი და ფარვანასავით შემომადნა ფრთები. 

 იასამნებს დაგიყრიან საფლავეზე ვალმოხდილებივით და მიწის სუნით გაბეზრებულები იტყვიან: "დროა, წავიდეთ!" მარტო დარჩები მათზე დაღმა და ვერ დამიძახებ, "ჩემთან მო, ცაცუნა"... მე მგონია, რომ მემდური და არ მიმიკარებ, ამიტომ ვრჩები შინ და უკვე მერამდენე არგადადგმული ნაბიჯი მტკივა.
წამოგყოლოდი! ვინ დამიშლიდა! საბნებით და სკამების შემოჯარვით ავაშენებდით სახლს ოთახში, ხმამაღალი სიცილისთვის რომ დაგსჯდიდნენ, იმ სახლს შევეფარებოდით და ვიჩურჩულებდით თითებით, სახელოების დაგრძელებით.
მე სულ რაღაც ერთი სიცოცხლით დავიგვიანე შენთან. წამოვალ ახლა. დავტოვებ აივნებს, ქალაქს… იქ შენს ნაბიჯებს მოვაგროვებ ოთახის კუთხეში და მივუწვები, შენს მოთვინიერებულ ისტერიკებს, შენს ნამთვრალევ ყვირილებს და ბოდვებს გავუყუჩდები.
არ შეგძლებია მაჯებით სუნთქვა. ჩემსავით წყალში ცხოვრება ვერ იგუე და ძალიან მაღლა ახვედი. შეგეძლო ჰაერი წყლის ვარდისფერი წრეებივით გეყლაპა. მოვიდოდა ვინმე ერთხელაც ჩვენს საშველად. აქაც გიმტყუნა ქედმაღლობამ, არ გამოგადგა! იუკადრისე, რომ ვიღაცას უნდა მოეკიდა ჩვენთვის ხელი და ამოვეყვანეთ. მარცხნივ წახვედი, მე კი იმაზე დაბლა ვარ ახლა, ვიდრე შენ გგონია, ვიდრე შენ გახსოვს.
მზეზე რომ მიგეწვას გამხდარი მხრები, მე ვერც გავიგებ, იქ მკურნალი ანგელოზები შეგიხვევენ ალბათ ცის არშიებით, როგორ მეზიზღებიან, რომ იცოდე!  იმათ ხომ ჩემზე მეტად უყვარხარ და კიდევ ბევრს მოასწრებენ, სანამ მე შენამდე მოვალ, სანამ მე შენთან მოვალ...

No comments:

Post a Comment