Pages

February 28, 2011


წვიმაში ასფალტზე მიფშვნილი ლოკოკინების ნიჟარების სუნია, ან რაღაცას ვიგონებ, მთელი დღე შენს წერილებს ვკითხულობდი და უცებ გადმოდინდი ჩემგან, ვეღარ დაგიტიე და შეგიძულე სულ რაღაც ორი დღით, ორი ბევრია, ხვალ ისევ მეყვარები, დილით, ძალიან ადრე, დაუყოვნებლივ! დღეს კომპიუტერი მიმყავს ექიმთან და სამი დღე ვერ მოგწერ. ბოკოკო მიყვარს, მე ბოკოკო მყავს და ჯანდაბაში ისეირნე, თუ მოგინდა. სულ არ მეწყინება მეორედ თუ მოინგრევ ფეხებს! ბექასავით გწერ, მან რომ იცის, ყოველი სიტყვის ბოლოს პანღურებს რომ ირტყმევინება...
მეტირება, ისე ძალიან მეტირება, არ იცი, შენ არაფერი აღარ იცი და არავის სახელი არ გახსოვს, ვინც აქ ცხოვრობს და ადამიანს გავს. შენ არც ფიბის იცნობ! სიზმარში მატყუებ, მე იმ ტყუილს გადმოვათრევ ხოლმე ძილიდან და დამაქვს, ღმერთმა იცის სად მიმეძინება რომ მორიგი ტყუილით გამჭყიპო, მე სველი თოჯინა ვარ, ნაჭრის და მახინჯი. თმები მაქვს გაწეწილი და სასაცილო ფეხსაცმელები მაცვია, ოღონდ შენ არ უნდა გაგეცინოს, თორემ ცრემლებს გავასხამ, მე გაჭყეპილი და საცოდავი.
კიდე იცი რისი სუნია? ტახტის უკან რომ არის ხოლმე ჩაჭეჭყილი, სიძველის და რაღაც, ბებიების პალტოებს რომ აქვთ, ზუსტად ისეთი სუნი დგას. დედა ამბობს, რომ ამ დროს ვაშლი უნდა გათალო და მისი ქერქი დაწვა, თურმე სასიამოვნო სუნი აქვს და დიდხანს რჩება. თვითონ კი მალე მიდის. დედა.
იცი, მარიამი რომ წავიდა? იჯექი და შორიდან მიყურებდი, მეც არაფერი ვუთხარი, ყველა მოსალოდნელი სიგიჟე გადავმალე, გავათავისუფლე იმისგან, რისკენაც შემეძლო მებიძგებინა.
ცარიელი ვარ!
საშინელ ფილმს ვუყურეთ დღეს მე და გიომ, იქაც შენი წერილებიდან სასვენი ნიშნები დაფრინავდნენ და სულ მოვიშალე!
წვრილად წერ, ისე წვრილად, რომ ალბათ გინდოდა ვერ გამერჩია.
მინდა რომ ისევ გადამყარო აბები და მდინარესავით მეძინოს, ცხვირზე რომ მაჭერდი თითს და მეუბნებოდი, საცოდავ ლეკვს გავხარო, მაგრამ ეს ისე ძნელია, როგორც ის, რომ წამლები გადამიყარო। ორივე ძნელია და შენ უფრო! ვერ გხსნი საერთოდ. ქვემოთ ბიჭები ჩხუბობენ, ამ ბოლო დროს ისე ადვილად გამომდის თავგანწირვა, რომ შემიძლია იმ ბიჭებიდან ერთ-ერთს სულაც მთელი ხმით ვუთხრა, შენ მაგივრად მოვკვდები-მეთქი.
წავედი მე, შენ ისე ცუდი ხარ, რომ ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები! ნანა მოვა და წვენს მომიტანს, ერთი ამოწრუპვით ამოვხაპავ ბოლომდე. კოლოფი პატარაა, შენ რას გაიგებ!
აბა, მძულხარ ხვალ დილამდე და შენ იცი. დანარჩენს მერე მოგწერ, როცა გადამძულდები და ჩავებერტყები ისევ უაზრო შენთანაობაში, ფსკერი რომ არ აქვს და ზემოდან ტალახი წვიმს.
გარეთ კი სუნია, წვიმაში ასფალტზე გაჭყლეტილი ლოკოკინების ნიჟარების სუნი। :@



No comments:

Post a Comment