ძილი, რომელიც არ გაგიჭირდება, რადგან ხანდახან კიბის ქვეშ სიბნელეში უნდა დაიმალო, თვალი დაუხუჭო ღამით ქალაქში შემოპარულ აჩრდილებს. ყეფენ ძაღლები, ქაღალდის ეტლით შემოსულ ფერიებსაც აფრთხობენ. ვინ დაგეშა ასე, ვინ გაუჩრა პირში ეს ბოროტი სიფხიზლე.
მშვიდად... მშვიდად...
ჰაერში თითებით გიხატავ მორისონის თეთრ ბავშვებს სამეფო ბაღიდან. ქუთუთოები გიმძიმდება და ახლა თვალდახუჭული მისმენ. სიტყვები თანდათან კლებულობენ, მერე უკვე აღარცერთი გესმის და მიცურავ ნაცრისფერი სიზმრისკენ. ჰო, შენი ნაცრისფერი თოვლი და სივრცე, სახურავი დაამძიმა და ლოლუები ჩამოაყრევინა. დილით ჭიშკრამდე გავტკეპნი თოვლს და იოლად გახვალ. ახლა ეს სიზმრები!!! წაწვეტებული, ბასრი პირი უნდა მოვუმრგვალო, მხრები რომ არ დაგისეროს. არ გვინდა არც ზღაპრები და არიადნას ძაფის გამოგორება, გახსოვს, პეპლები თავისკენ რომ გაიტყუეს და ჩვენ ცხრათავა დევები მოგვისიეს... აღარ გვინდა. გამოვიგონებთ სხვა სმყაროს მე და შენ. ასანთის ღერებით შემოვღობავთ, პურის ნამცეცებს ჩამოვურიგებთ ობოლ, სახემოთხუპნულ ბავშვებს.
გძინავს,
ხმას ისე ვადაბლებ, მეც კი არ მესმის, ვოგანი ისევ ნერვიულად წელავს სიმებს, აი იმ ფანჯარაში ისევ ანთია ბლანტი, ცისფერი სინათლე, ალბათ ბავშვს სძინავს. მთეეელი ღამე ანთია... შენ აქ არ დასველდები, არ დაგსუსხავს ღამე. ყინვისგან თითებს არ გადაიმტვრევ, სიმთვრალე გზას არ აგირევს. შენ ახლა აქ ხარ. ჩახჩახა მზის სუნი აქვს შენს საბანს... დროდადრო გაკრთები, თითებს ატოკებ. გახსოვს, რომ თუკი გულმა გატკინა, მხოლოდ ხელი უნდა მომიჭირო, ხელი მომიჭირო და ფარვანებივით გავდენი შენს მოყავისფრო ტკივილებს ოთახიდან...
გძინავს... მავთულებზე ბეღურებივით შემოსხდნენ ლურჯი ანგელოზები. ისინი დუმან, ახლა შენ უგალობ მათ... მე აივნიდან გიყურადებ...
გძინავს...
No comments:
Post a Comment