მეგობარს, ცხრა წლის შემდეგ
არავინაა, ნაწვიმარია, და შემიძლია შენი საფლავის მიწას
ჯოხით ან თითით მივახატო შენი სახე -
ზუსტად ისეთი, ბავშვობაში რომ დავხატე სკოლის მერხზე
და რომ მოგწონდა. შემიძლია, აღვადგინო ბოლო სიზმარი,
რომელშიც გნახე: ველოსიპედს მოაქროლებდი
ჩემსკენ და გუბეს უმიზნებდი, ყავისფერ გუბეს,
ოღონდ, გამწუწე თუ გადავრჩი, აღარ მახსოვს. ცხრა წლის შემდეგ
მე ჩამოვჯექი შენს საფლავზე, ჩამოვჯექი თავის მხარეს -
როგორც მაშინ, ცხრაწლისწინა დეკემბრის თვეში,
როცა დედაშენა ფანჯარა შეაღო,
რადგან ჰაერი ჩამომიძიმდა პალატაში - იმდენნი ვიყავით,
იმდენნი გეცილებოდით ჰაერს, რომელიც ისედაც ცოტაღა გრჩებოდა -
სამი დღის სამყოფი. და ყველამ ვიცოდით, რომ შენ მოკვდებოდი,
მაგრამ მე თავთან გეჯექი და სხვებზე უფრო მშვიდად ვიყავი,
რადგან თავის წამოწევა არ შეგეძლო და თვალებშიც
ვერ ჩამხედავდი. სხვებმა კი
თითქმის ჩაისვარეს. კიდევ კარგი, ლაშამ მოაბა თავი
რაღაც ანეგდოტს. და ვიცინეთ. მაშინ მივხვდი, მას ყველაზე მეტად უყვარდი.
და არა, ხშირად არ მოვდივარ შენს საფლავზე, სადაც ცხრა წლის წინ
ჩაგასვენეთ დალეწილი, 19 წლის, ქერათმიანი,
და როცა მიწა აგუგუნდა შენს კუბოზე, ყველანი მივხვდით,
რომ ეს ხმა ბევრად მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ უშენობა, რომ ამ გუგუნით
ჩვენმა ბავშვობამ მიგვიხეთქა ცხვირწინ კარები.
და არა, ხშირად არ მოვდივარ მე შენს საფლავზე; შენთან კი არა
ვინც ცოცხალია, იმათთანაც ვეღარაფერს ვეღარ ვმეგობრობ
და ვერც კი გეტყვი, სად არიან. წარმოიდგენდი?
არავინაა, ნაწვიმარია, და მე ვიხსენებ შენს სასაცილო სიცილს
რომელიც იმ დღეს, ცხრაწლისწინა დეკემბრის ოცში,
როგორღაც დიდხანს გაგიგრძელდა. როცა უკვე ყველა ვდუმდით და დედაშენიც
როცა ფანჯრისკენ შეტრიალდა, შენ ჯერ კიდევ იცინოდი,
ბოლოს თქვი, ვაი.
სამი დღის შემდეგ იქ არცერთი არ ვიყავით; და კიდევ დიდხანს
ვატყუებდით ერთმანეთს და თავს ვიტყუებდით,
თითქოს იმ წუთში, როცა მოკვდი, რაღაც ვიგრძენით.
ზ.რატიანი
No comments:
Post a Comment