
როცა მე მძინავს, შენ, როგორც ოთახში, შემოდიხარ ჩემს სიზმარში და კარი ქრება. ოთახს არც ფანჯრები აქვს და ჰაერს ვიზოგავთ. ვიცი, რომ მალე ამ სიზმარს კონვერტივით დაკეცავ და ერთად გაქრებით. მე ეს ვიცი და ვცდილობ მოვასწრო და გითხრა, რაც უშენოდ გადამხდა.
რომ ვეღარ ვუსმენ ბლუზს, რადგან მგონია ლითონის გავარვარებული ზამბარები მეყრება სახეში.
რომ ვერც შენს საყვარელ ფილმებს ვუყურებ, რადგან ზუსტად შუაში ფირი წყდება და კედლებიდან ქვიშა იწყებს ცვენას.
რომ მე სათამაშო, ფერადი ნიჩბებით შემოვრჩი ამ ომს და რომც გავაღწიო, გვამებზე სიარულს ვერ შევძლებ.
რომ როცა ვუკრავ, კლავიშებში ვაყოლებ თითებს და მძულს ეს სისხლიანი სიმფონია.
რომ თმებს ნერვებივით ვითოკავ და ყოველ დილით ძაფებს ვივარცხნი.
დავკარგე შენი ყველა ფოტო.
ჩვენი მერხები დაჩეხეს.
ბექას ძაღლი მოკვდა.
როცა მე მძინავს, მესმის, როგორ კეცავ ქაღალდს, რომელშიც ჩემი სიზმარი ხატია და ერთად ქრებით, მე კი მახსენდება, რომ რაღაც გამომრჩა, რომ დამავიწყდა მეთქვა: -
მე ვერ ვცხოვრობ, როცა შენ გძინავს.
No comments:
Post a Comment