Pages

March 4, 2010

 წერილი ბექას
  ნუ ჩამძახი სულ: "თუთა, ქარია!" "თუთა, ქარია!" შენი სუიციდის შემყურე ხეები ტოტებს ჩემკენ იშვერენ და  მსუსხავენ.
  შუაღამით ცარიელი ვაგონები ხრიგინით გაარღვევენ პატარა სოფლის მდუმარებას და იქნებ შვილმკვდარ დედას სიზმარიც გაუწყდეს.
  შემოდი ჩემს სიზმრებში, გადახსნილი მაჯიდან ბროწეულის ხე ამომივიდა, მისი ბრდღვიალი თვალს მოგჭრის და გამიღიმებ. ქარი ჩემს დარაბებსაც შეუჩნდა, სულ სათითაოდ დახსნა და დავრჩი ასე, ფართოდ გახელილი თვალებით... 

  მოდი პირიქით: თმებს შევიჭრი, როგორც კი დაღამდება, დავიძინებ, მანამდე  ბევრს მოგწერ და გეტყვი სად, როგორ, ვისთან ვარ, ოთახში სკამებს შემოვიტან, ჩამოვხსნი სურათებს, გაზეთიდან ამოჭრილ ფრაზებს, საქსოვ ძაფზე ასხმულ ფანქრებს, მოხატულ თეფშებს დავლეწავ და სტუმრებისთვის განკუთვნილი ძვირფასი ჭიქიდან დავლევ ჩაის. ყველაფერი პირიქით და იქნებ გაბრაზდე, იქნებ ქუჩიდან შენი ყვირილი ამომესმას და ფანჯრები გამოვაღო.
   გაიხადე ეგ თხელი და ლამაზი "კურტკა" (ვიცი, რომ ქურთუკს ეძახიან!) არ გიხდება, არ გათბობს! შიშველი ფეხებით იარე ჩემს ნახატებზე და გთხოვ, ცა სულ ოდნავ, სულ ოდნავ ჩამომიწიე, ფერადი ქაღალდები უნდა მივაწებო და ჩემი ნაადრევი შმოდგომიდან მტვერი გასუნთქო. ასე არ შეიძლება!
   აბა ეს სუფთა ჰაერი ყინულის ვერცხლისფერ ვარსკვლავებად დაგცვივდება პირიდან და მერე მე ვერ გიშველი.
  ბავშვობიდან პატარა ხის ჯვარს ვატარებდი, ახლა რატომ მგონია, რომ ლითონის სველი რაღაც ნივთი მაწუხებს?!

"კარგია, როცა არის სიკვდილი და არის ისიც, ვინც მოკლავს იმას, ვინც სიკვდილი დაიმსახურა. /დ.ბარბაქაძე/
ან პირიქით!


მე

No comments:

Post a Comment