Pages

February 6, 2011


კედლებზე თავისი ხელით გააკრა შპალერი. ღია ცისფერი ყვავილები ქარვისფერ წრეებში, ამავე ფერის არშიებით. თაროებზეც თვითონ ჩამოალაგა გროტესკული ლიტერატურის მთელი ანთოლოგია. დიდი ჭაღი დაკიდა ოთხი ნათურით და სიმშვიდე დამაბარა.
ჩამოვა თუ არა, წაიკრავს ქათქათა თავშალს, სახელოებს აიკეცავს და დაუვლის თაროებს, წმენდს მტვერს, ნათურებს აპრიალებს, ბოჭკოების დახევამდე რეცხავს ტანსაცმელს, ფარდებს, მაგრამ დღემდე ვერ მიაგნო სუნს, რომელიც საიდანღაც მძაფრად ჟონავს და მთელ ოთახს ავსებს. მამიდა სველი ტილოთი დასდევს ოთახში სიკვდილის სუნს და ვერაფრით ანელებს.
ანთებს კვარს, სანთლებს, საკმეველს, ჩამოხსნის თვითმკვლელი მეგობრების სურათებს და სადღაც მიუვალ თაროებზე შემოდებს, ქანცგაწყვეტილი ჩამოჯდება საწოლზე და მაინც... სიკვდილის სუნია ოთახში! ისვრის კედელი ნიშადურის და გოგირდის სუნს, ისვრის და ფენა–ფენა ალაგებს იატაკზე.
სიკვდილიას სუნიააა!!! ლავიწის ძვლებს რომ გაგიკავებს და მხრებს შიგ ჩაიტანს. მამიდა კი ტირის, როცა მძინარეს ფჩხილები მილურჯდება და თვალის უპეები მიშავდება. სუნთქვაც ისეთი, თითქოს საიდანღაც მძიმე ვედროებს ეზიდებოდე.
არ ნებდება მამიდა, ჩამოარიგებს თაროებსა და მაგიდაზე ქოთნის ყვავილებს, რაფაზე ვაშლებს ჩამოდებს და მერე მზვერავი მზერით ყნოსავს ჰაერს. გადიან დღეები და მამიდას ახსენდება, რომ მე ვაშლი არ მიყვარს, ყვავილები კი ჩემს ოთახში ზუსტად სამ დღეში ჭკნება.
ერთხელაც გაწყდება ძარღვი. ჩამოხევს შპალერს, წიგნებს გადმოყრის, ნათურებს დახსნის, დახევს ზეწრებს, იმ ჩემი თვითმკვლელი მეგობრების სურათებსაც უდიდესი ნეტარებით დაწვავს.
დილის მზემ მინები გაათბო, ცოტაც შიგნით შემოვიდა, თვალს ვახელ და კედელზე ცისფერი ყვავილების თვლას ვიწყებ. მამიდა კი ისევ დადის ოთახში და სველი ტილოთი სიკვდილის სუნს დასდევს.

No comments:

Post a Comment